დოლარი მსოფლიო ვალუტის როლს ჯიუტად არ თმობს

”არ არის გამორიცხული, რომ ქართული ბიზნესისათვის ევრო უფრო მიმზიდველი ვალუტა გახდეს”

ბოლო თვეებში ჩვენი ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რამაც მოსახლეობაში სერიოზული შეშფოთება, უფრო მეტიც, დაბნეულობა გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული, მით უმეტეს, რომ დოლარმა პოზიციები მთელ მსოფლიოში გაიმყარა და მის მიმართ თითქმის ყველა ვალუტის კურსი დაეცა. ეს შეეხო ევროსაც, რომლის კურსიც საგრძნობლად არის დაწეული, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ამ ვითარებაში თავისთავად ჩნდება კითხვა - რა ტენდენციები ყალიბდება ლარსა და ევროს შორის და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ქართული ბიზნესისათვის ევრო უფრო მიმზიდველი ვალუტა გახდეს, ვიდრე დოლარია? -  ამ საკითხებში გარკვევა ქართველი ეკონომისტების დახმარებით ვცადეთ.

”ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ლექვინაძემ bpn.ge-სთან ევროს გაუფასურების ძირითად მიზეზებზე ისაუბრა:

”აშკარაა, რომ ევროს კურსი დოლარის მიმართ დაცემას განაგრძობს: იანვარში ევროპული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 8.6% -ით გაუფასურდა. მკვეთრი დაცემა აღინიშნა 26 იანვარს, ანუ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტები იმარჯვებენ. წინასაარჩევნო დაპირებების მიხედვით სოციალისტები სოციალური ხარჯების გაზრდას აპირებენ, რაც კრიზისგამოვლილ საბერძნეთს ისევ კრიზისში დაბრუნებას უქადის. ეს იქნება დამატებითი ტვირთი ევროზონისთვის, რაც აისახა კიდეც ევროპულ ვალუტაზე. უთანხმოებისა და კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ევროს კურსის კიდევ უფრო შესუსტებაა მოსალოდნელი. საერთაშორისო-საფინანანსო ინსტიტუტ ”გოლდმან საქსის” ანალიტიკოსების პროგნოზით, 1 ევროს ღირებულება წლის ბოლომდე შესაძლოა 1 აშშ დოლარსაც ჩამოსცდეს, მაგრამ თუ მოვლენები საბრძნეთში გართულდა, ეს შეიძლება ბევრად მალე მოხდეს.

bpn

ახლა რაც შეეხება ლარისა და ევროს მიმართებას: 12 დეკემბრიდან დღემდე ქართული ლარი ევროს მიმართ 7.5%-ით არის გამყარებული. რა გავლენა ექნება ევროს გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკაზე? - ევროპული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაც გაიზრდება ამერიკულ, იაპონურ, თურქულ და დსთ-ის ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქტთან შედარებით. დღესდღეობით ევროკავშირის წილი ჩვენს მთლიან იმპორტში 28%-ია. ძირითადი იმპორტიორები არიან გერმანია, რუმინეთი და იტალია. ძირითადი საიმპორტო პროდუქტი კი - ავტომობილები, საწვავი, მედიკამენტები და სხვადასხვა საკვები პროდუქტია. ალბათ ევროპული პროდუქციის წილი ქართულ ბაზარზე უფრო მეტად გაიზრდება. სამაგიეროდ, ექსპორტი ევროპაში გაძვირდება. ამ დროისათვის ევროპის ქვეყნებზე ჩვენი მთლიანი ექსპორტის 21% მოდის, მთავარი საექსპორტო ბაზრებია ბულგარეთი და იტალია, ხოლო მთავარი საექსპორტო პროდუქტები - სასუქები, ქართული ღვინო და თხილი. შესაბამისად, ევროპულ ბაზარზე გაძვირებული ქართული პროდუქცია შევა. ამავე დროს, ფულადი გზავნილების მსყიდველობითუნარიანობა შემცირდება, რადგან ევროს დევალვაცია ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შემოსავალს ამცირებს. ევროპულ ინვესტიციებზე ამ პროცესების ზეგავლენა კი, მინიმალური იქნება, რადგან ამ ეტაპზე საქართველოში შემოსული ევროპული კაპიტალი ძირითადად ტრანზიტულია და ევროს მერყეობაზე დიდად დამოკიდებული არ არის”.

”დოლარი ჯიუტად ინარჩუნებს მსოფლიო ვალუტის როლს და არ აპირებს თავისი პოზიციების დათმობას” - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე: ”აშშ-ში უმუშევრობის შემცირებამ და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებამ თავისი გაიტანა. ფაქტია, რომ ბოლო დროს ამერიკის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ევროპის ქვეყნებისა. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ამერიკელები უფრო ჭკვიანები და მარიფათიანები არიან, არა - ეს, ზოგადად, მსოფლიო ტენდენციების გამოვლენაა. ამ დროს არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი ძირითადი პარტნიორი - რუსეთი. სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა შეზღუდა ევროპული საქონლის შეტანა რუსულ ბაზარზე. თუ გასულ წლებში ევროზონიდან მილიარდობით რუბლის ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა სახის პროდუქცია შეჰქონდათ, ახლა ეს რაოდენობა აშკარად შემცირებულია. ამიტომ, ევროპა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. სამკუთხედში – ევროპა-რუსეთი-საქართველო - ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით ზარალდება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ტალღისებური ეფექტი ანუ ე.წ. დომინოს პრინციპი საქართველოზეც ახდენს გავლენას. მით უმეტეს, ჩვენს ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენი უშუალო მეზობლების მდგომარეობა.

”ფაქტია, რომ დოლართან ორივემ დათმო პოზიცია - ქართულმა ლარმაც და ევროპულმა ვალუტამაც”- ამბობს ექსპერტი. ”შეძლებს თუ არა ევროზონა დაკარგული პოზიციების აღდგენას და ევროს გამყარებას, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ევროპაში მშვიდობის დამყარებაზე და უკრაინის პრობლემის მოგვარებაზე, იმიტომ რომ, საომარ ტერიტორიასთან ახლოს მყოფი ქვეყნები უფრო მეტად ზარალდებიან, რადგან გასაღების ბაზრებს კარგავენ”.

შეკითხვაზე, ხომ არ გადაერთვება ქართული ბიზნესი ევროპულ ვალუტაზე და პროდუქციის შემოტანას ევროზონის ქვეყნებიდან ხომ არ დაიწყებს, სოსო არჩვაძემ გვიპასუხა:

-  ევროკავშირის წილი საქართველოსთან ვაჭრობაში უფრო დიდია, ვიდრე, დავუშვათ, ჩინეთისა, საიდანაც ბევრ ქართველ ბიზნესმენს შემოაქვს პროდუქცია. აქვე უნდა ვახსენოთ თურქეთი, რომელიც ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და მასთან ანგარიშსწორებას ვახდენთ არა ევროში, არამედ - დოლარში. ევროპიდან საქონელი ჩვენ ისედაც საკმაო რაოდენობით შემოგვქონდა - თუნდაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაცივრები, ელექტროსაქონელი და ა.შ... ჩემი აზრით, ევროს მიმართ ლარის პოზიციების სიმყარე ევროპულ საქონელს უფრო მიმზიდველს გახდის. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქართველი ბიზნესმენები ამჯობინებენ გაძვირებული დოლარის ნაცვლად საქონელი შედარებით ხელსაყრელ ვალუტაში ანუ ევროში შეიძინონ. ჩემი აზრით, თუ ასე გაგრძელდა, ინტერესი და მომხიბვლელობა ევროზონისა და ევროპული საქონლის მიმართ უფრო მეტად გაიზრდება. თუმცა, გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება ამ ვითარებაში ძალზე რთულია. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი: ლარის კურსი ადრე უფრო რთულ სიტუაციაშიც ყოფილა: ყველას გვახსოვს ლარის ”ოქროს ხანა”, როდესაც კურსი იყო 1,24, მაგრამ გვახსოვს ის დროც, როდესაც 1 დოლარი 2,45 ლარი ღირდა. ამიტომ, ლარის კურსის დაცემას არ უნდა შევხედოთ, როგორც კატასტროფას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი ვალუტის კურსის ცვალებადობა სრულიად ნორმალური მოვლენაა და მრავალი ფაქტორით არის განპირობებული.

ხათუნა ჩიგოგიძე