უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 30%-მდე გაზარდა

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 19,5 პროცენტიდან ერთბაშად 30%-მდე გაზარდა.

უკრაინის ცენტრალური ბანკის მმართველის ვალერია გონტარევას განცხადებით, ბანკმა მსგავსი გადაწყვეტილება დაკრედიტების ბაზრისა და გრივნის გაცვლითი კურსის დასტაბილურების მიზნით მიიღო.

ამერიკული სააგენტო "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ეს ყველაზე მაღალი ნიშნულია "ბლუმბერგის" მიერ აღრიცხულ ქვეყნებს შორის.

ამასთან ერთად, უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გააფართოვა გრივნას კურსის სტაბილიზაციისთვის საჭირო შემზღუდველი ზომების ჩამონათვალი. კერძოდ, ამ მიზნით სრულად იკრძალება ქვეყნიდან დივიდენდების გატანა და იზღუდება შიდა ბაზარზე ბანკებისა და მათი კლიენტებისთვის ვალუტის შესყიდვის შესაძლებლობები.

გარდა ამისა, უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა უცხოელი ინვესტორების მიერ უკრაინის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვის მიზნით ბანკებს საინვესტიციო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში თანხების გადარიცხვა აუკრძალა.

6 თებერვალს ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 14%-იდან 19,5%-მდე გაზარდა.

გრივნა 2014 წლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაუფასურებადი ვალუტა იყო. "ბლუმბერგის" მონაცემებით, გასულ წელს გრივნა 60%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში.

უკრაინის ცენტრალური ბანკის ასეთი რადიკალური ნაბიჯი 2015 წლის უკრაინის ბიუჯეტის მაჩვენებლებს უკავშირდება, სადაც განსაზღვრულია, რომ ერთი აშშ დოლარი 21 გრივნა ეღირება, დღეისთვის კი ერთი აშშ დოლარი 24 გრივნა ღირს.