სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2014 წლის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2014 წლის ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაციას, რომელიც თბილისის ისტორიულ მუზეუმში "ქარვასლა" გაიმართა, სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტირებული შემსყიდველი და მომწოდებელი ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში 24 500-მდე ორგანიზაციაა რეგისტირებული. ანგარიშის მიხედვით, გასული წელი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ელექტრონული ტენდერების დახვეწის, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ადმინისტრაციული რესურსების განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ღონისძიებაზე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ოთხი ტექნიკური პრეზენტაცია გაკეთდა და ასევე, ახალი ვებგვერდის წარდგენა მოხდა. პრეზენტაციისას ითქვა, რომ გასულ წელს გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა გაიზარდა და 36 000-ს გადააჭარბა. ტენდერების სავარაუდო ღირებულებასა და დადებული ხელშკრულების ღირებულებას შორის თანხობრივმა სხვაობამ 800 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაზოგილი თანხაა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2014 წელს მათ გახსნეს ტრენინგ ცენტრი, რომლის მეშვეობითაც უფასოდ შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ტრენინგები ჩატარდა და მათ სერტიფიკატები გადაეცათ. მისივე თქმით, ტენდერებში მიმწოდებელი ორგანიზაციების რიცხვი გაიზარდა, რაც მათი მხრიდან მთავრობასა და ქვეყნის სტრუქტურების მიმართ ნდობის აღდგენაზე მეტყველებს. ლევან რაზმაძის განმარტებით, ტენდერებში მონაწილე ახალი სუბიექტების რაოდენობა 6 000-ით გაიზარდა. ხოლო თავად ტენდერების რიცხვი 4-5 000-ით. მისივე თქმით, ამასთან, შემცირებულია ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა, ხოლო ტენდერების მონიტორინგის რიცხვი გაიზარდა.