ქალბატონი ელჩი

”ხშირად მავიწყდება კიდეც და არ ვფიქრობ, რომ ქალი ვარ, რადგან მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა თანასწორია”

დიპლომატია თავიდანვე არ ყოფილა მისი არჩევანი - ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გადაწყვიტა, რომ უნდოდა ყოფილიყო თამამი და ესწავლა საზღვარგარეთ. გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად კი ერთ დღესაც ისე, რომ მშობლებს არაფერი გაუმხილა, ადგა, ჩემოდანი ჩაალაგა და დიდ ბრიტანეთს მიაშურა სასწავლებლად.

90-იანი წლებში, როცა საქართველოში ჯერ არც მობილურის შესახებ ვიცოდით და არც სკაიპის შესაძლებლობებზე გვსმენოდა რამე, ლონდონში ჩასასვლელად კი ორი დღე იყო საჭირო, მომავალი დიპლომატი წინააღმდეგობებს არ შეშინებია. ახლა კი იხსენებს, რომ მაშინ არც დაფიქრებულა, რით შეიძლებოდა დასრულებულიყო მისი მოგზაურობა ნისლიან ალბიონზე, მაგრამ უცხო ქვეყანაში სწავლის სურვილს ისე ჰყავდა შეპყრობილი, არაფერი აშინებდა. ლონდონში ჩასულმა სურვილი აისრულა და ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა (LSE) დაამთავრა, პრესტიჟულ ბრიტანულ სკოლას ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მოჰყვა, სადაც პარალელურად მუშაობდა კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ ლიტვაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ განათლება საზღვარგარეთ ჯერ კიდევ იმ პერიოდში მიიღო, როცა ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ ჩვენს ქვეყანაში, მის მშობლებს ნამდვილად გაუმართლათ - მომავალი ელჩის სწავლა ყოველთვის სტიპენდიით ფინანსდებოდა და მშობლებს მისი სწავლის საფასური არასდროს გადაუხდიათ. ხათუნა სალუქვაძის CV საკმაოდ ვრცელი და შთამბეჭდავია, თუმცა შეუძლებელია მისი სამუშაო ბიოგრაფიიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა არ გამოვყოთ - იყო ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის მკვლევარი, ნატო-ს სამეცნიერო კვლევების მკვლევარი, "კორნელ კასპიან კონსალტინგის" ექსპერტი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2008-09 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფროსი მრჩეველი, წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასწავლიდა.

განათლება დღემდე რჩება მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტად. ვილნიუსის უნივერსიტეტში რამდენიმე თვის წინ ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი სწორედ ხათუნა სალუქვაძის ხელშეწყობითა და ინიციატივით გაიხსნა, ქართველი ელჩი ასევე აქტიურად უდგას მხარში ლიტვაში სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს და არა მხოლოდ მათ. დღემდე აქტიურად იბრძვის იმისთვის, რომ ვილნიუსის უნივერსიტეტში გახსნილი ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი მუდმივმოქმედ კათედრად იქცეს. სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ ლიტვა-საქართველოს შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობა მაქსიმალურად გაიზარდოს. "განათლების მიმართულებით ძალიან მინდა კიდევ გავააქტიურო და გაღრმავდეს კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის; მინდა, რომ ლიტვამ ის კარგი გამოცდილება, რაც აქვს, გაუზიაროს საქართველოს სწავლების, კვლევის, ტექნოლოგიების, ინოვაციების კუთხით. უახლოეს ხანებში ვგეგმავთ ზოგადად განათლების მიმართულებით სტუდენტების რიცხვის გაზრდას, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას", - გვითხრა ხათუნა სალუქვაძემ.

უკვე ორი წელია დიპლომატიურ სამსახურშია და ჩვენს ქვეყანას ლიტვაში წარადგენს. რამდენად რთულია მისთვის ელჩობა? - ამბობს, რომ რთულია, როდესაც საქართველოს საკითხები სირთულეებს უკავშირდება, როდესაც ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. "ყველას მოგვეხსენება, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა ყოველთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. ეს არის სირთულე. სხვა სირთულეს ვერ ვიტყოდი", - აღნიშნავს ლიტვაში საქართველოს ელჩი.

თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ხათუნა სალუქვაძის აზრით, იღბალმა აშკარად გაუმართლა, პირველი ელჩობა რომ ლიტვაში მოუწია. "ეს არის ქვეყანა, რომელსაც აბსოლუტურად განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან ემოციურ დონეზე, ხალხის დონეზე, მთავრობის დონეზე და რასაკვირველია, ელჩისთვის ეს სასარგებლო და ხელშემწყობი გარემოა, რადგან მსგავსი ფუფუნება სხვა ქვეყნებში მყოფ საქართველოს ყველა ელჩს არა აქვს. ჩემთვის კი ეს მხოლოდ დამატებითი სტიმულია და ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მეხმარება. აქედან გამომდინარე, მთელი საელჩო ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს გარემო. ვილნიუსს უკვე შევეჩვიე. თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ. იოლად ვნახულობ საერთო ენას როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე უბრალოდ ხალხთან. ლიტვაში შესანიშნავი, მეგობრული ატმოსფეროა", - ამბობს ქართველი დიპლომატი.

bpn

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ლიტვა-საქართველოს ურთიერთობებშიც, რომელიც ძალიან გააქტიურდა. "პოლიტიკური მიმართულებით ლიტვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო და ყველაზე საიმედო პარტნიორი და მხარდამჭერია, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ინტერესს. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან გააქტიურდა ურთიერთობები ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებითაც. 2014 წელს 30,5%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, გაორმაგდა ტურისტების რიცხვი, იზრდება ექსპორტიც და იმპორტიც და ეს ძალიან სასიამოვნოა", - აღნიშნავს ლიტვაში საქართველოს ელჩი.

ხათუნა სალუქვაძე ალბათ ერთ-ერთია იმ არცთუ ბევრ დიპლომატ ქალს შორის, რომელთაც შეიძლება ითქვას, თავიანთი მომხიბვლელობითა და გულწრფელი ღიმილით დიპლომატებზე საქვეყნოდ აღიარებული სტერეოტიპი დაანგრიეს - რომ დიპლომატი უნდა იყოს სიტყვაძუნწი, კარგად უნდა ეხერხებოდეს სიცრუე და სიმართლის ლამაზად შეფუთვა.

"პირიქით, ჩემი აზრით, დიპლომატის მთავარი თვისება არის ის, რომ აუცილებლად სიმართლე ილაპარაკო და ეს სიმართლე თავადაც უნდა გჯეროდეს. რადგან ეს სიმართლე ყოველთვის არის ობიექტური ფაქტი - ქვეყნის ინტერესი. თუმცა, რა თქმა უნდა, გლობალურობის გამო დაპატარავებულ სამყაროში დღეს უფრო მეტი დიპლომატობა გვიწევს, ვიდრე მე-20 საუკუნეში", - ამბობს ხათუნა სალუქვაძე.

ქართველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ დღემდე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ელჩი-ქალები მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი და ამ მხრივ გენდერული ბალანსი დარღვეულია. ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორიც ამერიკაა, სახელმწიფო დეპარტამენტში შეიძლება ბევრი ქალია, მაგრამ ელჩი-ქალი ცოტა ჰყავთ, იაპონიას კი სულაც ორი ელჩი ქალი ჰყავს. "საქართველოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქართული დიპლომატიური სამსახური ამ მხრივ, საკმაოდ განვითარებულია და საკმაო რაოდენობით ელჩი-ქალი გვყავს. მიმაჩნია, ამ თანამდებობაზე ქალის ყოფნა გარკვეული უპირატესობაა, რადგან ქალს ხშირად ეხმარება ამ თანამდებობაზე ბევრი ისეთი შინაგანი თვისება, როგორიც მოქნილობა, ინტუიტიურობა, გარკვეული შინაგანი სითბოა. ჩემი აზრით, უბრალოდ ღიმილიც კი ქალს ეხმარება და გარკვეულწილად განსაკუთრებულ განწყობასაც კი მოიპოვებთ მაშინ, როდესაც ვთქვათ, მამაკაცს გადარებენ", - ამბობს ქართველი დიპლომატი ქალი.

თუმცა მას შემდეგ, რაც დიპლომატიურ სამსახურშია, ხშირად ავიწყდება კიდეც და არ ფიქრობს, რომ ქალია, რადგან მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა თანასწორია. "თუ როდესმე ჩემში ქალი საუბრობს, ეს არის ისევ ის ქალური თვისებები, რაც ადამიანების მიმართ სითბო ან გახსნილობას გულისხმობს, რაც ქმნის განწყობას შენს მიმართ. დედაჩემი სულ მეუბნება, რამდენს იცინიო. სამაგიეროდ, აქ უთქვამთ ბევრჯერ - როგორი ელჩია, სულ იღიმის და რა კარგიაო. არ ვიცი, შეიძლება ეს ასეც იყო", - მისთვის ჩვეული ღიმილით ამბობს ხათუნა სალუქვაძე.

კარგი ელჩობისა და გულწრფელი ღიმილის მიღმა, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ სამსახურში ყოფნას სირთულეებიც ახლავს. "როდესაც გარკვეულ სიძნელეებზე ვსაუბრობთ, ეს ალბათ მხოლოდ პირადი ხასიათის შეიძლება იყოს ან შეიძლება ოჯახთან დაკავშირებული", - გვეუბნება საქართველოს ელჩი ლიტვაში.

მომავალ მეუღლეს, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდსა და ძიუდოში დავით ჭელიძეს წლების წინ, საცურაო აუზზე შეხვდა. იმ პერიოდში ხათუნა სალუქვაძე უკვე ამერიკაში სწავლობდა და საქართველოში სულ რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. ეს, ალბათ, ერთი ნახვით შეყვარება იყო, რადგან ამერიკაში დაბრუნებულ ხათუნას, ერთ დღესაც სრულიად მოულოდნელად ჩააკითხა მსოფლიო ჩემპიონმა, რომელმაც საყვარელი ქალის გამო უარი თქვა თავისი ბიზნესის ერთ-ერთ საქმიანობაზე. "ვალში" არც ხათუნა დარჩენილა - თავის მხრივ, მან უარი თქვა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლაზე და საქართველოში დაბრუნდა. "ყველაფერს თავი დავანებე, რადგან დავრწმუნდი,რომ ეს ადამიანი ჩემთვის ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო", - იხსენებს ქალბატონი ელჩი, რომელიც ოჯახის შექმნის შემდეგ ამერიკაში ისევ დაუბრუნდა და ჰარვარდში სწავლა ბოლომდე მიიყვანა.

წლების მერე, როცა დიპლომატიური სამსახურის გამო ხათუნა სალუქვაძეს ისევ რამდენიმე წლით უწევდა სამშობლოდან და ოჯახიდან წასვლა, მეუღლე ბოლომდე გვერდში დაუდგა და ლიტვაში მასთან და მცირეწლოვან მარიამთან ერთად გაემგზავრა. "პირველივე დღიდან ერთად ჩამოვედით. იყო გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი პერიოდი. მაგრამ როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩემი მეუღლე ბოლომდე მხარში დამიდგა. ვფიქრობ, ჩემს მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ წარმატებული ოჯახი ვართ", - აღნიშნავს ხათუნა სალუქვაძე.

მარი ჯავახიშვილი

ფოტოები: ჟურნალი ”ლაიმა”