როგორ კეთდება ბიზნესი ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა ერთ დოლარზე ცხოვრობს

ამერიკელების ყოფილი თარჯიმანი ავღანეთში წარმატებული ბიზნესმენი გახდა

9/11 ტერაქტის შემდგომ პერიოდში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თარჯიმნად დასაქმებული ავღანელი, ფაჰიმ ჰაშიმი დღეს ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. ქაბულში დაბადებული და გაზრდილი ჰაშიმი თავდაპირველად ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა და ველოსიპედით გადაადგილდებოდა. 20 წლის ასაკში კი, ის გახდა ერთ-ერთი პირველი დასაქმებული აშშ-ის სამხედრო ბაზაზე. ახლა ის 35 წლისაა და კომპანია "ჰაშიმი გრუპს" ხელმძღვანელობს.

მისი კომპანიის წლიური საშუალო ბრუნვა 200 მილიონი დოლარია. ავღანელი ბიზნესმენის კომპანია ქვეყნის სიდიდით მეორე ტელეკომპანია "პირველ არხს" და ლოჯისტიკურ და სამშენებლო კომპანიებს აერთიანებს. ის ასევე ფლობს ავიაკომპანია "ისტ ჰორიზონს", რომელიც შიდა ფრენებს ახორციელებს. ფაჰიმ ჰაშიმი ფიქრობს, რომ მას წარმატების სწრაფად მიღწევაში ინგლისური ენის ცოდნა დაეხმარა. "ყველას არ შეეძლო მაშინ ინგლისურად საუბარი და მე ბედნიერი ვიყავი, რომ ეს ენა ვიცოდი. მქონდა ამბიცია და ხედვა, რასაც შემდეგ მოჰყვა ბევრი შრომა" - აღნიშნა ავღანელმა ბიზნესმენმა. ფაჰიმ ჰაშიმისთან ინტერვიუ "ბიბისიმ" ჩაწერა.

როგორ დაიწყო ამერიკელების ყოფილმა თარჯიმანმა ბიზნესი ავღანეთში?

ჯერ კიდევ 2005 წელს, როდესაც ჰაშიმი ამერიკის სამხედრო ბაზაზე მუშაობდა, საერთაშორისო ძალებისგან 600 დოლარის ღირებულების თეთრეულის პირველი შეკვეთა მიიღო. ახლა კი ის ავღანეთის ეროვნულ არმიას საწვავითა და სამხედრო ფეხსაცმელით ამარაგებს.

ათი წლის განმავლობაში ჰაშიმის ბიზნესმა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და ავღანეთის ეკონომიკას მილიონობით დოლარის სარგებელი მოუტანა, მაშინ როდესაც ავღანელი ბიზნესმენების დიდმა ნაწილმა ქვეყნის გარეთ არჩია ინვესტიციების განხორციელება. "ჩვენ ერთ-ერთი ვართ იმ კომპანიებს შორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში განვახორციელეთ ინვესტიცია. ჩვენ ამისთვის ბევრს ვმუშაობთ და ვამაყობთ კიდეც. არიან ავღანელები, რომელთაც ფული ქვეყნის გარეთ გააქვთ, რასაც მე მათ არასოდეს ვურჩევდი", - აღნიშნა ჰაშიმიმ.

ბიზნესმენის თქმით, ავღანეთში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეში მხოლოდ ერთ დოლარზე ცხოვრობს, ბიზნესის კეთება მარტივიცაა და რთულიც: "მარტივია, ვინაიდან კონკურენცია არ არსებობს, თუმცა, რთულია, ვინაიდან ბიზნესი აქ ძალიან სარისკოა. თუ დიდ ბრიტანეთში ფლობ ბიზნესს, არ ისურვებ ალბათ რომ ავღანეთში ჩადო ფული მაღალი რისკების გამო. მეორე მხრივ კი, როდესაც ჩვენ ავღანეთში ვდებთ კაპიტალს, არ გვიწევს ისეთი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა, როგორიც დიდ ბრიტანეთშია".

ჰაშიმი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ცხოვრობს და მიუხედავად ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ არსებული სარისკო ვითარებისა, საკუთარი ქვეყნის დატოვებას და ბიზნესის კეთების სხვა ქვეყანაში გაგრძელებას არ აპირებს.

თამთა ჯიჯავაძე