ოპრა უინფრი - იშრომეთ და მიზანს მიაღწევთ

მადლიერი იყავით იმის გამო, რაც გაქვთ და საბოლოოდ მეტს მიიღებთ.

ოპრა უინფრი დღეს ერთ-ერთი გავლენიანი და მდიდარი ქალია, პირველი შავკანიანი მილიარდერი ქალი კაცობრიობის ისტორიაში და ნათელი მაგალითი ადამიანისა, რომელმაც იმპერია ნულიდან შექმნა. ოპრა უინფრის შოუ ამერიკულ ტელევიზიაში მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ტელეპროგრამა იყო. დღეს მისი ქონება 2,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რითაც ყველაზე მდიდარი ქალია მსოფლიო შოუბიზნესში.

ოპრა უინფრი 1954 წელს დაიბადა მისისიპის ქალაქ კოსტიუშკოში, ბაპტისტთა ოჯახში. მისი მშობლები დაქორწინებული არ იყვნენ. დედამისი მოახლე იყო, მამა - მაღაროელი.

ბავშვობის წლები ოპრამ ბებიასთან გაატარა, სოფელში, სადაც წერა-კითხვა ისწავლა. იქვე გაითქვა პირველად სახელი, როგორც კარგმა ორატორმა. ბიბლიის თავების კარგი მოყოლის გამო ”მქადაგებელსაც” კი უწოდებდნენ.

როგორც მოგვიანებით ყვებოდა, ბავშვობაში ძმებმა, ბიძამ და მათმა მეგობრებმა არაერთხელ სცადეს მასზე ძალადობა. 13 წლისამ მოახერხა და სახლიდან გაიქცა. 14 წლისა დაორსულდა. თუმცა, ბავშვი დაბადებისთანავე გარდაიცვალა. განაწყენებულმა დედამ ოპრა ნეშვილში გაგზავნა, მამასთან. სწორედ მამამ მოჰკიდა მკაცრი ხელი ოპრას, იზრუნა მის განათლებაზე და ტენესის შტატის უნივერსიტეტში ჩარიცხვაშიც დაეხმარა. 18 წლის ოპრამ უნივერსიტეტშივე გაიმარჯვა თეატრალიზებულ სილამაზის კონკურსში, რომელშიც მხოლოდ შავკანიანი გოგონები მონაწილეობდნენ.

სწავლის პარალელურად მუშაობდა, ადგილობრივ ტელეარხზე რეპორტიორობდა და ნეშვილის ტელევიზიაში პირველი შავკანიანი რეპორტიორი იყო. მოგვიანებით სხვა ტელევიზიებში გადაინაცვლა. 1986 წელს კი შექმნა საკუთარი პროგრამა "ოპრა უინფრის შოუ", რომელმაც არა მხოლოდ სახელი გაუთქვა, არამედ ძალიან მდიდარ და გავლენიან ქალადაც აქცია.

2011 წელს ოპრამ ტელეარხიც გახსნა და მომავალში საკუთარი შოუს წაყვანას აპირებს.

ოპრა უინფრის ბიზნესციტატები

1. როგორიც უნდა იყოს თქვენი მიზანი, მიაღწევთ მას, თუ შრომას არ დაიზარებთ.

2. ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს. ეს ყველაზე ბრძნული რამ არის ცხოვრებაში.

3. მადლიერი იყავით იმის გამო, რაც გაქვთ და საბოლოოდ მეტს მიიღებთ. თუ ყურადღების კონცენტრირებას იმაზე ახდენთ, რაც არა გაქვთ, არასდროს არაფერი იქნება თქვენთვის საკმარისი.

4. მხოლოდ ის ადამიანები შემოიკრიბეთ გარშემო, რომლებიც აღმასვლაში დაგეხმარებიან.

5. თუ აკეთებთ საქმეს, რომლისთვისაც ფულს არ გიხდიან, გაიხსენეთ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხართ.

5. მე არ მჯერა უიღბლობის. უიღბლობა არ არსებობს, თუ მუშაობა სიამოვნებას განიჭებთ.

7. ყოველთვის ვიცოდი, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. მჯეროდა, რომ 32 წლისა გავმდიდრდებოდი.

8. ცხოვრებაში მხოლოდ იმას იღებთ, რის მოთხოვნასაც ბედავთ. ნუ შეგეშინდებათ უფრო თამამი მოთხოვნების.

9. რაც მეტს გასცემთ, მით მეტს მიიღებთ.

10. წარმატების საიდუმლო ის არის, რომ არავითარი საიდუმლო არ არსებობს - იშრომეთ და მიზანს მიაღწევთ.