ნოდარ ხადური: დამატებითი ვალის აღება არ იგეგმება

”ახლა მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთ პროგრამაზე მუშაობა”

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, დამატებითი ვალის აღება არ იგეგმება. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული რესურსის გამოყენება დაჩქარდეს. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ასევე არ იგეგმება სავალუტო ფონდისგან ვალის აღება. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთ პროგრამაზე მუშაობა.  "ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე თვეში სავალუტო ფონდი შესაფასებელი მისიით ჩამოვა. ახლა არის სამუშაო ვიზიტი. დამატებითი ვალის აღებაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ რესურსი, რომელიც ბიუჯეტში არის გათვალისწინებული, დავაჩქაროთ მისი გამოყენება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაძლოა საინვესტიციო პროექტებისთვის დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძებნა მოხდეს.

მისივე განცხადებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე სცენარზე მიმდინარეობს მუშაობა. როგორც ხადურმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროგნოზებს მოერგება შემდგომ საქართველოს ბიუჯეტი. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილებას განაპირობებს გარე ფაქტორები, რომელმაც გავლენა მოახდინა არა მარტო ქართულ ვალუტაზე, არამედ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე. "დეკემბრის პირველ ნახევარში დავამტკიცეთ ბიუჯეტი. ამ პერიოდში აბსოლუტურად სხვა გარე ფაქტორები არსებობდა. დღეისთვის ეს სიტუაცია შეიცვალა, არა მხოლოდ ქართული ვალუტის გაცვლითი კურსი შეიცვალა, არამედ შეიცვალა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორების გაცვლითი კურსიც. ამიტომ ცხადია მოგვიწევს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა. ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მუშაობენ ამ საკითხზე. სავალუტო ფონდის მისია მუშაობს. ჩვენ მათთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, რათა რამდენიმე სცენარზე ვიმუშავოთ და ამ პროგნოზებს მოერგება შემდეგ ბიუჯეტი", - განაცხადა ხადურმა.