საქართველო მსოფლიო ფასის დონეს 85%-მდე მიუახლოვდა

პროდუქციის გაძვირების ტემპი მაღალია, ხელფასების ზრდის - მკვეთრად დაბალი

ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან ერთად, საქართველოში გაძვირება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ”ბიგ მაკის” ინდექსის მიხედვით, საქართველოში სამომხმარებლო ფასები მსოფლიო ფასების დონეს 85%-მდე მიუახლოვდა. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების დონე ასევე მსოფლიო მაჩვენებლის 50%-მდეც ვერ აღწევს.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში უკვე 2 ლარს გადააბიჯა. ეს ნიშნავს, რომ ობიექტური მიზეზებით თუ სპეკულაციური ქმედებით სამომხმარებლო პროდუქტის გაძვირების ისტერია გაგრძელდება. საქართველო, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, მსოფლიოში ისედაც ერთ-ერთ ძვირ ქვეყნად არის ცნობილი.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განცხადებით, ”ბიგ მაკის” ინდექსის მიხედვით, საქართველოში ფასების დონე მსოფლიო ფასებთან შედარებით 85%-ის ფარგლებშია. შეგახსენებთ, რომ ”ბიგ მაკის” ინდექსს 1986 წლიდან იყენებენ და ამ ინდექსით ცხოვრების დონის განსაზღვრა 160-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. სისტემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ”მაკდონალდსის”  ჰამბურგერი. ექსპერტების განცხადებით, 1999 წელს საქართველოში არსებული ფასები მსოფლიო ფასების დონესთან 58%-ის ფარგლებში იყო, 2002 წელს - 79%-ის ფარგლებში, 2007 წელს - 80,5%-ის, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 85%-თან მერყეობს. ამერიკის ფასების დონეს კი საქართველო 60%-მდე მიუახლოვდა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკასა და ევროპაში საშუალო ხელფასი და საარსებო მინიმუმი რამდენჯერმე აღემატება საქართველოში ანალოგიურ მაჩვენებელს.

სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ევროპაში საშუალო ხელფასი 2900-3000 დოლარია (6000 ლარი), ამერიკაში - 3350 დოლარი (6700 ლარი), საქართველოში კი 761 ლარი. მაგალითად, ამერიკაში ერთსულიანი ოჯახის წლიური საარსებო მინიმუმი 10 800 დოლარია, ანუ თვეში 1660 დოლარი (3300 ლარი), საქართველოში კი საარსებო მინიმუმი 150 ლარია. ჩვენი საარსებო მინიმუმი ამერიკისას 18-ჯერ ჩამორჩება. ”თუ საერთაშორისო ფასს შევადარებთ საქართველოში არსებულ ფასების დონეს, იგი 85%-ის ფარგლებშია. მეორე საკითხია ეს მაჩვენებელი - მაღალია თუ დაბალი. ყველაფერს განსაზღვრავს ჩვენი მსყიდველუნარიანობა. ამ მხრივ კი ვერაფრით დავიკვეხნით. საქართველოში საშუალო შემოსავალი მსოფლიო დონის ნახევარზე ნაკლებია. ჩვენ ერთეული პროდუქტის შესაძენად უფრო მეტის გადახდა გვიწევს”,- ამბობს სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება რეგიონს, საქართველოზე ძვირი ქვეყანა აზერბაიჯანია, ხოლო იაფი - სომხეთი. ამ შემთხვევაშიც აზერბაიჯანში, ენერგოწყაროების გათვალისწინებით, შემოსავლების საერთო დონე საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ეს ფაქტორი ფასების გაზრდაზე გავლენას ახდენს. ”აზერბაიჯანში სამომხმარებლო პროდუქტი დაახლოებით 15%-ით ძვირია, ვიდრე საქართველოში. ერევანი კი ჩვენთან შედარებით მოკრძალებულ მდგომარეობაშია”, - ამბობს სოსო არჩვაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, 2012 წლიდან მოყოლებული, ფასების დონე მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ინფლაციამ ყველაზე მაღალ ნიშნულს 2011 წლის ზაფხულში მიაღწია და 11.4% შეადგინა. პიკის შემდეგ ინფლაციამ კლება დაიწყო, დეფლაციის ნიშნულამდე დაეცა და 2013 წლის ბოლომდე ასეთად დარჩა. სპეციალისტები ინფლაციის აღნიშნულ კლებას 2012 და 2013 წლებში საკვებ პროდუქტებზე მსოფლიო ფასების შემცირებით ხსნიან, ვინაიდან საქართველოში საკვები პროდუქტები სამომხმარებლო კალათის 31%-ს შეადგენს.

იმ პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გატარება სცადა და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, რათა 2012-14 წლებში ინფლაციის მაჩვენებელს დაგეგმილი 6%-იანი ნიშნულისთვის მიეღწია. თუმცა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ფინანსური შუამავლობის დაბალი აქტივობის, მოთხოვნის კლების და სესხებისა და დეპოზიტების მაღალი დოლარიზაციის გამო, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ნაკლებად ეფექტური იყო.

შარშან, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ინფლაცია 1%-ის ფარგლებში იყო. ამ დროისთვის ინფლაცია 3%-ს გადასცდა და რომ არა ნავთობის ფასის მკვეთრი შემცირება, ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი იქნებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოთხოვნის მატებისა და ვალუტის გაუფასურების გამო 2015 წელს ინფლაცია 5%-მდე აიწევს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”