ქართული კომპანია, რომელსაც ცაში საკუთარი სახელობის ვარსკვლავი აქვს

ამ კომპანიას დღეს ცაში საკუთარი სახელობის ვარსკვლავი აქვს. ყველაფერი კი ავტომობილების ნაწილების იმპორტით დაიწყო. რამდენიმე წელიწადში შპს "ავტოექსპორტი" ჰოლდინგ "თეგეტა მოტორსად" იქცა.

ბიზნეს PRESS-ის მორიგმა გადაცემამ "თეგეტა მოტორსის" კომერციულ დირექტორს, გიორგი მშვილდაძეს უმასპინძლა. ვინ დაასაჩუქრა ცაში ვარსკვლავით "თეგეტა მოტორსი", რატომ გახდა კომპანია "ტოიოტას" ოფიციალური ლიდერი საქართველოში და როგორია კომპანიის წარმატების ფორმულა, გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

-მართლა გაქვთ ცაში ვარსკვლავი, რომელსაც "თეგეტა მოტორსი" ჰქვია?

-ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენი კომპანიის 10 წლის იუბილეზე საჩუქარი გაგვიკეთეს და ერთ-ერთ ვარსკვლავს ცაში ჩვენი სახელი აქვს. "თეგეტა მოტორსი" ამ ვარსკვლავს სამუდამოდ ერქმევა. ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა.

-"თეგეტა მოტორსის" დაფუძნების ისტორია 1995 წელს იწყება. თქვენ არ ხართ ამ კომპანიის დამფუძნებელი, როგორც ვიცი. მაგრამ ძალიან მალე შემოუერთდით გუნდს და დღეს, შეიძლება ითქვას, კომპანიის მთელი მენეჯმენტი თქვენს მხრებზე დგას. თუმცა, იქნებ მოკლედ მოგვიყვეთ, როგორ ჩაეყარა საფუძველი ამ კომპანიას?

-ბატონმა თემურ კოხოძემ 1995 წელს დააარსა ფირმა "ავტოექსპორტი" და საქმიანობა ავტოსათადარიგო ნაწილების გაყიდვით დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან გაჭირდა ქვეყნის ავტოსათადარიგო ნაწილებით მომარაგება. იყო ავტობაზა, მაგრამ არ იყო ნაწილები. შესაბამისად, შეისწავლა ბაზარი, შეისწავლა მოთხოვნა, განსაზღვრა ბაზრისთვის რა ნაწილები, რა პროდუქცია იყო საჭირო. პირველად უნგრეთიდან შემოიტანა ავტოსათადარიგო ნაწილები.

-იმ დროსაც ხდებოდა ბაზრის ანალიზი?

-რა თქმა უნდა. შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ ბაზარზე ნაწილების დეფიციტი და მოთხოვნა იყო.

-შემდეგ როგორ განვითარდა კომპანია?

-რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარება გულისხმობს იმას, რომ თუ თავიდან კომპანიაში რამდენიმე კაცი იყო - 5,6,10, რაოდენობა იზრდება და მას ყველანაირად მხარდაჭერა სჭირდება. კომპანია ვითარდება არა მხოლოდ თბილისში, ასევე რეგიონებში: ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, სხვა ქალაქებში. ეს უკვე დიდი ქსელი იქნება და ამ ქსელსაც სჭირდება მხარდაჭერა, განვითარება. დღესდღეობით "თეგეტა მოტორსში" უკვე ათას კაცზე მეტი მუშაობს. მთელ ჰოლდინგში კი დაახლოებით -1 200 კაცი.

-რა კაპიტალით დაიწყო ეს ბიზნესი?

-მიზერული კაპიტალით. მაგრამ ძალიან ჭკვიანურად დაიწყო. ის მანამდე რუსეთში საქმიანობდა. სხვა ბიზნესები ჰქონდა, გამოცდილება ჰქონდა.

-კომპანიას დაარსებიდან 2 წელიწადში შეუერთდით. როგორ მოხდა თქვენი ამ ბიზნესში გადმოსვლა?

-ბატონი თემური ჩემი ნათესავია. ერთად მუშაობამ დაგვანახა, რომ ერთმანეთს ვუგებდით და ეს იმის საწინდარია, რომ ჩვენი კომპანია ვითარდება. ჩვენი ურთიერთობები ძალიან მყარი აღმოჩნდა.

-კერძო სექტორში ნათესავების დასაქმება ნეპოტიზმი არ არის?

-თუ ვინმე ნათესავია, მხოლოდ პროფესიონალიზმის კუთხით ვარჩევთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ეს ადამიანი კონკრეტულ პოზიციას შეეფერება. თუ ადამიანი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის წინაშე დგები.

-რთულია ნათესავის სამსახურიდან გაშვება?

-კი, მაგრამ ჩვენ ვუხსნით, რომ ამ პოზიციას არ შეეფერება, რომ მისგან მეტი მოლოდინი გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩემთვის ის ფაქტი, რომ ვიღაც ნათესავია, არ არის ამოსავალი წერტილი. ჩემთვის მთავარი პროფესიონალიზმია.

-1995 წელი. ეს ის პერიოდია, როცა ძალიან ბევრი ნიშა ადგილობრივ ბაზარზე თავისუფალია. იმ დროს ბიზნესის დაწყება გაცილებით იოლი იყო. თუმცა, ალბათ განვითარების გზაზე ბევრი სირთულე იდგა. ბევრმა ადამიანმა მაშინ თქვენთან ერთად დაიწყო საავტომობილო ნაწილებისა და ზოგადად, ავტობიზნესი, თუმცა ვერ მოვიდნენ დღემდე. რა გააკეთა "თეგეტა მოტორსმა" ისეთი, რაც ვერ გააკეთეს სხვა კომპანიებმა?

-კარგი შეკითხვაა. მართალია, 1995 წელს მოთხოვნა იყო და ბიზნესის დაწყება ადვილი იყო, მაგრამ არ იყო ფული, არ იყო დაფინანსება. მაშინ ბევრს შეეძლო დაეწყო ბიზნესი, მაგრამ არ ჰქონდათ კაპიტალი, არ ჰქონდათ თანხის აღების საშუალება, არ ჰქონდათ გამოცდილება. დღევანდელ პირობებში სხვადასხვა ბიზნესიდან ნაშოვნი ფულია, ბევრი უცხოელი ინვესტორი ჩამოდის, შეიძლება თანხა იყოს, მაგრამ ბიზნესის დაწყება უკვე გართულდა, რადგან გაიზარდა კონკურენცია. თუ შევადარებთ, 1995 წელს ადვილი იყო, მაგრამ ფული არ იყო, ახლა შესაძლოა თანხა არის, მაგრამ კონკურენციაა.

- ამბობთ, რომ ბევრი ფინანსური რესურსია. თქვენ რომ დღეს იწყებდეთ ბიზნესს, ვის მიმართავდით დაფინანსებისთვის - კომერციულ ბანკს, რომელიმე უცხოურ საერთაშორისო ინსტიტუტს, ინვესტორს მოიძიებდით თუ როგორ მოიქცეოდით?

-გააჩნია, რომელი პოზიციიდან. ჩვენი ჰოლდინგური კომპანიისთვის რამე სფეროში შესვლა სულ სხვა ამოცანაა, როდესაც ვინმე სტუდენტს სჭირდება რჩევა, თუ როგორ დაიწყოს ბიზნესი, იმან სხვანაირად უნდა დაიწყოს.

-განვიხილოთ ორივე მიმართულება. ორივე საინტერესოა.

-როდესაც დიდ კომპანიას უნდა დივერსიფიკაცია, ბევრი გზა არსებობს. შესაძლოა ბანკს მიმართო, ინვესტორი მოიძიო, რომელიმე დიდ, ძლიერ კომპანიასთან ერთად დააარსო ერთობლივი კომპანია და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანს რაღაცა ბიზნესში შესვლა უნდა, მაგრამ მას აქვს იდეა, ის მიდის ან კერძო პირთან, ან კომპანიასთან და თავის იდეას შესთავაზებს. მას შეუძლია თავადაც ჩაერთოს და იმუშაოს, ან მიყიდოს იდეა ვინმეს. ამ შემთხვევაში შესაძლოა, მეგობრებთან ერთად გააკეთოს და პროექტი ბანკში წარადგინოს ან ბიზნესმენთან ერთად გააკეთოს.

-ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენთან მოსულა საკმაოდ კარგი იდეით დამწყები ბიზნესმენი და შემოუთავაზებია დაგეფინანსებინათ?

-ბევრი მოსულა რჩევების საკითხავად.

-როგორ იქცევით ამ შემთხვევაში?

-რეალურ რჩევებს ვაძლევ: ყურადღება რას უნდა მიაქციოს, როგორ უნდა დაიწყოს, რა რისკებია და ასე შემდეგ.

-არ გიფიქრიათ, რომ თქვენი კარგი რჩევით სამომავლოდ, შესაძლებელია, კონკურენტი გაიჩინოთ?

-არა. პირიქით, პარტნიორი. ჩვენს კომპანიას ათასამდე კომპანია ჰყავს, რომლებიც ჩვენი დილერები არიან და რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ. პირიქით, მე ხშირად ვურჩევ ხოლმე, რომელიმე რეგიონში გაკეთდეს კარგი სერვისი, "შოურუმი" გააკეთოს ამ სფეროში.

-ამ 20 წლის განმავლობაში როგორ განვითარდა "თეგეტა მოტორსი" და რატომ ვერ შეძლეს ეს სხვა კომპანიებმა, ვინც თქვენთან ერთად დაიწყო ბიზნესი და, ალბათ, ასეთი ბევრი იყო?

-ჩვენი წარმატების ფორმულა, მოკლედ რომ ვთქვათ, ის არის, რომ არ ვჩერდებით მიღწეულზე. ჩვენი მოთხოვნაა, მეტად დავიხვეწოთ, მეტი ოპტიმიზაცია ვაკეთოთ, პროცესები დავხვეწოთ და ვიფიქროთ შემდგომ გაფართოებაზე. არასდროს ვამბობთ, რომ რაღაც საკმარისია, რომ შეიძლება დავისვენოთ, ვუყუროთ და დავტკბეთ იმით, როგორ მუშაობს კომპანია, ასეთი განწყობა არასდროს გვქონია. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც ჩვენი კომპანიის წინსვლა და განვითარება განაპირობა.

-რა შეცდომები დაუშვეს სხვებმა?

-სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვანაირი შეცდომები ჰქონდათ. ახლა ძნელი სათქმელია, რა შეცდომა ჰქონდა თითოეულ კომპანიას, მაგრამ არის ნიუანსები, რასაც ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად იმას, რომ მომსახურებაში მაღალი სტანდარტი გქონდეს. თანხებთან და ფინანსებთან ურთიერთობის დროს მკაცრი ყურადღებაა საჭირო. შეიძლება დაშვებულმა შეცდომამ კომპანია საერთოდ გააკოტროს.

-რას გულისხმობთ?

-არასწორად ჩადებული ფული, მარაგები, რომლებიც არასწორად შეიქმნა, ან კონსიგნაცია... შეიძლება საქონელი დაარიგო, მერე თანხა ვერ ამოიღო და ბანკთან პრობლემები წარმოიქმნას. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველმხრივ გათვლა და ჭკვიანური გათვლები იმიტომ, რომ ბიზნესი დიდი რისკია. ჩვენც გვქონია შეცდომები, ჩვენც დაგვინახავს, რომ რაღაც მიმართულებამ არ გაამართლა.

-შეგიძლიათ აღიაროთ თქვენი შეცდომები? გვითხრათ, რომ აქ დაუშვით შეცდომა და ეს სხვისთვის მაგალითის მიმცემი იყოს.

-ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ სატვირთო ავტომანქანის საქარე მინებს კარგად ვუკეთებდით რეალიზაციას. მსუბუქებზე არ გამოგვივიდა, ორჯერ ვცადეთ და ორივეჯერ არ გამოგვივიდა. მერე ამ პროდუქციის ჩაბარება მესამედ ფასში მოგვიწია. ახლა კიდევ ერთი მცდელობა გვინდა გვქონდეს. ბაზარს კარგად შევისწავლით, რატომ არ გამოგვდის, რა ხდება ამასთან დაკავშირებით, გვინდა დიდი ენთუზიაზმით განვეწყოთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. გვინდა, ჩვენს მომხმარებელს საქარე მინები წარმატებულად შევთავაზოთ.

-თქვენ ძალიან საინტერესო რამ თქვით - ხშირად, ადგილობრივი ბიზნესი შეცდომას უშვებს თანხების არასწორად განკარგვაშიო. თუმცა, სამწუხაროდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენთან ბიზნესმენები, ადრე ხშირად იქმნიდნენ პირველ რიგში ბიზნესიმიჯს. მაგალითად, ადამიანს, რომელიც მართავს ასეთ დიდ ავტობიზნესს, შეუძლებელია ძვირად ღირებული ავტომობილი არ ჰყავდეს. ზოგადად, ეს მიდრეკილება და ქართველების დამოკიდებულება კარგი ავტომობილების მიმართ, საყოველთაოდ ცნობილია. აუცილებელია თუ არა, წარმოსადეგი ბიზნესმენის იმიჯისთვის ძვირად ღირებული ავტომობილი გყავდეს, მიუხედავად იმისა, რომ შენი ბიზნესსაქმიანობა არც ისე წარმატებით შეიძლება მიდიოდეს?

-პირადად მე ასეთ კატეგორიას არ განვეკუთვნები. მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ მყავს მანქანა. სამსახურის მანქანა მემსახურება და არ ვთვლი, რომ ჩემი სახე არის ჩემი ავტომობილი. სხვა რაღაცებს უფრო ვაქცევ ყურადღებას, სხვა ფასეულობებს.

-თუმცა არიან ასეთები.

-დიახ, არიან. ბიზნესის განვითარებისთვის ყველას თავისი გზა აქვს.

-რეალურად ეს ახდენს გავლენას? მაგალითად, თქვენთან მოლაპარაკებებზე მოსულ ადამიანს თუ უყურებთ როგორ აცვია, რა ბრენდის საათი უკეთია?

-კი, ამ ყველაფერს გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ცუდად ჩაცმული ადამიანი, როცა ინვესტორს ელაპარაკება, ვერ დაარწმუნებს.

-ალბათ ხშირად არიან თქვენი ავტოსალონის სტუმრებიც ასეთი ბიზნესმენები?

-კი. რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოგვდის უცხოეთიდან. კვირა არ გავა, რომ 2-3 დელეგაცია არ გვყავდეს და უამრავი ადამიანი ჩამოდის. 350 კომპანიის, მსოფლიოს უდიდესი, გიგანტი კომპანიების ლიდერები არიან, ზოგან წარმომადგენლები ვართ, ზოგან - დილერები, დისტრიბუტორები და მათთან ერთად ვპარტნიორობთ. ამდენ უცხოურ კომპანიასთან და უცხოელ სტუმართან დიდი ხნის განამავლობაში ურთიერთობის დროს სხვადასხვა ჩვევებს გამოიმუშავებ: ქცევის მანერებს, საუბრის სტილს, ბიზნესეთიკას, არის გარკვეული წესები, რომლებიც ჩვევაში გადადის.

-საინტერესოა, როგორ ხდებოდა ამ ურთიერთობების დალაგება უცხოელ პარტნიორებთან. 350 კომპანია ახსენეთ - ეს არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი კომპანიები, რომლების საქმიანი პარტნიორებიც თქვენ ხართ. თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე, ყოველგვარი ფინანსური გარანტიის გარეშე, ისინი თქვენ გენდობოდნენ და თქვენი პარტნიორები ხდებოდნენ. როგორ აღწევდით ამ ყველაფერს?

-საერთოდ, როგორც ვახსენე, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა საქართველოში და ახლაც ჩამოდის, გარკვეულწილად, ვუხსნიდით უცხოელებს, რა იყო ჩვენი მიზანი, როგორ ვუყურებდით ამ ბიზნესის განვითარებას, რა მოლოდინები და პერსპექტივები გვქონდა, რამდენად სწორად ვიქცეოდით და სწორად მიგვყავდა ბიზნესი. რა თქმა უნდა, როცა ის ადამიანები ხედავდნენ, ჩვენი მიზნები და ქცევა ამ ბიზნესში რამდენად სწორია, რამდენად სწორად წარმოვადგენთ პროდუქციას, რამდენად სწორი გაყიდვები გვაქვს, ისინი ამაში რწმუნდებოდნენ და ამის შემდეგ ჩვენთან ურთიერთობას იწყებდნენ. ამიტომ გამოთქვამდნენ ჩვენთან ურთიერთობის სურვილს - თქვენ ხართ ის კომპანია, რომელიც სწორად უყურებს ბიზნესის განვითარებას რეგიონში, რომელიც სწორად უყურებს ამოცანებს და მიზნებს, რომლებიც დღეს არის, ამბობდნენ ისინი. ბევრს ძალიან მოსწონს ჩვენი კომპანია და აღფრთოვანებულია ჩვენთან ურთიერთობით. ამბობენ, რომ არა თუ საქართველოში, არა თუ პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ან აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოშიც კი ანალოგიური კომპანია არ უნახავთ. ეს არის დასავლეთ ევროპის სტანდარტების კომპანია. ისინი თვლიან, რომ გარშემო ასეთი კომპანია შეიძლება, ერთეული იყოს.

-არ არის რთული პოსტსაბჭოთა სივრცეში თანამედროვე, დასავლური ბიზნესი აკეთო? მაინც გიწევთ გარემოებებთან შეგუება?

-ისეთი მასშტაბები არ გვაქვს, როგორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ან აღმოსავლეთ ევროპაში შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენი ქცევა, ჩვენი სტანდარტები, ჩვენი დონე არის ძალიან მაღალი. ჩვენი კონსულტანტების მომზადების დონე, მომსახურების დონე, პროდუქციის ხარისხი, ყველაფერი არის ძალიან მაღალი დონის და სტანდარტის.

-როგორც ვიცი, საკმაოდ მკაცრი საკადრო პოლიტიკა გაქვთ. ვგულისხმობ ახალი თანამშრომლების აყვანას. საკმაოდ რთულია თქვენთან კომპანიაში დასაქმება. რატომ, ესეც ერთგვარი გათვლაა?

-კი. ძალიან ბევრ ტესტირებას გადიან. დიპლომი კი არ მაინტერესებს, მაინტერესებს, რამდენად განვითარებულია ადამიანი, როგორი ლოგიკური მსჯელობა აქვს. ადამიანში უნდა დავინახო პერსპექტივა, რომ ის ჩვენთან ერთად განვითარდება, ისწავლის, აქვს კარგი მონაცემები და უნარები და შემდეგ იქნება პოტენციური, კარგი მენეჯერი. თუ ასეთი ადამიანი დავინახე, მე მას ვთავაზობ, დაიწყოს ჩვენთან თუნდაც ნულიდან. მე მას ვეუბნები: აი ბურთი და მოედანი, შენ ისწავლე, მიიღე გარკვეული გამოცდილება და მომავალში გახდები მენეჯერი. დაწინაურდები.

-აუცილებელია, რომ ამისთვის თქვენთან ადამიანი გასაუბრებაზე მოვიდეს? თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან ყოფით სიტუაციაში ადამიანში დიდი პოტენციალი შეგინიშნავთ, მოგიწვევიათ, დაგისაქმებიათ თქვენთან და არც შემცდარხართ თქვენს არჩევანში?

-როცა მიფიქრია, ვინ შეიძლება გამომადგეს ამ პოზიციაზე, ჩემი ახლობლებიდან ან ნაცნობებიდან, ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც უნარები კონკრეტულ ადამიანში დამინახავს. მერე დამირეკავს და დასაქმება შემითავაზებია.

-ხომ არ გიშლით ეს ხელს ურთიერთობებში და ყველას დამსაქმებლის თვალით ხომ არ უყურებთ?

-თუ მენეჯერს არ გაქვს უნარი, საჭირო ადგილზე სწორი კადრი შეარჩიო, მაშინ კომპანია ვერ განვითარდება. გექნება უმარავი შეცდომა. მენეჯერის ყველაზე საჭირო თვისება ეს არის - მან კადრები სწორად უნდა შეარჩიოს.

-შემცდარხართ კადრის შერჩევაში?

-როგორ არ შევმცდარვართ. მოგვსვლია შეცდომები თავიდან. მაგრამ, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ დიდ წარმატებად იმასაც ჩათვლიდით, რომ თავიდანვე, 10-15 წლის უკან, ძალიან დიდ წნეხს გადიოდნენ ტესტირებაზე და ვუყურებდი რამდენად ლოგიკური ან მათემატიკური აზროვნება ჰქონდათ ადამიანებს. მათემატიკური აზროვნება ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებასაც და ბიზნესპროცესების დალაგებაში ეს საჭიროა. ის ადვილად ერკვევა ამაში. თუ მას ლოგიკა კარგად არ აქვს განვითარებული, ის ამ პროცესებს ვერ დაალაგებს. ბევრი მათემატიკოსი და ფიზიკოსი მოხვდა ჩვენთან. ზოგჯერ მსაყვედურობდნენ, რა საჭიროა ამდენი ფიზიკოსი, მათემატიკოსიო, ყურადღება გაყიდვების უნარს მივაქციოთო, ამ საკითხში ჩემთან წინააღმდეგობა დღესაც არის კომპანიაში.

-გისმენთ და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ბავშვობიდან ბიზნესში ხართ.

-არა, ბავშვობიდან არა. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, სპეციალობით ინჟინერი ვარ, საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ცოტა გამიჭირდა. მარტივი არ არის, ინჟინერი გადაერთო, გახდე მენეჯერი და ბიზნესუნარები გამოიმუშავო. მერე ერთი წელი მოსკოვში ვისწავლე, უკვე პერსონალური კომპიუტერები შემოვიდა და მაშინვე მის ცოდნას დავეუფლე. ბევრი საინტერესო პროგრამაც გავაკეთე.

-რა არის ის შეცდომა, რასაც არცერთ თანამშრომელს პატიობთ. თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრს, რომელიც "თეგეტა მოტორსშია" დასაქმებული?

-ოჯახში სხვა კრიტერიუმებია და კომპანიაში - სხვა.

-ვიცი, რომ თქვენი შვილი ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში მუშაობს. სწორედ ეს ვიგულისხმე. რა არის ის შეცდომა, რომელსაც საკუთარ შვილსაც კი არ აპატიებთ?

- თანამშრომლები უნდა იყვნენ ერთმანეთთან გულახდილები და ურთიერთობები უნდა იყოს გამჭვირვალე. მათ კომპანიაზე გული უნდა შესტკიოდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, როდესაც ახალი, ნიჭიერი კადრი მოდის და ხვდება ნიჭიერთა გუნდი. მათთვის ძალიან კომფორტულია ერთმანეთთან ურთიერთობა. ყველაზე უბედური ადამიანი ალბათ ის არის, როდესაც ჭკვიანი ადამიანი ხვდება ისეთ გუნდში, სადაც არ გამოირჩევიან თავისი ცოდნითა და უნარებით.

-ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, უცოდინრობას ვერ პატიობთ თანამშრომლებს?

-ეგეც არის. მაგრამ ძალიან გულახდილები უნდა იყვნენ. მე თვითონ ყველა თანამშრომელთან ყოველთვის გულახდილი საუბარი მაქვს და ვეუბნები, ვიმუშავოთ გამჭვირვალედ და თუ რამე პრობლემაა, ერთად დავძლიოთ-მეთქი.

-წლების განმავლობაში ჩვენთან აქტუალური იყო ბიზნესისა და პოლიტიკის კოჰაბიტაცია. საკმაოდ რთული იყო ბიზნესის დამოუკიდებლად კეთება პოლიტიკის გვერდის ავლით. თქვენ შეძელით ეს? და თუ შეძელით, როგორ? თქვენზე ზეწოლა არ ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს თუ ბატონი თემურ კოხოძის ნაციონალობა შველოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში?

-მიჭირს ამ თემებზე საუბარი. ეს ისეთი თემებია, თვითონ ბატონმა თემურმა უნდა ისაუბროს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციას ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით იმიტომ, რომ მის გარეშე შეუძლებელია ბიზნესის განვითარება. როდესაც შენ კომპანიაში 20-წლიან სტრატეგიას აყალიბებ, პირველ რიგში, პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უნდა იცოდე. უნდა იცოდე, რა მოლოდინები და რა გზები უნდა აირჩიო განვითარებისთვის. ქვეყანამაც უნდა წარმოაჩინოს, როგორ უყურებს განვითარებას, ვთქვათ, სოფლის მეურნეობა განვითარდება, ტურიზმი, საავტომობილო გზები და ავტოინდუსტრია თუ რა მიმართულება. რა თქმა უნდა, გავლენა ჰქონდა. ჩვენზეც იქონია გავლენა ცუდი კუთხითაც, კარგი კუთხითაც.

-ცუდი კუთხე მითხარით. რა გავლენა ჰქონდა ამ თვალსაზრისით?

-რაც ხდებოდა, ეს ჩვენც გვეხებოდა.

-ანუ იძულებით ქონების დათმობას ჰქონდა ადგილი, დაფინანსებას...

-არა. 2006 წელს ჩვენთან ფინანსური პოლიცია შემოვიდა, ძალიან დიდი ჯარიმა დაგვაკისრა, გადავიხადეთ. ჩვენ ვთვლიდით, რომ უსამართლოდ გადავიხადეთ იმიტომ, რომ ჩვენს კომპანიას ასეთი ჯარიმა არ ეკუთვნოდა. მაგრამ შევეგუეთ იმ სიტუაციას და გადავიხადეთ. დღესაც ვთვლით, რომ ცოტა უსამართლოდ მოგვექცნენ.

-წლების განმავლობაში იყავით ტენდერებში გამარჯვებულები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას ემსახურებოდით. ამან თუ ითამაშა გარკვეული დადებითი როლი თქვენი ბიზნესის განვითარებაში?

-ტენდერებში ჩვენ დღესაც აქტიურად ვმონაწილეობთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ნომერი პირველი კომპანია ვართ, რომელიც რაოდენობრივად იგებს ტენდერებს. არა თანხობრივად, არამედ - რაოდენობრივად იმიტომ, რომ ბევრ პატარა ტენდერს ვიგებთ და ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობთ. ჩვენი მთლიანი ბრუნვის, დაახლოებით, 10-15 %-ს იკავებს სახელმწიფო ორგანიზაციების შეკვეთები. ტენდერში დიდი კონკურენციის პირობებში ვიღებთ მონაწილეობას. ზოგჯერ ჩვენს წინააღმდეგ 4-5 კომპანიაა, ჭიდაობა მიდის ფასებში, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში კარგი გამოცდილებაც მივიღეთ. ის კომპანიები, რომლებიც ახალბედები არიან, ფასს არ აკვირდებიან, ადვილად რისკავენ. გაშავებული კომპანიებიც არის. ისინი მერე მეორე და მესამე კომპანიას ხსნიან. დღეს ერთ სახელზე ხსნიან, ხვალ - მეუღლის, ან ვიღაცის სახელზე. ასეთი კონკურენტები არ გვიყვარს ხოლმე.

-ღირსეული კონკურენტები თუ გყვათ თქვენს სექტორში? ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც თქვენ მუშაობთ?

-კი, რა თქმა უნდა. კონკურენცია ყველგან იგრძნობა და ეს საკმაოდ დიდი კონკურენციაა.

-თქვენს სფეროში ძირითადად რითი მიდის შეჯიბრი - ხარისხით, ფასით, პროდუქციის მრავალფეროვნებით... რა არის ის ძირითადი?

-სხვადსხვა სფეროში სხვადასხვა კონკურენტი გვყავს. საბურავებში სხვა კომპანიები არიან, არის ინდუსტრიული ზეთები და ძრავის ზეთები, აქ კიდევ სულ სხვა კომპანიები არიან ჩვენი კონკურენტები. საავტომობილო სფეროში - სხვა, გვიწევს ნახევარ საქართველოსთან კონკურენცია და მეტთან, საავტომობილო ბიზნესში. მიჩვეული ვართ, შეიძლება ასეც ითქვას, კონკურენტებთან ბრძოლას. მაგრამ მთელ ჩვენს გუნდს ვეუბნებით, რომ არა კონკურენტები, ჩვენ ვერ განვვითარდებოდით. კონკურენტი რომც არ იყოს, უნდა გააჩინო. კონკურენცია აუცილებელია განვითარებისთვის.

-იმდენჯერ ახსენეთ კონკურენტები, დანაშაული იქნება არ გკითხოთ, ჯანსაღი კონკურენციის დამსახურება იყო ის, რომ თქვენ გახდით "ტოიოტას" ოფიციალური ლიდერი და არა - "მათე მოტორსი"?

-"ტოიოტას" დილერობაზე არა მარტო "მათე მოტორსი", არამედ სხვა დიდი კომპანიებიც გამოთქვამდნენ სურვილს. კონკრეტულად ვინ იყვნენ ჩვენი კონკურენტები, არ ვიცით, ეს კონფიდენციალურია. ჩვენ გვითხრეს - თქვენი ფილოსოფია ზუსტად ემთხვევა ჩვენს ხედვებს, ჩვენს ფილოსოფიას და ამიტომ აგარჩიეთ ჩვენს მეორე ოფიციალურ დილერად. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ "ტოიოტამ" გადაწყვიტა, ჩვენ ვყოფილიყავით დილერები.

- ყველაზე ხშირად რაც მესმის ხოლმე თქვენი კომპანიის მისამართით, არის ის, რომ ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასები გაქვთ. რით არის გამართლებული ეს მაღალი ფასები?

-ყოველთვის ვუხსნი ჩვენს მომხმარებელს, რომ ჩვენ მაღალი კი არა, დაბალი ფასები გვაქვს. თუ ხარისხიან პროდუქციას ყიდულობ, და პროდუქციის ღირებულებას დეტალურად დაითვლი, აღმოჩნდება, რომ ის გაცილებით იაფია, ვიდრე ჩინეთიდან ან რომელიმე ქვეყნიდან შემოტანილი, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით. ის იაფი კი არა, ძალიან ძვირია იმიტომ, რომ უხარისხო პროდუქციაა და შეიძლება ერთ თვეში გაფუჭდეს. საავტომობილო სფეროში როდესაც რაღაც ნაწილს ვაყენებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მანქანის, ამ დროს უხარისხოა და არ ვიცით, რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს - როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იაფია. თვეში ჩვენი ბრუნვა დაახლოებით 15 მილიონი ლარია. როგორ ფიქრობთ, ჩვენი პროდუქცია რომ ძვირი იყოს, 15 მილიონი ლარისას გავყიდდით? ჩვენი ფასი ძალიან მისაღებია. ოღონდ ხარისხიან პროდუქციას ვყიდით. ნუთუ შეიძლება, მაგალითად, სამუხრუჭე ხუნდებზე გავაკეთოთ სამი დოლარის ეკონომია წელიწადში და არ ვიცოდეთ, ეს ხუნდები საჭირო დროს მანქანას დაამუხრუჭებს თუ ვერა? არ შეიძლება ჩვენი სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხარჯზე ვაკეთოთ ეკონომია. როდესაც ამას მომხმარებელს ვუხსნით, ის გაგებით ეკიდება ამას და იცის, რომ მას მაღალი ხარისხის პროდუქტის შეძენა სჭირდება.

-მაინც რა მარკის ავტომობილს ანიჭებს უპირატესობას ქართველი მომხმარებელი? ბუნებრივია, ეს სტატისტიკაც გექნებათ.

-გერმანული მანქანები უყვართ ძალიან, ასევე ქართველ მომხმარებელში ძალიან პოპულარულია იაპონური მანქანები. ქართველები უფრო დიდ მანქანებს აქცევენ ყურადღებას.

-რამდენია მაქსიმალური ფასი, რომელიც ავტომობილში გადაუხდიათ?

-თუ მსუბუქ ავტომობილს გულისხმობთ, 150 ათასი ევრო.

-თქვენი კომპანია მოხვდა 2014 წლის ტოპ 100 ყველაზე მსხვილი ქართული კომპანიის ჩამონათვალში. დაახლოებით 34-ე თუ 35-ე ადგილზე ხართ. ფიქრობთ, რომ ეს არის თქვენი პოზიცია თუ უფრო მეტი გეკუთვნოდათ?

-როდესაც ეს რეიტინგი დგება, არასწორი შედარება ხდება. ჩვენ ვართ საავტომობილო ბიზნესი და შეიძლება ნავთობის ბიზნესს შემადარონ? - ასეთი შედარებების გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ დაახლოებით მე-15 ადგილიდან 25-ე ადგილამდე ვმერყეობთ, ეს მონაცემი წლების მიხედვით იცვლება, მაგრამ სხვადასხვა სფეროების ერთმანეთთან შედარება ცოტა არასწორია. იქ შეფასების სულ სხვა კრიტერიუმებია, აქ - სულ სხვა. ცალკე სფეროებად უნდა იყოს დაყოფილი.

-ასეთი შედარება თუ მოხდება, რომელი პოზიცია გეკავებათ?

-საქართველოს ბაზარზე ჩვენ ლიდერები ვართ. თუმცა ბრუნვით რატომ უნდა შედარდეს კომპანიები? ეს არ არის ის კრიტერიუმი, რომლითაც კომპანიები უნდა შეადარო.

-მაინც რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო, თქვენი მენეჯმენტის ყველაზე მთავარი საიდუმლო რაში იმალება? ბევრი რამ განვიხილეთ - ეს იყო სწორი საფუძველი, სწორი განვითარება, სტრატეგია, მომხმარებელი, ურთიერთობები, საკადრო პოლიტიკა. რა არის ის, რაზეც "თეგეტა მოტორსის" სწორი მენეჯმენტი დგას?

-ყველაფერი ეს, რაც ჩამოთვალეთ აუცილებელია. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ფორმულა ის არის, რომ მიღწეულზე არ ვჩერდებით და ყოველწლიურად ვვითარდებით. ჩვენი მიზანია, ყოველთვის ახალი ამოცანები, ახალი სტანდარტები დავისახოთ და განვავითაროთ ისინი. ბოლომდე ჩავწვდეთ პროცესებს და არასდროს ვთქვათ, რომ აქ ჩვენ გავჩერდით და ამის ზემოთ განვითარება აღარ შეგვიძლია. ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო მეტად დავიხვეწოთ თითოეულ მიმართულებაში.