სიეტლში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი ოჯახის შემოსავლით განისაზღვრება

4-წევრიანი ოჯახი, რომლის შემოსავალიც წელიწადში 47 700 დოლარია, ფასდაკლებით ისარგებლებს

აშშ-ის ქალაქ სიეტლში მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადასახადი ამიერიდან ოჯახის შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება. სიეტლის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოჯახები, რომელთა შემოსავალი საარსებო დონის ფედერალური მინიმუმის 200%-ზე ნაკლებს შეადგენს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებზე გარკვეულ ფასდაკლებას მიიღებენ.

4-წევრიანი ოჯახი, რომლის შემოსავალიც წელიწადში 47 700 დოლარია, ავტობუსის, ადგილობრივი მატარებლის ან ბორანის ბილეთში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს და მხოლოდ 1,50 დოლარს გადაიხდის.

"ბიბისის" ცნობით, სავარაუდოდ, ფასდაკლებით სიეტლის 100 ათასი მცხოვრები ისარგებლებს.

2005 წელს მსგავსი პროგრამა ამოქმედდა სან-ფრანცისკოში, სადაც წელს უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთზე ფასდაკლებით მოსახლეობის 6%-ზე ნაკლები სარგებლობს.

აშშ-ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანაში რეცესიის დაწყების შემდეგ აშშ-ის ქალაქების 70%-მა ტრანსპორტზე გამოყოფილი ბიუჯეტი შეამცირა ან მგზავრობის ფასები გაზარდა.