ლარის კურსმა ოქროს დაარტყა

მოვაჭრეები გარბიან, რადგან იჯარას ვეღარ იხდიან

ლარის დევალვაციამ ძვირფასეულობის ბიზნესს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მართალია, ოქროს ფასი შენარჩუნდა, მაგრამ ბაზარს მყიდველი შემოეცალა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ოქროზე მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა.

მოვაჭრეები შიშობენ, რომ "ოქროს ბირჟის" დატოვება მოუწევთ, რადგან იჯარის გადახდის თავიც აღარ აქვთ. ბირჟამ ბევრ განსაცდელს გაუძლო -გამოიარა ომი, ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ამ მდგომარეობაში არ ჩავარდნილა. მოვაჭრეებს არა მარტო ოქროს, ვერცხლეულის რეალიზაციაც შეუმცირდათ. რაც შეეხება ფასს, მცირედით მოიმატა ძვირფასი ლითონის ჯართის ფასმა, ნაკეთობის ღირებულება არ შეცვლილა.

"აგორა ფინანსების" 25 თებერვლის კვირის ეკონომიკურ მონიტორში მოცემული ანალიზით, 500 სინჯი 1 გრ ოქროს ფასი 46.45 ლარს შეადგენს, 750 სინჯი ოქროს ფასი 70-67 ლარია. 958 სინჯის - 90.83 ლარი, ხოლო უმაღლესი - 999 სინჯი 1 გრამი ოქროს ღირებულება 94.80 ლარი ღირს. გაცილებით იაფია ოქრო ბირჟაზე, სადაც 583 სინჯის 1 გრამი ოქროს ფასი 57-60 ლარის ფარგლებშია, 999 სინჯის, ე.წ. ბაჯაღლო 75-76 ლარს შეადგენს. ე.წ. ჯართი კი 45-47 ლარად იყიდება.

მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი გაძვირდა, მოვაჭრეები ფასის აწევას ვერ ახერხებენ. მათი განცხადებით, მოსახლეობას არათუ ყიდვის, ოქროულობის დათვალიერების სურვილიც აღარ აქვს და ბირჟისკენ არც იხედებიან.

"ლარის კურსმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვაგდო. ძალიან მძიმე ნათქვამია, მაგრამ შოკში ვართ. ეს სიტყვა არსებულ ვითარებას ყველაზე სწორად ასახავს. მუშაობა შეგვიჩერდა, როცა მოსახლეობას პურის ყიდვა უჭირს, ოქროსთვის ვის სცალია? ხალხი გაამათხოვრეს და ფუფუნების სურვილი ჩაუკლეს. ვისთვისაც ოქროს ყიდვა აუცილებლობაა, მაგალითად, ნიშნობის ბეჭდის ან ოქროს აქსესუარების, მაშინაც კი იაფის ყიდვას ცდილობენ. ძვირადღირებული ოქროულობა საერთოდ არ იყიდება. ბევრი შემთხვევაა, როცა მოდის მომხმარებელი და მიკვეთავს სამგრამიან რგოლს. ასეთი მცირე ზომის მზა ნიშნობის ბეჭედი გაყიდვაში არც გვაქვს, სპეციალურად უნდა შეუკვეთოს. ხალხი ადრეც არ იყო განცხრომაში, მაგრამ გაიჭირვებდა და 8-10 გრამზე ნაკლებ ბეჭედს არ იყიდდა. უკვე განვადებითაც უჭირთ ყიდვა, რადგან ბანკები სესხს სიფრთხილით გასცემენ. ეს ყველაფერი ჩვენს საზიანოდაა. ასე თუ გაგრძელდება, დავიხურავთ ქუდს და წავალთ აქედან", - ამბობს მარინა ლორია, ოქროს ბირჟის მოვაჭრე.

ერთ-ერთი სავაჭრო მოედნის "ოქროს სამყაროს" დირექტორი ეთერ ყიფიანი "ჯიბისისთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ იჯარის გადაუხდელობის გამო მოვაჭრეები გარბიან. "საშინელება ხდება. საქონელი არ იყიდება, მოვაჭრეები გარბიან, რადგან იჯარას ვეღარ იხდიან, რომელიც დოლარის კურსზეა მიბმული. იმპორტი გაგვიძივრდა, მაგრამ ფასს ვერ ვზრდით, რადგან მყიდველი ისედაც არ შემოდის. ბაჯაღლო 75-76 ლარი ღირს, მაგრამ მისი მყიდველი აღარავინაა. მოვაჭრეები ელოდებიან, რა მოხდება ამ კვირაში, თუ ლარი ისევ დაეცა, იძულებული იქნებიან დაკეტონ და წავიდნენ", - ამბობს ყიფიანი.

დღესდღეობით ქართველი მოვაჭრეებისთვის ყველაზე თავსატეხი რეალიზაციის კლებაა. "მომხმარებელი ოქროულს ყიდულობს მაშინ, როცა მისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენს. ასეთია ქორწილი, როდესაც ოქროს ახლობელი ადამიანისთვის იმეტებენ, თუნდაც ვალის აღება დასჭირდეთ. იშვიათად დაბადების დღეებზეც ყიდულობენ. ძვირფასეულობით ქვეყანაში არავინ ინტერესდება. ხშირად ხდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვყიდით. ფაქტობრივად, ბაზარი მომხმარებლის გარეშეა. რაც შეეხება ფასს, ბოლო რამდენიმე თვეა, ღირებულება ერთსა და იმავე ნიშნულზეა, უმნიშვნელო ცვლილება იყო 1 თვის წინ, მაგრამ მალევე ჩვეულ მაჩვენებელს დაუბრუნდა. ჯართის ფასია მცირედით მომატებული, მაგრამ მოთხოვნა არც მასზეა. შეიძლება ითქვას, თვითდინებაზე ვართ", - ამბობს ლინა ბირკაძე, "ოქროს ბირჟის" დილერი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"