ტაქსით მგზავრობა ძვირდება

ავტოგაზის ფასის გაზრდამ და ლარის გაუფასურებამ მძღოლები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო

ავტოგაზის ფასის მატება და ლარის გაუფასურება ტაქსების მიერ დაწესებულ ტარიფზე აუცილებლად აისახება. ადრე თუ ცენტრალურ უბნებში გადაადგილება 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ფასმა უახლოეს მომავალში შეიძლება 5 ლარამდე მოიმატოს. ტარიფის ცვლილებაზე საუბრობენ ის კომპანიებიც, რომლებსაც ავტომობილი ბენზინზე ჰყავთ. მათ სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი და ამიტომ იძულებულნი არიან მგზავრობა გააძვირონ.

ზაფხულიდან მოყოლებული, სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება დაახლოებით 55-დან 60 თეთრით შემცირდა. სამაგიეროდ, 5 თეთრით გაძვირდა საავტომობილო გაზი და ბენზინს უკვე დიდად აღარ ჩამორჩება. მაგალითად, ”ვისოლში” 1 კბ/მ ავტოგაზი უკვე 1.20 ლარი ღირს. არსებული საფასო ცვლილება აისახა ტაქსების მუშაობაზეც. მათი ინფორმაციით, მომსახურების გაძვირებას მასშტაბური სახე 1 თვეში მიეცემა. ამჟამად ნაწილი ძველი ტარიფის შენარჩუნებას შეძლებისდაგვარად ახერხებს.

”ბოლო დროს საწვავის ფასმა იკლო, გაზი კი, პირიქით, გაძვირდა. ამან გამოიწვია ის, რომ ბენზინის ღირებულება ავტოგაზისას მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ეს ფასის მომატებას გამოიწვვს. აბა, რა გამოდის, ზარალზე ხომ არ ვიმუშავებთ, რაღაც ხომ უნდა დაგვრჩეს? ახლა საბურთალოს ტერიტორიაზე 3 ლარად, ხოლო ცენტრიდან გარეუბანში 6 ლარად მივდივართ. ეს იმიტომ, რომ უმეტესობას ავტმობილი გაზზე გვყავს და ხარჯი დიდი არ არის. ახლა ფასი მოიმატებს. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე იგივე თანხას აღარ დავჯერდები, არ ”მაწყობს”,-  ამბობს თბილისელი მძღოლი გია ლონდარიძე.

თამაზ ახალკაცი უკვე 4 წელზე მეტია ”ტაქსაობს”. იგი სხვების მსგავსად ტარიფის მომატებაზე საუბრობს. მან ”რეზონანსთან”  საუბრისას აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ავტოგაზი არ გაიაფდება, მგზავრობას გააძვირებს. სხვაობა კი 1 ან 2 ლარი იქნება.

”ახლა საბურთალო-ვაკის ტერიტორიაზე 3-4 ლარად დავდივარ. გაძვირებას ვფიქრობ, რადგან არაფერი მრჩება. ბევრმა მარტიდან უკვე მოუმატა ფასს. ეს მომხმარებლის შემცირებასაც გამოიწვევს, რადგან აქამდე თითქმის სამარშრუტო ტაქსის ფასში დავდიოდით. ხალხს ისედაც არ აქვს საშუალება და გაძვირება მათ ჯიბეზე ცუდად იმოქმედებს. თუ ასე გაგრძელდა, მალე ”ტაქსაობა”  წამგებიანი საქმიანობა გახდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაანებებს კიდეც თავს. ისედაც ”კლიენტების” ნაკლებობას განვიცდით და გაზის გაძვირება და ტარიფის ზრდა უფრო მეტად შეგვიმცირებს მგზავრებს”, - ამბობს თამაზ ახალკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 50 000-მდე ტაქსი მოძრაობს. აქედან გარკვეული ნაწილი ახლომდებარე რაიონებიდან ჩამოსული მანქანებია. მათ რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი გიორგი ფრიდონაშვილიც. იგი პურის ფულის საშოვნელად დუშეთიდან ჩამოდის. ის ავტოგაზის გაძვირებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ტარიფის გაზრდა გარდაუვალია, რადგან მძღოლების ძალიან დიდ ნაწილს მანქანები გაზზე ჰყავს გადაყვანილი.

”ძალიან ბევრია ჩემნაირად. გგონიათ თბილისში ვინც დადის, ყველა ქალაქელია? რაიონებიდან ძალიან ბევრი ჩამოდის თითო-ოროლა კაპიკის საშოვნელად. ტაქსების 90% გაზზეა. აქედან გამომდინარე, ფასის მატება ტარიფზე იმოქმედებს. ადრე ცენტრალურ უბნებში გადაადგილება თუ 3-5 ლარის ფარგლებში ღირდა, ახლა ცოტათი მოიმატა, სადღაც 1 ლარით. სიტუაციას დავაკვირდები, შესაძლოა, მეტად გავზარდო ფასი. რა ვქნა, ზარალზე ხომ არ ვიმუშავებ? კომპანიებში არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ასე ინდივიდუალურად ვინც დადის და ”ტაქსაობს”, ტარიფი უკვე გაზარდა. შეიძლება ბევრი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს, მაგრამ ეს ასეა”, - ამბობს გიორგი ფრიდონაშვილი.

”რეზონანსი” დაინტერესდა, რა ხდება კომპანიებში. როგორც აღმოჩნდა, ავტოგაზის გაძვირება მათაც ემძიმათ, რადგან მანქანები 90%-ს გაზზე ჰყავს გადაყვანილი. ნაწილი ფასის შენარჩუნებას გაჭირვებით, ზარალის ხარჯზე ახერხებს, თუმცა როდემდე გაგრძელდება ასე, ჯერ ვერ გაურკვევიათ.

”მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ძველი ტარიფი. ჯერ ისედაც ხალხს როგორ უჭირს და კიდევ ფასის გაძვირება ძალიან ცუდად იმოქმედებს მათზე. საკუთარი ჯიბის ხარჯზე ვცდილობთ შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, მძღოლი ზარალობს, რადგან იგი ასხამს საწვავს. ტარიფის შენარჩუნებას რაც შეეხება, როდემდე შევძლეთ ვერ გეტყვით. ბაზარზეა დამოკიდებული. ვუყურებთ კონკურენტი კომპანიები როგორ იმუშავებენ. არ ვიცი, ჯერჯრეობით ვერ გაგცემთ პასუხს. 120 ავტომობილიდან ყველა გაზზეა”, - აცხადებს კომპანია ”ელიტ ტაქსის” დირექტორი ლევან გაგუნაშვილი.

დიდ გაურკვევლობაში არიან ის კომპანიებიც, რომლებსაც მანქანები ბენზინზე ჰყავთ. ფასის მატებას არც ისინი გამორიცხავენ. მიზეზი ლარის გაუფასურებაა.

”ჩვენი კომპანიის ტაქსები ჰიბრიდული ავტომობილებია, მუშაობს დენზე და ბენზინზე. დოლარის კურსიდან გამომდინარე, შესაძლოა, შეიცვალოს ფასი, მაგრამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ტარიფის გაზრდას არ ვაპირებთ. ამჟამად 1 კილომეტრის ღირებულება არის 50 თეთრი, შესაბამისად, გამორიცხული არ არის 10-15 თეთრით გაძვირდეს. იმედი გვაქვს, კურსი შეიცვლება და დაუბრუნდება საწყის პოზიციას. თუ არ შეიცვალა, მოგვიწევს გაძვირება. ჩვენც ბანკზე ვართ მიბმულნი, სესხი გვაქვს დოლარში გამოტანილი და იძულებულნი ვიქნებით, ტარიფი გავზარდოთ”, - აცხადებს ”ტაქსი პრიუსის” გენერალური დირექტორი გიორგი ჩაჩხიანი.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”