ბილ გეითსის 7 წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

რა ივარაუდა ბილ გეითსმა 16 წლის წინ?

1999 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა წიგნი, სახელწოდებით “Business @ the Speed of Thought” გამოსცა. წიგნში ამერიკელმა მილიარდერმა რამდენიმე წინასწარმეტყველება გამოთქვა, რომელიც სკეპტიკოსებს 16 წლის წინ არცთუ დამაჯერებლად მოეჩვენათ.

თუმცა, როგორც 16 წლის შემდეგ აღმოჩნდა, ამერიკელი ფილანთროპისა და ინვესტორის მიერ წიგნში გამოთქმული ყველა წინასწარმეტყველება ახდა.

საიტები, რომელზეც ფასების შედარება იქნება შესაძლებელი

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: "განვითარდება ფასების ავტომატური შედარების სერვისები, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, სხვადასხვა საიტებზე ერთსა და იმავე პროდუქტზე ფასები შეადაროს და უფრო იაფად შეიძინოს სასურველი პროდუქტი”.

დღეს ნებისმიერ მომხმარებელს ადვილად შეუძლია სხვადასხვა პორტალებზე, მათ შორის "გუგლზე" და "ამაზონზე", სასურველი პროდუქტის ფასების მოძებნა და მათი შედარება. გარდა ამისა, გაჩნდა საიტები, მაგალითად MySmartPrice და 91Mobiles, რომელიც კონკრეტულად ფასების შედარებისთვის არის შექმნილი.

მობილური მოწყობილობები

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: ”ადამიანები თან ატარებენ პატარა მოწყობილობებს, რომელიც მათ მუდმივად კონტაქტში ყოფნისა და ბიზნესის ელექტრონულად მართვის საშუალებას მისცემს. ადამიანები ამ მოწყობილობების საშუალებით შეძლებენ გაეცნონ მიმდინარე ამბებს, დაჯავშნონ ავიაბილეთები, მიიღონ ინფორმაცია ფინანსური ბაზრების შესახებ".

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მოიხმარს სმარტფონებსა თუ სმარტვოჩებს.

ონლაინ გადახდები და სამედიცინო მომსახურება

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: ”ადამიანები ინტერნეტის მეშვეობით შეასრულებენ საბანკო ოპერაციებს და გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს. ისინი ინტერნეტით საკუთარ ექიმებსაც კი დაუკავშირდებიან”.

მართალია, ტექნოლოგიების განვითარებამ სრულად ვერ შეცვალა ჯანდაცვის სისტემა, თუმცა პაციენტებს მართლაც შეუძლიათ საკუთარ ექიმებთან მუდმივი კომუნიკაცია ინტერნეტის მეშვეობით. ასევე ახდა ბილ გეითსის წინასწარმეტყველება ონლაინ გადახდებთან დაკავშირებით.

სახლის ონლაინ მონიტორინგი

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: ”სახლში დამონტაჟებული ვიდეოკამერების მოხმარება ჩვეულებრივ სახეს მიიღებს. ადამიანები ამ მოწყობილობის საშუალებით შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია, ვინ სტუმრობდა მათ, როცა სახლში არ იყვნენ”.

ამერიკაში უკვე რამდენიმე წელია კომპანია Dropcam ყიდის სახლის ვიდეოკამერებს, რომელიც საკუთარ სახლზე თვალთვალს უადვილებს მომხმარებელს. კომპანია 2014 წელს ”გუგლმა” 555 მილიონ დოლარად შეიძინა.

სოციალური მედია

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: ”კერძო საიტებისა და სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით თქვენ შეძლებთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარს და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას”.

დღეს სოციალურმა ქსელებმა - ”ფეისბუქი”, ”თვითერი”, ”ინსტაგრამი” ინტერნეტ-სამყარო დაიპყრო.

კონტექსტური რეკლამა

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: ”ადამიანებს შესთავაზებენ კონკრეტულად მათზე მორგებულ რეკლამას. ამას რეკლამის დამკვეთები მომხმარებელთა მიერ განხორციელებული შესყიდვების ისტორიის საშუალებით შეძლებენ”.

დღეს თანამედროვე ოლნაინ სარეკლამო სისტემა მორგებულია მომხმარებლის საძიებო ისტორიაზე, ინეტერესსა და მის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე.

ბიზნესთანამეგობრობის პროგრამული უზრუნველყოფა

ბილ გეითსის წინასწარმეტყველება: ”მომავალში კომპანიები ინტერნეტის საშუალებით შეძლებენ საინტერესო პროექტების მოძიებასა და დაფინანსებას, ასევე სარეკლამო კამპანიების გამართვას”.

თანამედროვე სამყაროში დღეს მართლაც სწრაფად ვითარდება ვენჩურული დაფინანსება, ტარდება მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები, მომხმარებელს აქვს საშუალება, კონტაქტი დაამყაროს სხვადასხვა ბიზნესებთან და მოლაპარაკებები წამოიწყოს მათთან მსხვილ პროექტებზე.