ბანკები კლიენტებთან სესხების ვადის გაგრძელებას განიხილავენ

ბანკები მზად არიან კლიენტებთან ერთად განიხილონ სესხების ვადის გაგრძელება.

ამის შესახებ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და ბიზნესომბუდსმენ, ეკონომიკური საბჭოს მდივან გიორგი გახარიას შორის "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, "თიბისი ბანკმა" გეგმაზე მუშაობა გუშინდელი დღიდან დაიწყო.

"გეგმა ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ ბანკების კლიენტებმა რაც შეიძლება ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა იგრძნონ ლარის კურსის დაცემის გამო. აქედან გამომდინარე, ბანკები მზად არიან კლიენტებთან ერთად განიხილონ სესხების ვადის გაგრძელება, სხვა გზები იმისთვის, რომ ეს ეფექტი და გავლენა იყოს მაქსიმალურად ნაკლები", - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ამ ინიციატივის განხორციელება უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, კონკრეტული შემთხვევა იქნება განხილული და საქმე ეხება იმ სესხებს, რომლებიც გაცემულია დოლარში და რომლის შემთხვევაში მსესხებელს შემოსავალი ლარებში აქვს.

კითხვაზე - იქნება თუ არა ზარალის მომტანი ასეთი რესტრუქტურიზაცია - ბადრი ჯაფარიძის თქმით, საზოგადოდ, ეს ბანკისთვის მომგებიანი არ იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია, რომ მდგომარეობა შეუმსუბუქდეს, მოინახოს გრძელვადიანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კლიენტის ბიზნესი გაიზარდოს და უარყოფითი გავლენა იყოს მაქსიმალურად ნაკლები. მისივე თქმით, საბანკო სისტემისთვის ლარის ცვლილებას პრობლემა არ შეუქმნია. "ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას იქედან, რომ თუკი მომხმარებელს სესხი ჰქონდა დოლარში და შემოსავალი ლარში, აქედან გამომდინარე, მისთვის სესხის მომსახურება გაძვირდა. სხვა არანაირი პრობლემა ლარის კურსის ცვლილებას საბანკო სექტორისთვის არც გამოუწვევია, არც შეუქმნია და შექმნას არც ველოდებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სთხოვა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ, შემოსავალი კი - ლარებში.