სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას.

როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა განაცხადა, აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს. თუმცა, მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალურად შეჭირვებულთა და უპოვართა დაცვის მიზნით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, თბილისს 23 თებერვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა და მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესაფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების ძიება. მისია შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.