მსოფლიო ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის 500 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის ხელშეკრულება გაფორმდა

მსოფლიო ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (სას) შორის, პროექტზე "სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარება", 500 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის ხელშეკრულება გაფორმდა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰენრი კერალიმ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ. პროექტის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის დანერგვა და განვითარება. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პასუხს საჯარო სექტორში ელექტრონული მმართველობის დანერგვასთან დაკავშირებული რისკებისადმი.

პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტისათვის საჭირო ინფორმაციული სისტემის დანერგვას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT აუდიტორების შესაძლებლობების განვითარებასა და პროექტის მართვას.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, როგორც საქართველოს უმაღლესმა მაკონტროლებელმა, მისი საქმიანობის გაძლიერებისა და განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ბოლო დროს წარმატებით განხორციელებული განვითარების სტრატეგია მიმართული იყო პროფესიული შესაძლებლოების გაძლიერებაზე, ინსტიტუციურ განვითარებაზე, კორპორატიული იმიჯის გამტკიცებასა და გარე კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე. პროექტი დაეხმარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT აუდიტის სპეციალისტებს თანამედროვე და თანმიმდევრული IT აუდიტის მიდგომების დანერგვაში", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცნობიერებს პასუხისმგებლობას საჯარო სექტორის ელექტრონული სისტემების გამჭვირვალედ და ეფექტიანად მართვის ხელშეწყობის პროცესში. შესაბამისად, სამსახური ახალი აუდიტორული მიდგომით უზრუნველყოფს საჯარო სექტორში არსებულ ინფორმაციულ სისტემებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მონაცემთა მთლიანობისა და თაღლითობის რისკების იდენტიფიცირებას და მათი პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას. შედეგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს კუთვნილი ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობასა და საიმედოობას, რაც წინაპირობა იქნება საზოგადოებისათვის ეფექტური და უწყვეტი სერვისის მიწოდებისა. ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარებისათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში მოხდება ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება IT აუდიტის მიმართულებით, რაც მოიცავს როგორც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და პროგრამული ბაზის შექმნას ორგანიზაციაში, აგრეთვე, პროფესიული შესაძლებლობების ზრდას მომავალი სამი წლის განმავლობაში", - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის დანერგვა და განვითარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას გააუმჯობესებს, რადგან მოხდება აუდიტის მასშტაბების გაზრდა, აუდიტორული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება, რესურსების დაზოგვა და აუდიტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. ყოველივე აღნიშნული ხელს შეუწყობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებას და შესაბამისად, საჯარო ფინანსების უკეთესად მართვას. პროექტს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. გენერალური აუდიტორი პასუხისმგებელი იქნება გრანტის მართვაზე, მათ შორის პროექტის განხორციელების მიმდინარეობაზე, კონსულტანტების სამუშაოს ზედამხედველობაზე და მსოფლიო ბანკისთვის ზემოთხსენებული ამოცანების შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ანგარიშგებაზე.

1992 წლის შემდეგ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა დაახლოებით 2.27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.