რომელ ვალუტაში სჯობს სესხის აღება?

მიუხედავად ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა, მომხმარებელს ვურჩევთ, თავი შეიკავონ სავალუტო ოპერაციებისგან

ლარის კურსის გაუფასურების გამო მოსახლეობა, რომელსაც ბანკში კრედიტი დოლარში ჰქონდა აღებული ან ლარში გახსნილი ანაბარი, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ასევე საგონებელშია ის მომხმარებელი, რომელსაც თანხა სჭირდება, სესხის აღება უნდა, თუმცა არ იცის შექმნილ ვითარებაში როგორ მოიქცეს და რომელ ვალუტაში სჯობს კრედიტის აღება.

ღირს თუ არა დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა, რა ვალუტაში სჯობს სესხის აღება - მომხმარებლისთვის საინტერესო ამ შეკითხვებს bpn.ge-სთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტი, დავით კიკვაძე აძლევს.

- იმ ადამიანებს, ვისაც დღეს დოლარში აქვთ სესხი, ვურჩევ, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდონ და მოერიდონ სესხის ლარში გადატანას, რადგან ამ ეტაპზე ყველაზე არახელსაყრელი პერიოდია.

- როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, ვისაც ანაბარი ეროვნულ ვალუტაში აქვს?

- ანალოგიურად იმ მომხმარებლებს, ვისაც ანაბარი ლარში აქვთ გახსნილი, მიუხედავად ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა, ვურჩევთ, თავი შეიკავონ სავალუტო ოპერაციებისგან და არ გადაიტანონ ანაბარი უცხოურ ვალუტაში, რადგან ამ პროცესმა შესაძლებელია ისინი დააზარალოს.

- რა სარგებელს მოუტანს მომხმარებლებს, რომელთაც სესხის დოლარში აქვთ, ბანკების შეთავაზება ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით?

- მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში, ბანკები სთავაზობენ სესხის პროლონგაციას, ანუ ვადის გაგრძელებას, რაც რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტია, ვინაიდან მაგალითისთვის თუ მომხმარებელი თვეში იხდის 500 დოლარს, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში შეუმცირდება ყოველთვიურად შესატანი თანხა და გადაიხდის მაგ. 400 დოლარს. თუმცა ეს პროცესი გამოიწვევს ჯამურად გადახდილი პროცენტის ზრდას. აქედან გამომდინარე მომხმარებელმა უმჯობესია სპეციალისტებთან და კომპეტენტურ პირებთან ერთად კარგად გაანალიზოს: შეიმსუბუქოს ყოველთვიურად შესატანი თანხა და გაზარდოს ჯამურად გადასახდელი პროცენტი, თუ გააგრძელოს იგივე ვადით და თანხით სესხის დაფარვა. ამ ადამიანებს შეუძლიათ დარეკონ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოება და ბანკების" ცხელ ხაზზე 240 05 05 და მიიღონ კვალიფიციური რჩევები კომპეტენტური პირებისგან.

- რამდენად მართებულია შექმნილ ვითარებაში ბანკში სესხის აღება?

- ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა სესხი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აიღონ და კარგად გაანალიზონ საკუთარი შესაძლებლობები. ყველაზე მთავარი რჩევა მომხმარებლებისთვის არის ის, რომ სესხი იმ ვალუტაში აიღონ, რაშიც შემოსავალი აქვთ. ამით ისინი დაიცავენ თავს სავალუტო რისკისგან და კურსის რყევებით არ დაზარალდებიან.

მარი ჯავახიშვილი