აფბა: ეროვნული ბანკის ქმედება საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების პროცესში დაგვიანებით და არასწორი ფორმით ჩაერთო.

ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული და აჩენს ეჭვს, რომ ეს დაგვიანება იყო მიზანმიმართული. ამის შესახებ დღეს აფბა-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 30 იანვრის ბრიფინგს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ გიორგი ქადაგიძის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო საბოტაჟის მოწყობის მცდელობაა, ვიდრე ეროვნული ბანკის მხრიდან ქმედითი ნაბიჯის გადადგმა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტმა, ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა ამ ეჭვის საფუძველს რამდენიმე გარემოება აჩენს:

1) ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად, დეკემბერში ლარის მასა მიმოქცევაში გაიზარდა 240 მილიონი ლარით. ეს ნეგატიურად აისახება ლარის გაცვლით კურსზე. თუმცა ეს ნაბიჯი იმით იქნა ახსნილი, რომ მთავრობამ კომერციული ბანკებიდან გადაიტანა საკუთარი დეპოზიტები და ამის გამო კომერციულ ბანკებს შეექმნათ ლიკვიდობის პრობლემა. მაგრამ, რეფინანსირების სესხები ლიკვიდობის შესავსებად გაიცა დეკემბრის ბოლოს, ხოლო მთავრობამ თავისი დეპოზიტები კომერციული ბანკებიდან გაიტანა იანვრის შუა რიცხვებში. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რატომ გაიზარდა დეკემბრის თვეში რეფინანსირების სესხები.

2) ასევე ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა დიდი ხნის დუმილი სკანდალური და მძიმე განცხადებით დაარღვია და ამით რეალურად გააღვივა ინფლაციური მოლოდინი. სადღეისოდ, არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ფასების დონის ზრდა დაიწყო ან დაიწყება, არ არსებობს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ სერიოზული ინფლაციური რისკებია, ხელოვნურია და ვითარების დრამატიზების მცდელობას ჰგავს. მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიაფდა და იაფდება ნავთობი და სურსათი, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდა არ მოხდეს. ასევე არსებობს თავად ეროვნული ბანკის კვლევაც, რომლის მიხედვითაც ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის 10%-ით ცვლილება, სამომხმარებლო ფასებს ცვლის 4%-ით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი ბოლო ერთ წელიწადში თითქმის 9%-ით არის გამყარებული. ასევე მნიშვნელოვანია დეკემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი, რომელმაც 2% შეადგინა. ინფლაციური თვალსაზრისით, იანვარში არანაირი ცვლილება არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, გიორგი ქადაგიძის განცხადება ინფლაციური პროცესების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ვითარების დრამატიზების მცდელობა უფროა, ვიდრე არსებული რეალობის ობიექტურად ასახვა.

3) საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ეროვნული ბანკი დიდი ხნის განმავლობაში ლარის გაუფასურების პროცესისგან აბსოლუტურად დისტანცირებული იყო. სებ-ის პრეზიდენტის, ქადაგიძის პირველი განცხადება საზოგადოებამ 5 დეკემბერს მოისმინა, სადაც მან აღნიშნა, რომ სერიოზული შეშფოთებისთვის საფუძველი არ არსებობდა, რომ ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანას, - ინფლაციის კონტროლს საფრთხე არ ემუქრებოდა და რომ ეროვნული ბანკი პროცესებში ჩარევას არ გეგმავდა. მისი მეორე განცხადება უკვე 30 იანვრით თარიღდება და იგი ყვება "გამოცხადებული აპოკალიფსის ქრონიკას", - რომ არსებობს სერიოზული ინფლაციური რისკები და საჭიროა ყველა საშუალების გამოყენება მათ გასანეიტრალებლად.

ინფლაციური რისკები არ ჩნდება რამდენიმე დღეში. ეროვნულ ბანკს წინასწარ უნდა მოეხდინა ამ რისკების იდენტიფიცირება და თანდათანობით მიეღო ზომები მათი პრევენციისთვის. ეროვნული ბანკი უნდა ახდენდეს რისკების წინასწარ პროგნოზირებას და ამ რისკების ზემოქმედების შერბილებას, სწორედ ეს უზრუნველყოფს სტაბილურობის შენარჩუნებას და არა უკვე მომხდარი ფაქტის შემდგომ განცხადების გაკეთება და გადასაჭრელი ზომების მიღების დაანონსება. შესაბამისად არსებობს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკის ჩაურევლობა იყო მიზანმიმართული და ვითარების დაძაბვისკენ მიმართული ქმედება.

4) ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ლარის გაუფასურების პროცესისგან დისტანცირება, ჩარევის დროში გაწელვა და შემდგომ მოულოდნელი გადაწყვეტილება, გაუფასურების შეჩერებაში ეროვნული ბანკის მკაცრი ჩარევის შესახებ, არის საბოტაჟური ქმედება და ემსახურება ეკონომიკაში შექმნილი არასახარბიელო ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას.

გიორგი ქადაგიძემ დააანონსა, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენებს ყველა მექანიზმს პროცესის შესაჩერებლად. ეს ნიშნავს, რომ სებ-ი გაზრდის რეფინანსირების განაკვეთსაც, რაც "აფბას" შეფასებით, არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაში, სრულიად უდროო იქნება. ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს 2 გარემოებასთან, არაკომპეტენტურობასთან ან მიზანმიმართულ საბოტაჟთან. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რის გამოც შეიზღუდება ეკონომიკის დაკრედიტება, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება.

ამდენად, ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული და ზემოთ დასახელებული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ ეს დაგვიანება იყო მიზანმიმართული. ეროვნული ბანკის ფუნქციაა ეკონომიკური აგენტების დაცვა მკვეთრი ცვლილებებისგან, მათ შორის მკვეთრი სავალუტო რყევებისგან. ამ შემთხვევაში კი ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენება მკვეთრი ცვლილების შემდგომ გადაწყვიტა და არა მანამდე, რითაც ეკონომიკური სიტუაციის დამძიმებას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე მის გაჯანსაღებას," – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.