ოთარ დანელია: სოციალურ და ინფრასტრუქტურულ ნაწილში ხარჯების გადახედვას არ ვაპირებთ

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მისი უწყება არც სოციალურ და არც ინფრასტრუქტურულ ნაწილში ხარჯების გადახედვას არ აპირებს.

ამის შესახებ ოთარ დანელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ე.წ. ქამრების შემოჭერის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.  "ჩვენი პოზიცია არის ძალიან პრინციპული. ჩვენ არც სოციალურ და არც ინფრასტრუქტურულ ნაწილში არ ვაპირებთ ხარჯების გადახედვას, იმიტომ, რომ ეს ბიუჯეტი ისედაც შეწონილია. მე რომ ვთქვა - ჩვენ გადავხედავთ ხარჯებს, ეს არ იქნება გამართლებული იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით მეტი გვინდოდა, გაცილებით მეტი პროექტი გვაქვს გასაკეთებელი და ეს არის ის შეკვეცილი ბიუჯეტი უკვე, რომელიც თავის დროზე დავამტკიცეთ", - განაცხადა დანელიამ.

მინისტრის განცხადებით, თანხების დაზოგვა ძირითადად მოხდება ადმინისტრაციულ, წარმომადგენლობით ნაწილში, ავეჯის ნაწილში, ავტომობილების, საწვავის და სატელეკომუნიკაციო ხარჯებში.  "ეს არის ძირითადი მიმართულებები. თუ არ იქნება კრიტიკული, გამოუვალი მდგომარეობა სატრანსპორტო საშუალებებსაც არ შევიძენთ და ვეცდებით მაქსიმალურად არსებულით შემოვიფარგლოთ", - განაცხადა დანელიამ.

როგორც დანელიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს ზუსტად რა თანხა დაიზოგება, რადგან დაზუსტების პროცესი მიმდინარეობს.