ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ალტერნატიული აუდიტის პროექტი დახურულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ალტერნატიული აუდიტის პროექტი დახურულია და II კატეგორიის მქონე პირებს ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება შეუწყდებათ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის N31 ბრძანებით, საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებაში შეტანილია ცვლილება. მათივე ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, ამოღებულია კარი III ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების თაობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიული აუდიტის პროექტი დახურულია.

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან, დაწყებული ალტერნატიული აუდიტი დაასრულონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე არსებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.