მთავრობის ფონდში აუთვისებელი თანხის გადატანა კანონის დარღვევაა

პრემიერი სახელმწიფო უწყებებს თანხის ჩამოჭრით დაემუქრა

სახელმწიფო ბიუჯეტის გასაკონტროლებლად მთავრობის ახალი ინიციატივა გახდა ცნობილი. თუკი სახელმწიფო უწყებები მათთვის გამოყოფილ საბიუჯეტო თანხას ვერ გახარჯავენ, ეს თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაინაცვლებს. სპეციალისტები კი პრემიერ-მინისტრს ახსენებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არის კანონი, ხოლო მთავრობა კანონის დარღვევას არ უნდა აანონსებდეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ინიციატივა არ დაკანონდება და მთავრობა დონორებთან თავს უხერხულობაში არ ჩაიგდებს.

”საბიუჯეტო კოდექსში” შესული ცვლილებით, ორგანიზაციებს საკუთარი ანგარიში მხოლოდ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემაში უნდა ჰქონოდათ. ცვლილება საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის გაზრდის, სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის გაუმჯობესების, საჯარო ფინანსების უკეთესი კონსოლიდირებისა და საბიუჯეტო პროცესის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი პროცედურების დროულად გავლა ვერ მოხერხდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა (მხარჯავი დაწესებულებებისთვის თანხების ჩარიცხვის კუთხით), ეს გადაწყვეტილება მაინც დადებითად შეფასდება. თუმცა ბიუჯეტს უფრო დიდი პრობლემა აქვს - საბიუჯეტო თანხის დროული და ეფექტური ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა, სახელმწიფო უწყებები ამ საკითხის მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხის ხარჯვას თავს ვერ აბამენ. ამიტომ პრემიერ-მინისტრმა, სავარაუდოდ, 40-კაციანი ეკონომიკური საბჭოს რჩევით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო - სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხა, რომელთა ეფექტური ხარჯვა ვერ მოხდება, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო სისტემა დამყარებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე. ყველაზე მთავარი არის ის, რასაც სახელმწიფოებრიობა ეფუძნება - კანონი. ”ბიუჯეტი არ არის მხოლოდ განყენებული ცნება ან ქისა, რომელშიც ფული ყრია. ეს არის გადასახადის გადამხდელებისგან აკრეფილი თანხა, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა დაიხარჯოს”, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

სახელმწიფო ბიუჯეტი არის კანონი, ბიუჯეტის ფორმირება კი მეორე კანონით - საბიუჯეტო კოდექსით ხდება. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი და საბიუჯეტო კოდექსი ის საკანონმდებლო ბაზაა, რომლის ფარგლებშიც უნდა განიხილებოდეს ასეთი ინიციატივა. ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერის განცხადება ამ კანონებთან შესაბამისობაში ვერ ჯდება, ვინაიდან კონკრეტული მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებები, ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდი კანონით არის განსაზღვრული. მაგალითად, 2015 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარია. თუკი ამ ფონდის გაზრდა მოხდა, კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს.

გარდა ამისა, მხარჯავი დაწესებულებების სრული კომპეტენციაა, რომ მათთვის გამოყოფილი ასიგნებები კანონით გათვალისწინებულ ვადებში დაიხარჯოს. ”სახელმწივო ბიუჯეტი კანონია და თუკი მის ფარგლებში გამოყოფილი თანხა არ ან ვერ იხარჯება - ეს არის კანონის დარღვევა”, - ამბობს ლევან ალაფიშვილი და დასძენს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვასა და მართვაზე პასუხისმგებელია მთავრობა და არა რომელიმე სამინისტრო.

”იმედი მაქვს, ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობა და კანონმდებლები კანონს არ შეცვლიან და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგვაყენებენ დონორებთან და უცხოელ პარტნიორებთან. ყველაფერი უნდა დარჩეს ისე როგორც არის, ხოლო ბიუჯეტი სწორად დაიგეგმოს და მხარჯავმა დაწესებულებებმა მეტი პროფესიონალიზმი გამოიჩინონ”,- აცხადებს ალაფიშვილი.

პროფესიონალიზმის შესამოწმებლად პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის რეგულარულად წარდგენაც დაავალა. ”ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ მე მინდა, რომ ეს საკითხი კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ. ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, განიხილება ხარჯვითი ნაწილი, ეფექტურად ხარჯვისთვის ჩვენი სამინისტროების მობილიზება უნდა მოვახდინოთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ნოდარ ხადურმა პრემიერის საპასუხოდ განმარტა, რომ შემოსავლების სამსახური ყოველგვარი ზედმეტი ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გარეშე, ყველაფერს აკეთებს ბიუჯეტის შესასრულებლად. ფინანსთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყოველი თვის დასაწყისში მთავრობის პირველივე სხდომაზე სამინისტროების ხარჯვითი პოლიტიკის შესრულებაზე ანგარიში წარმოადგინოს. ამასთან, ხადურმა დასძინა, რომ იანვრის თვის გეგმა 540 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 519 მილიონი უკვე მობილიზებულია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”