Factcheck: ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ლარის გაუფასურება მოსახლეობას არ აზარალებს, მცდარია

Factcheck-ის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ლარის გაუფასურება მოსახლეობას არ აზარალებს, მცდარია.

Factcheck.ge-მ პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. 3-დან 10 თებერვლამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. ვებ-გვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე პოპულარული სტატია სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხებოდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ლარის გაუფასურება მოსახლეობას არ აზარალებს". აღნიშნული განცხადების კვლევისას ფაქტ-მეტრმა დაადგინა, რომ ლარის კურსის გაუფასურება მომხმარებლებზე უარყოფითად მოქმედებს. კერძოდ, მოხმარებაში იმპორტის წილი 66%-ია და შესაბამისად, იმპორტიორებს დანახარჯები ეზრდებათ, რაც ხშირ შემთხვევაში ფასებზეც აისახება; მედიკამენტების ნაწილზე ფასები უკვე გაიზარდა; ახლო მომავალში იურიდიული პირებისთვის გაზის საფასური, შეიძლება, 15 თეთრით გაძვირდეს, რამაც, შესაძლოა, სხვა პროდუქტებზე, მათ შორის პურზე, ფასების ზრდა გამოიწვიოს; ამასთან, მოსახლეობას კრეტიდების 61% დოლარში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალს ლარში იღებს. ლარის კურსის გაუფასურება მათ კრედიტის მომსახურებას უძვირებთ; ლარის გაუფასურების გამო, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 802 მილიონი ლარით იყო გაზრდილი; ვალუტის კურსის სწრაფი ცვლილება ბიზნესის წარმოებას სავალუტო რისკებს უზრდის, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას აუარესებს და შესაბამისად ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს. ზემოთ მოცემული გარემოებების ანალიზის შედეგად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მცდარია.