ნოდარ ხადური ბიუჯეტის პარამეტრების გადახედვას არ გამორიცხავს

მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმები აქვს შემუშავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მისი თქმით, გეგმა ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას. როგორც ხადურმა აღნიშნა, დღეს ბიზნესს მთავრობის წარმომადგენლები ესაუბრნენ ლარის გაცვლის კურსთან დაკავშირებით, როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე. "მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს პრივატიზაცია. ამავე გეგმაში იგულისხმება, გაიზარდოს ცნობადობა და ტურისტული მიმზიდველობა საქართველოში და ამაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ბიუჯეტის და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა. ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტებისთვის, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი ხარჯები. ჩვენ სერიოზულ საგადასახადო სტიმულებზე ვმუშაობთ, ეს ეხება მშენებლობის სტმულირებას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეხვდნენ.