ქართველი პოლიტიკოსები HSBC-ს დახმარებით გადასახადებს თავს არიდებდნენ

გამოძიებაში 40 ქვეყნის 140 ჟურნალისტი მონაწილეობდა

ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნავს, რომ ბრიტანული ბანკის HSBC-ის ჟენევის ფილიალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, 100 ათას კლიენტს გადასახადებისგან თავის არიდებაში დაეხმარა.

ICIJ-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ HSBC-ში ანგარიშები ჰქონდათ გახსნილი ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსებს საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, მექსიკიდან, ინდოეთიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან. ბრიტანული ბანკის კლიენტებს შორის ასევე აღმოჩნდნენ აშშ-ის სანქციების სიაში მყოფი რამდენიმე ადამიანი, მათ შორის თურქი ბიზნესმენი სელიმ ალგუდი და რუსი მილიარდერი, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული გენადი ტიმჩენკო, სამეფო ოჯახის წევრები, ცნობილი სპორტსმენები, მსახიობები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანები. საერთო ჯამში, HSBC-ის კერძო კლიენტების ანგარიშზე 100 მილიარდ დოლარზე მეტი აღმოჩნდა.

ICIJ-ის განცხადებით, კერძო კლიენტების მომსახურებით ბანკი მნიშვნელოვან მოგებას ნახულობდა დამნაშავეთა საიდუმლო ანგარიშებიდან, მათ შორის ნარკოდილერებისა და იარაღით მოვაჭრეებისგან. არსებული ინფორმაციით, 2008 წელს ბანკის თანამშრომელმა ერვე ფალჩიანიმ კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი ხუთი დისკი საფრანგეთის ხელისუფლებას გადასცა. მოგვიანებით კი მონაცემები ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს ჩაუვარდა, რომელმაც ICIJ-სთან ერთად გამოძიება წამოიწყო.

ბრიტანულმა ბანკმა აღიარა კერძო კლიენტებისთის უკანონო დახმარება, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ საეჭვო კლიენტებს აღარ ემსახურება. მათივე განცხადებით, 2007 წლის შემდეგ მათი კერძო კლიენტების რაოდენობა თითქმის 70%-ით შემცირდა. თავის მხრივ, შვეიცარიის ხელისუფლებამ ერვე ფალჩიანი საბანკო საიდუმლოს შენახვის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. თავად ბანკის ყოფილი თანამშრომელი კი აღნიშნავს, რომ გამოააშკარავა ყველა, ვინც შვეიცარიულ ანგარიშებს გადასახადებისგან თავის არიდებისთვის იყენებდა.

გამოძიებაში 40 ქვეყნის 140 ჟურნალისტი მონაწილეობდა.