ნოდარ ხადური: საქმე გვაქვს არა ეკონომიკურ, არამედ სავალუტო კრიზისთან

საქმე არა ეკონომიკურ კრიზისთან, არამედ სავალუტო კრიზისთან გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ეკონომიკური ზრდა გრძელდება. "ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდება შედარებით დაბალი ტემპით. ამიტომ ეკონომიკურ კრიზისთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს. რაც შეეხება სავალუტო კრიზისს, იმედი მაქვს და ყველაფერი აჩვენებს, რომ ის ძალიან მალე იქნება დაბალანსებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება ერთი მხრივ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, მეორე მხრივ კი ეკონომიკის მინისტრის ბიზნესმენებთან დღეს გამართულ შეხვედრას, ფინანსთა მინისტრი არ ეთანხმება ფორმულირებას, რომ მათ ბიზნესის წარმომადგენლებს დავალებები მისცეს. "ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს შეხვდა ბანკების ხელმძღვანელებს. ასევე ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გამართეს შეხვედრა სხვა ბიზნესმენებთან, მაგრამ არავის არავისთვის დავალება არ მიუცია. ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.