რამ გამოიწვია ნავთობის გაუფასურება?

”ერთ წუთში 4 ოლიმპიური საცურაო აუზი იწვის”

მსოფლიოში ნავთობზე ფასი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს, ხოლო ნავთობმომპოვებელი კომპანიები ნავთობის მოპოვებას ყველაზე მიუწვდომელ და უცნაურ ადგილებში იწყებენ. საინტერესოა, რა მოხდა ნავთობის ინდუსტრიაში, რამ გამოიწვია ნავთობის გაუფასურება?!

შედარებისთვის, დედამიწაზე ყოველ ერთ წუთში იმდენი ნავთობისგან წარმოებული ნივთიერება იწვის, რომ მათი მოცულობა ერთ წუთში 4 ოლიმპიურ საცურაო აუზს გაავსებდა. მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ასეთი მოთხოვნა, როგორიც დღესაა, ჯერ არასდროს ყოფილა და ამ პირობებში ბარელ ნავთობზე ფასის ვარდნის ტენდენცია გრძელდება. ასეთი ტემპით ნავთობის მოპოვებამ გამოიწვია ის, რომ დედამიწა ფაქტობრივად საწვავისგან წარმოქმნილ ნამწვ აირებშია გახვეული. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ბარელი ნავთობის არსებულ ფასს თუ გადავხედავთ, რთულია ნავთობი მოვიხსენიოთ როგორც ”შავი ოქრო”.

საინტერესოა, რატომ ეცემა ბარელის ფასი ნავთობის ბირჟებზე? ნავთობის მოპოვების და გამოყენების შესაძლებლობა დედამიწაზე მილიარდი წელია არსებობს. მსოფლიოში ნავთობის აქტიურად მოპოვება და გამოყენება (შედარებით მცირე ოდენობით) 150 წლის წინ დაიწყო, 1823 წელს კი პირველად დაინერგა ნავთობის ფილტრაციის ტექნოლოგია. თუ ადრე ნავთობს იყენებდნენ ეტლების ბორბლების შესაზეთად, სამშენებლო მასალებში, მედიცინაში, ფილტრაციის ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ ნავთობისგან მიიღებოდა ისეთი ნივთიერება, როგორიცაა ნავთი.

ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რამდენ ხანს ეყოფა კაცობრიობას დარჩენილი ნავთობის მარაგი? რიგი მეცნიერების და ექსპერტებისა გვარწმუნებენ, რომ ნავთობის რესურსი ულევია, პრობლემა მხოლოდ ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიაში და მეთოდშია. კითხვა - რა რაოდენობის ნავთობის რესურსია დარჩენილი? - უმჯობესია ეკონომიკურ ჭრილში განვიხილოთ და არა გეოლოგიურში. ნავთობის რესურსი იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია.

დედამიწაზე ყოველდღიურად საშუალოდ 91,4 მილიონი ბარელი ნავთობის მოხმარება ხდება. ეს რაოდენობა დაახლოებით 1,4 X 1010 ლიტრს უდრის, შესაბამისად, გამოდის, რომ თითოეული ადამიანი დედამიწაზე ყოველდღიურად 2 ლიტრ საწვავს მოიხმარს. 1980 წელს ეს მაჩვენებელი 1.5 ლიტრს შეადგენდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1980 წელთან შედარებით ორჯერ გაზრდილია ნავთობის რესურსის მარაგის მაჩვენებელიც. 35 წლის წინ ეს მაჩვენებელი 683 მილიარდი ბარელი იყო, დღეს კი ეს - 1,7 ტრილიონს აღემატება.

ნავთობზე ფასის ვარდნა განპირობებულია ნავთობმწარმოებელი კომპანიების მიერ ახალი, უფრო იაფი და ეფექტური ტექნოლოგიების შექმნა/დანერგვით, რაც საუკეთესო გამოსავალია მათი ბიზნესის სტაბილურობის შესანარჩუნებლად იმ დროს, როცა ნავთობზე ფასი იზრდება. ასე მოხდა 2008 წელს, როცა ბარელი ნავთობის ფასმა 150 აშშ დოლარს მიაღწია. წარსულში, ნავთობმწარმოებლები იძულებულნი იყვნენ დაეზვერათ ნავთობის და გაზის ავზები, ე.წ. “ხაფანგების” საპოვნელად, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ახალი ტექნოლოგიებით კი ნავთობის მოპოვება შესაძლებელი გახდა უშუალოდ პირველადი დანალექი ქანების წიაღიდან, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანულ ნივთიერებებს და გეოლოგიური პროცესების შედეგად გადაიქცევა ბუნებრივ აირად და ნედლ ნავთობად.

აქედან გამომდინარე, ნავთობის მოპოვების ტრადიციულ მეთოდებს დაემატა ახალი მეთოდები, რამაც გაზარდა ნავთობის მოპოვების გეოგრაფია. დღეს მიმდინარეობს კანადის ქვიშების გადამუშავება ნავთობის მოპოვებისთვის. ბრაზილიაში ნავთობს მოიპოვებენ წყლის ფსკერიდან. ასევე გრძელდება მოპოვება ერაყში, ლიბიაში განახლდა ნავთობის მოპოვების პროცესი, აშშ-მა გაზარდა ნავთობის ექსპორტი და სხვა.

ახალმა ტექნოლოგიებმა მკვეთრად გაზარდა ნავთობის მოპოვების ტემპი, რომელიც, დღეს, ბევრად აღემატება ბაზარზე მოთხოვნას და რამაც გამოიწვია ბარელ ნავთობზე ფასების ინტენსიური ვარდნა. წლების განმავლობაში, ჩვენ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ნავთობზე ფასის ზრდის მაჩვენებელი მუდამ მზარდი იქნებოდა, მაგრამ ახალმა ტექნოლოგიებმა ჩვენი მოლოდინები გააქარწყლა და ნავთობზე ფასი კატასტროფულად ეცემა, თუმცა, არავინ იცის რა იქნება ხვალ და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს კაცობრიობა ნავთობპროდუქტების ასეთი რაოდენობით მოხმარებამ. ამის შეფასება ეკოლოგებისთვის მიმინდია.

ვასო ურუშაძე, კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა