ქართული თხილის ფასი ”თამაშობს”

როგორც კი ფასმა 12 ლარს მიაღწია, რატომღაც ნახოტმისებურად 8 ლარამდე ჩამოვიდა

მარტის დასაწყისში თხილის ფასი ისტორიულ რეკორდამდე ავიდა და შემდეგ ერთბაშად დაეცა. 12 ლარიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი უცებ 8 ლარამდე გაიაფდა. 3-4 დღის წინათ 1 კგ თხილს გადამამუშავებელი ქარხნები 12 ლარად იბარებდნენ. ექსპორტიორები თხილის მკვეთრმა გაიაფებამ იმდენად დააბნია, რომ მიზეზის ახსნაც უჭირთ. მათი ვარაუდით, პროდუქტის ღირებულებაზე მცირე ცვლილებებს დოლარის კურსი ახდენდა. გარდა ამისა, ფასს ყოველთვის თურქეთის ფაქტორი განსაზღვრავს.

გავრცელებული ინფორმაციით, შარშანდლის მსგავსად, თურქეთში კარგი მოსავალი არც წელსაა. ამჯერადაც თხილის ნაწილი ყინვამ გააფუჭა და წარმადობა შემცირდა. ეს ფაქტორი ექსპორტიორებს იმედს აძლევს, რომ საქართველოში თხილი ისევ გაძვირდება და შარშანდელ მაჩვენებელს მიაღწევს. მათი ვარაუდით, თვის ბოლომდე 1 კგ მინიმუმ 2-3 ლარით გაძვირდება.

სამეგრელოს რეგიონში თხილის რეალიზატორი ლადო გერგედავა ამბობს, რომ თურქი ბიზნესმენები ქართული თხილით კვლავ დაინტერესდნენ. ამ რამდენიმე დღის წინათ თხილის ფასის რეკორდული გაძვირების მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო. სიძვირის მიუხედავად, თურქებს სამეგრელოში აქტიურობა არ შეუნელებიათ, პირიქით, როცა ფასი დაეცა, გააქტიურდნენ კიდეც.

"მართალია, მარაგი დიდი აღარ არის, მაგრამ მაღალმა ფასმა მოსახლეობა აღაფრთოვანა. მათ იმედი მიეცათ, რომ ფასი სტაბილურად შენარჩუნდებოდა. ბოლო დღეებში 8 ლარამდე თხილის გაიაფებას არავინ ელოდა. საუკეთესო ხარისხის თხილს 12 ლარად ვიბარებდით, ხოლო გარჩეული თხილის გული 15 ლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, ხალხი დიდად არ აქტიურობდა. მაღალი ფასი სულ რამდენიმე დღე იყო და რატომღაც ფიქრობდნენ, რომ კიდევ გაძვირდებოდა. ამიტომ ხალხმა გაყიდვა არ იჩქარა", - ამბობს ლადო გერგედავა.

თებერვლიდან მოყოლებული, თხილს თურქი ინვესტორებიც ყიდულობენ. "ახლა, რაც პროდუქტი გაიაფდა, თურქები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. რამდენადაც ვიცით, ჩვენს მეზობლებთან მოსავალმა არც წელს გაამართლა და ამან ფასზე საგრძნობი გავლენა მოახდინა. დოლარის კურსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მიუხედავად ამისა, იყო ცვლილება, მაგრამ ასე მასშტაბურს არ ველოდით. ჩვენ გრძელვადიანი კონტრაქტორები გვყავს - თურქები, იტალიელები და გერმანელები, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან დოლარის კურსს და თავს იზღვევენ. ეს პერიოდი ბიზნესმენებისთვის ძალიან რთული და სახიფათოა, რადგან თხილს ჩვენ ლარში ვიბარებთ და დოლარში ვყიდით. იმედი მაქვს, ფასი თვის ბოლომდე შეიცვლება და 2-3 ლარით მოიმატებს",- ამბობს ლადო გერგედავა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მცხოვრები რეზო სალაყაია იმაზე წუხს, რომ შარშანდელი მოსავლის გაყიდვა ვერ მოასწრო. მას გაძვირების მოლოდინი ჰქონდა და მოტყუვდა, რის გამოც პროდუქტი გაუყიდავი დარჩა. "2 ტონამდე თხილი მომყავს. ნახევარი შემოდგომაზე გავყიდე, მერე ვცდილობდი, სარფიანად გამეყიდა, ამიტომ შეგნებულად არ ვიჩქარე. ხმა გაავრცელეს, რომ თხილის ფასი 15 ლარს მიაღწევდა. არ ვიცი, შეიძლება შეგნებულად დააგდეს ხმა. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბიზნესია და ყველაფერი მოსალოდნელია. ახლა ვნატურლობ, რომ 10 ლარამდე მაინც აიწიოს ფასმა და წაგებული არ დავრჩე", - ამბობს რეზო სალაყაია.

ამჟამად მოსახლეობის მთელი გულისყური მომავალ სეზონზეა, რომ თხილი ძვირად გაყიდონ. ამისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თადარიგს წინასწარ იჭერენ. ხალხს უფრო მეტი სტიმული მიეცა, რომ თხილი მასობრივად მოაშენოს. მართალია, მოსავლის წინასწარ გაყიდვას ყველა ერიდება, მაგრამ გაჭირვების გამო ხალხს სხვა გამოსავალი არ აქვს და ბევრი ზარალზეც მიდის. ამიტომ არის, რომ რამდენიმე ოჯახს თხილის მოსავალი სეზონის განმავლობაშიც არ აქვს, უკვე ამ პერიოდში კი მარაგი ძალიან ცოტაა.

თხილის ფასის გამო გურიაშიც უკმაყოფილონი არიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გრიშა თოხაძე ამბობს, რომ ხალხის კეთილდღეობა თხილზე გახდა დამოკიდებული. ეს ძირითადი პროდუქტია, რომლის იმედიც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აქვთ.

"მოსავალი ორი თვის წინ სრულად ამოვყიდე, მაგრამ ფასის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნები. მუდმივად ვაკვირდები, როდის რა ღირს თხილი და რისი იმედი უნდა მქონდეს სამომავლოდ. სამწუხაროდ, ბევრს ნედლი თხილის გაყიდვა უწევს. ეს ფაქტი რომ არა, რეგიონში გაცილებით უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა. თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით მაშინ იყიდება, როცა სეზონი ახალი დაწყებულია და ფასიც შედარებით დაბალია. თუ გაამართლა, ამაზე სტაბილური შემოსავალი აქ არაფერია, ნაკლებ ხარჯს მოითხოვს. ამინდი იშვიათად ახდენს გავლენას და შენახვის განსაკუთრებული პირობებიც არ სჭირდება", - ამბობს გურული გლეხი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"