წარმატების ”აგურები”

როგორ შენდებოდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სათამაშოების კომპანია

”ლეგო” დღეს მსოფლიოში სათამაშოების ყველაზე ცნობილი ბრენდია. ცოტამ თუ იცის, რომ კომპანიამ თავისი ისტორია დაიწყო, როგორც ხის ნაწარმის დამამზადებელმა. ”ლეგოს” პირველი სათამაშოებიც ხისგან კეთდებოდა. კომპანია იმდენად გაფართოვდა, რომ მის ცნობილ კონსტრუქტორებს მეკობრე-ფირმები ”ტონობით” ამზადებენ. როგორც ბიზნესის შესახებ გამოცემული წიგნების ცნობილმა ამერიკელმა ავტორმა სეტ გოდინმა თქვა, ”თუ გბაძავენ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ნამდვილად შეგიქმნიათ”.

”ლეგოს” ისტორია 1932 წელს დაიწყო, როცა ოლე კირკ კრისტიანსენმა დანიაში ყოველდღიური მოთხოვნილების საგნების დასამზადებელი კომპანია დააარსა. ოლე პროდუქციას ხისგან თლიდა, კომპანიისთვის ძირითადი მოგება კიბეებსა და საუთოო დაფებს მოჰქონდა, თუმცა მსოფლიო კრიზისისას მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. საჭირო გახდა ახალი ნიშის პოვნა და ოლემაც ხის სათამაშოების წარმოება დაიწყო, მათზე მოთხოვნა კრიზისის დროსაც არ შენელებულა. ამ საქმეში ოლეს მარჯვენა ხელი მისი 12 წლის ვაჟი გოტფრიდი იყო.

კომპანიას სახელი სჭირდებოდა და კრისტიანსენმაც მოიფიქრა - Lego, რაც ორი სიტყვისგან, Leg-ისა და Goldt-ისგან წარმოდგება, რაც ”კარგად თამაშს” აღნიშნავს. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო შემქმნელმა, რომ ლათინურად ”ლეგო” თურმე ნიშნავს ”მე ვსწავლობ”, ”მე ვაწყობ”. ამან უდავოდ დიდად იმოქმედა კომპანიის მომავალზე. ფირმაში სულ შვიდი დურგალი მუშაობდა, ისინი დიდი მონდომებით ზრუნავდნენ ნაწარმის ხარისხზე. კედელზე ოლემ კომპანიის დევიზიც კი დაწერა - ”მხოლოდ საუკეთესოა ღირსეული”.

ოთხ წელიწადში ”ლეგოს” ასორტიმენტი 42 სხვადასხვა სათამაშოსგან შემდგარ ნაკრებს ითვლიდა, რომლებიც იმ დროისთვის სულაც არ ღირდა იაფი (ისევე როგორც დღეს), აგრეთვე უშვებდა ხის სხვა ნაწარმსაც.

1940-იან წლებში კომპანიაში ბევრი ცვლილება მოხდა. დაიწვა მისი ერთადერთი ფაბრიკა. მისი აღდგენისთანავე გადაწყდა, რომ ამიერიდან ”ლეგო” მხოლოდ სათამაშოებს გამოუშვებდა. პერსონალის რიცხვი იზრდებოდა და 1943 წლისთვის 40 კაცს მიაღწია, ერთი წლის შემდეგ კი კრისტიანსენმა, ბოლოს და ბოლოს, ოფიციალურად დაარეგისტრირა თავისი კომპანია და მას LegetOjsfabrikken LEGO Billund A/S-ი უწოდა.

კომპანიის ბედი 1947 წელს სამუდამოდ შეიცვალა: ”ლეგომ” ინგლისელი ფსიქოლოგის, ჰილარი ”ჰარი” ფიშერ პეიჯის ქმნილებაზე უფლებები მოიპოვა. ეს პლასტიკის პატარა ”აგური” გახლდათ, რომელიც სხვა, მსგავს პატარა დეტალებს უერთდებოდა, რისი წყალობითაც კონსტრუქციების შექმნა შეიძლებოდა. ეს იყო დასაწყისი. ოლეს ვაჟი უკვე 30 წლის გახლდათ და მამაზე არანაკლებად მონაწილეობდა კომპანიის საქმეებში. გოტფრიდს ესმოდა, რომ მომავალი სწორედ ასეთ სათამაშოებს ეკუთვნოდა. ”ლეგო” ნელ-ნელა დაშორდა ხეს პლასტმასის სასარგებლოდ. 40-იანი წლების ბოლოს კომპანიას პლასტმასისა და ხის სათამაშოების 200 მოდელი ჰქონდა შექმნილი, თუმცა ჯერ სულაც არ იყო ისეთი, როგორსაც დღეს ვიცნობთ - კუბები სრულფასოვანი კონსტრუქტორისთვის ჯერ კიდევ უხეირო იყო და ამიტომ არც უშვებდნენ.

1958 წელს, როცა კომპანიას უკვე გოტფრიდი ხელმძღვანელობდა, კუბებისგან შემდგარი სამშენებლო ელემენტების სისტემა დააპატენტა. ეს სავსებით ახალი სისტემა გახლდათ, კონსტრუქციის დეტალები უფრო მყარად უერთდებოდნენ ერთმანეთს. უკვე შეიძლებოდა, მისთვის ასეც ეწოდებინათ - კონსტრუქტორი. მაგრამ ”ლეგოს” ცნობილი კუბების გამოჩენამდე, გოტფრიდის ხელმძღვანელობისას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 1955 წელს გამოვიდა ”ლეგოს” სათამაშოების თემატური ნაკრები. ეს იყო წინამორბედი მრავალი წლის შემდეგ გამოსული პოპულარული თემატური სერიებისა (კოსმოსი, ქალაქი, რაინდები, კოვბოები და სხვა). პირველივე ნაკრებებზე გამოსვლისთანავე დიდი მოთხოვნილება იყო.

კომპლექტები

1960 წელს ცეცხლი გაუჩნდა საამქროს, სადაც ”ლეგოს” ბრენდით ამზადებდნენ ხის სათამაშოებს. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ აღდგენილი საამქრო პლასტმასის ნაწარმზე იქნებოდა ორიენტირებული. იმ დროისთვის ”ლეგო” უკვე მრავალ ქვეყანაში ყიდდა თავისი კონსტრუქტორის 50 ნაკრებს. 1962 წელს გაიხსნა კერძო ავიაკომპანია LEGO და კონსტრუქტორები უკვე აშშ-ს მიეწოდებოდა. ამ უზარმაზარ ბაზარზე გასვლა უდავოდ ღირსშესანიშნავი მოვლენა გახლდათ დანიური ფირმისთვის. ორ წელიწადში ”ლეგომ” ბაზარზე გამოიტანა კონსტრუქტორები, რომლებსაც თან ახლდა აწყობის წესები. მსგავსი ინსტრუქციები მალევე ჩაიდო კომპანიის დამზადებულ ყველა ნაკრებში.

”ლეგო” ერთ-ერთი იყო იმ ფირმებისგან, ვინც კლიენტს ეკითხებოდა, რა სურდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა ნაწარმზე მუშაობას. სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგად გამოჩნდა მაღაზიის დახლებზე ზეწარმატებული პროექტი - ”ლეგოს” კონსტრუქტორის რკინიგზის კომპლექტი.

60-იან წლებში თანამშრომელთა რაოდენობამ ხუთასს გადააჭარბა. ბრენდის ევოლუცია გრძელდებოდა. 1967 წელს ქვეყანას მოევლინა კუბიკი DUPLO, რომელიც ექვს წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი ამავე სახელწოდების ნაკრების მთავარი ფიგურა იყო. სერიის ნაკრებებში აწყობის გასაადვილებლად კუბები ორჯერ მეტია სიგრძე-სიგანით, სხვა სათამაშოებში გამოყენებულ კუბებთან შედარებით. ამ ნაწარმის დაპატენტება არ იყო დასრულებული, როცა კომპანიაში პარკ legoland-ის (ლეგოს ქვეყნის) გახსნაზე დაიწყეს ფიქრი. და აი, DUPLO-ს გამოჩენიდან ერთი წლის თავზე დანიაში, ქალაქ ბილუნდში პირველი ”ლეგოლენდი” გაიხსნა. იმავე წელს ლუქსემბურგში ”ლეგომ” წლის საუკეთესო სათამაშოს პრემია დაიმსახურა. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ პირველი ნაბიჯები იყო კომპანიისა, რომელმაც მსოფლიოს ბავშვთა გულები დაიპყრო.

”ლეგოს ქვეყნები”

ერთი შეხედვით კომპანია ძირითადად ბიჭუნების ინტერესებზე იყო ორიენტირებული, თუმცა ასე არ ყოფილა, პროდუქცია გოგონებისთვისაც მზადდებოდა. 70-იან წლებში გამიდიოდა თოჯინების სახლები ავეჯით, DUPLO კი ერთნაირად საინტერესო იყო როგორც ბიჭების, ასევე გოგონებისთვისაც. თუმცა პროდუქციის დიდი ნაწილი მაინც მამაკაცთა აუდიტორიისთვის იქმნებოდა. ამის მიზეზი სულაც არ ყოფილა დისკრიმინაცია, უბრალოდ, კონსტრუქტორები ბიჭებს უფრო უყვართ.

ლოგოტიპი, რომელსაც დღეს პლანეტის ნებისმიერ წერტილში ცნობენ, 1973 წელს შეიქმნა. ამის შემდეგ კომპანიამ წარმოება დანიის ფარგლებს გარეთაც წამოიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც ფაბრიკა გაიხსნა, შვეიცარია გახლდათ. 1977 წელს კომპანიას უკვე მისი ფუძემდებლის შვილიშვილი, კელდი ჩაუდგა სათავეში. ამ დროისთვის ბრენდის ასორტიმენტი თითქმის ყველანაირ გემოვნებას აკმაყოფილებდა. გამოჩნდა ნაკრები მოძრავი დაბოლოებებით, ხოლო 1979 წლიდან დამზადდა პირველი ნამდვილად თემატური ნაკრები, რომელმაც საფუძველი დაუდო კომპანიის პროდუქციის ”კოსმოსურ” კლასს - legoland შპაცე.

ასორტიმენტი განუხრელად იზრდებოდა, უმთავრესი კი ის იყო, რომ ბავშვები კომპანიის ნაწარმს აღმერთებდნენ. 1980 წელს ”ლეგოს” თაყვანისმცემლებმა სიყვარულის დასტურად 13,1 მეტრის სიმაღლის, ფირმის კონსტრუქციებისგან აწყობილი კოშკი ააგეს. ”ლეგოს” სიყვარულში შეჯიბრება მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 90-იან წლებში მოსკოვში 24,88 მ-იანი კოშკი დადგეს, თუმცა ის 2008 წელს ვენაში აღმართულმა 29,48-მეტრიანმა ნაგებობამ დაჩრდილა.

კოსმოსური და სხვა ნაკრებების წარმატება გამაოგნებელი იყო, მაგრამ მათაც გადააჭარბა კომპლექტმა ”ციხესიმაგრე”, რომელიც 1984 წელს გამოუშვეს. შუა საუკუნეების თემა ერთობ პოპულარული აღმოჩნდა. ამავე დროს გამოჩნდა ექსპერიმენტული მოდელები და ორი წლის შემდეგ ეს პროექტი მოსწავლეებისთვის რობოტების სამყაროში ერთგვარ გზამკვლევად იქცა. ეს ნაკრები საგანგებოდ იქმნებოდა სასწავლო მიზნით და სიძვირისა და სირთულის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. 80-იანი წლების ბოლოს ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდა ახალ-ახალი ნაკრებები. კომპანიის გასართობი პარკები და ცენტრები აიგო ბერლინსა და დუისბურგში, ჩიკაგოში, მანჩესტერში, ტოკიოში, წლეულს ჩადგა მწყობრში ცენტრი დალასში, გაისად კი კანზას სიტიში ამოქმედდება. ”ლეგოს” პარკების მმართველ კომპანიაში 30% ეკუთვნის.

1986 წლიდან ფირმა დანიის სამეფო ოჯახისთვის სათამაშოების მიმწოდებელი გახდა. ეს საპატიო წოდება, იმავდროულად, საუკეთესო რეკლამაა. 1990-იან წლებში ”ლეგო” დიდი წარმატებით იყიდებოდა მთელ მსოფლიოში, მართალია, უკვე აურაცხელი იყო მისი ნაწარმის გაყალბებული ვარიანტებიც, თუმცა ისინი ”ლეგოს” ხარისხით ვერ უტოლდებოდნენ, რაზეც ფასებიც მეტყველებდა.

”კომპიუტერული მტერი”

კომპიუტერული თამაშების საყოველთაო გავრცელებამ სათამაშოებს ხიბლი და მიმზიდველობა დაუკარგა. თუმცა დღეს ”ლეგო” გაჭიანურებული კრიზისიდან გამოდის. დანიურმა კომპანიამ ბაზარზე პარფიუმერული ნაკრები, ტანსაცმელი და სხვა საგნებიც გამოუშვა, რაც ბრენდის მუშაობას აბრკოლებდა და მისთვის წაგება მოჰქონდა. ეს წაგება 2003 წელს $300 მილიონად შეფასდა. კომპანიაში წარმოების პროცესიც არ იყო ეფექტიანი და ესეც დიდი თანხების დაკარგვას იწვევდა. მდგომარეობის შესაცვლელად კომპანიამ აღმასრულებელ დირექტორად იორგენ ვიგ კნუდსტორპი მიიწვია, რომელმაც სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას. პირველ რიგში, მან წარმოება შედარებით ”იაფ” ქვეყნებში გადაიტანა, უარი თქვა წამგებიან ბიზნესებსა და და სიახლეებზე. ყურადღება მიაპყრო ინტერნეტს, როგორც კლიენტებისგან ახალი იდეების მიღების წყაროს. ”ლეგოს” საქმეები აშკარად გამოუსწორდა. აქ იმედი აქვთ, რომ კომპანია ძველ დიდებას დაიბრუნებს და ის კომპიუტერული თამაშების წნეხის ქვეშ არ დასამარდება. 2010 წელს ”ლეგო ჯგუფის” შემოსავალი 16 მილიარდი დანიური კრონი იყო ($2,9 მლრდ), და იქ 8365-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.

ციფრების ენით

- ”ვარსკვლავური ომების” ციკლით 2007 წელს დამზადებული ხომალდი ”ათასწლეულის შევარდენი” 5195 ნაწილისგან შედგებოდა.

- ლეგოსეული ”ტაჯ-მაჰალი” 5922 ნაწილისგან იგება.

ნატა ენუქიძე