სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელმა, აზიმ სადიკოვმა განაცხადა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობა დაწყებულია, მომდევნო დღეებში მოხდება ეკონომიკური გარემოსა და იმ შოკების შეფასება, რაც ეკონომიკაზე მოქმედებს.

"დღეს ჩვენი ვიზიტის პირველი დღეა. მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად დავიწყეთ მუშაობა და ვგეგმავთ, რომ მომდევნო დღეებში შევაფასოთ ეკონომიკური გარემო და ის შოკები, რაც მოქმედებს ეკონომიკაზე. უნდა გავაკეთოთ სწორი დიაგნოსტიკა. ვიმუშავოთ მჭიდროდ მთავრობასთან ერთად. დავადგინოთ ციფრები და განვიხილოთ, რა პოლიტიკა უნდა შემუშავდეს იმისთვის, რომ ეკონომიკა გაუმკლავდეს შოკებს, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ, თქვენთვის მეტი ინფორმაციის გაზიარებას", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა.

საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა დღეს განაცხადეს, რომ საქართველო სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ აპირებს. ნოდარ ხადურის განმარტებით, საუბარია სხვა დონორებისგან დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც. მისი თქმით, გასულ კვირაში გაკეთებული განცხადებისას სავალუტო ფონდისგან დამატებითი სესხის აღება არ უგულისხმია. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საუბარია სხვა ინსტიტუტებიდან დამატებითი ფინანსების მოძიებაზე.