როგორ დაიპყრო H&M-მა მსოფლიო ბაზარი

შვედური კომპანია H&M საქართველოში საკმაოდ პოპულარულია მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის ოფიციალური მაღაზია ჩვენთან არ არის.

H&M-ის ტანსაცმელმა საქართველოს მსგავსად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პოპულარობა ხელმისაწვდომი ფასის წყალობით მოიპოვა.

კომპანიას სათავე მილიარდერმა სტეფან პერსონმა ჩაუყარა, რომლის ქონებაც ბოლო მონაცემებით, 24,2 მილიარდი დოლარია და რომელიც პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 30-ათეულში შედის.

სტეფან პერსონის დაბადებასთან ერთად, მამამისმა - ერლინგ პერსონმა სამეწარმეო კარიერას დაუდო დასაბამი და ქალაქ ვესტეროსში კომპანია, სახელწოდების Hennes გახსნა. კომპანიის ძირითად საქმიანობას ქალების საშუალოფასიანი ტანსაცმლის წარმოება და რეალიზაცია შეადგენდა. ერთ შეხედვით, ერლინგ პერსონის ეს იდეა მთლად გამართლებული არ ჩანდა, რადგან იმ დროინდელ შვედეთში მოსახლეობა ძირითადად მდიდრულ ბუტიკებში იძენდა სამოსს. თუმცა, ტანსაცმლის ფასში მნიშვნელოვანმა სხვაობამ მომხმარებელი მაინც მიიზიდა და Hennes-ის სამოსი მალე გახდა პოპულარული შვედ ქალბატონებს შორის.

ამან ერლინგ პირსონს ბიზნესის გაფართოებისკენ უბიძგა და Hennes-ის მაღაზიები მალე შვედეთის თითქმის ყველა ქალაქში გაიხსნა.

ამასობაში, თანდათან დადგა იმის საჭიროება, რომ ოჯახურ ბიზნესს სათავეში სტეფან პერსონი ჩადგომოდა. ახალგაზრდა პერსონს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მამის ბიზნესი არა მხოლოდ შვედეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც განევითარა.

70-იან წლებში H&M-ის პირველი მაღაზია ლონდონში გაიხსნა. ლონდონელთა მისაზიდად სტეფანმა საკმაოდ ორიგინალური ხერხი მოიფიქრა - მაღაზიის წინ დადგა და ყველა სტუმარს შვედური პოპულარული ჯგუგის Abba-ს ფირფიტებს ურიგებდა, რამაც საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა მომხმარებელზე. დღითიდღე მაღაზიაში მყიდველთა რიცხვი იზრდებოდა.

თუმცა, ყველაზე რთული სტეფან პერსონისთვის ამერიკის ბაზრის დაპყრობა აღმოჩნდა - H&M-ის პირველი მაღაზია ნიუ იორკში საკმაოდ გვიან, 2000 წელს გამოჩნდა.

თანდათანობით შვედურმა ბრენდმა ცნობილი სახეებიც მიიზიდა - წლების განმავლობაში H&M-ის პროდუქციის რეკლამირებას ახდენდნენ 90-იანი წლების სექს-სიმბოლო ანა ნიკოლ სმიტი, ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი, ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი. H&M-ისთვის სამოსს ქმნიდნენ ისეთი ცნობილი დიზაინერები, როგორებიც სტელა მაკკარტნი და კარლ ლაგერფილდი არიან, ბრენდის სამოსზე ნამუშევარი აქვს მადონასაც.

ბრენდის პოპულარობის მიუხედავად, როდესაც სტეფან პერსონი მიხვდა, რომ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა კომპანიისთვის, მართვის სადავეები ფაბიან მანსონს გადააბარა, თუმცა დღემდე რჩება დირექტორთა საბჭოს წევრად. დღესდღეობით კი კომპანიას სტეფანის შვილი კარლ იოჰან პერსონი მართავს.

H&M-ის არ გააჩნია საკუთარი ფაბრიკები. ტანსაცმლის შეკერვას კომპანია სხვა მწარმოებლებს უკვეთავს, მაღაზიის ტერიტორიებს კი ქირაობს. H&M-ს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 1 400 მაღაზია აქვს.

სტეფან პერსონის ციტატები

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფასსა და ხარისხს, ფასსა და მოდას, ფასსა და მომსახურებას შორის არჩევანი არავინ და არასდროს უნდა გააკეთოს.

ყველა მეწარმეს უნდა ესმოდეს, რომ შედეგის მიღებამდე ბოლომდე უნდა დახარჯოს ძალებიც და შესაძლებლობებიც.

კლიენტების სტაბილური ლოიალურობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაზარზე პირველობა.

კომერციული აზრი - ეს, პირველ რიგში, საღი აზრია.

რაში მდგომარეობს H&M-ის წარმატების საიდუმლო? - პირველ რიგში, ეს მოდის, ფასისა და ხარისხის შერწყმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. ეს არის ის, რისი კეთებაც ჩვენ წლების განმავლობაში ვისწავლეთ და რასაც ძალიან კარგად ვაკეთებთ.

ჩვენი ბიზნეს დევიზია - მოდა და ხარისხი საუკეთესო ფასად.

როდესაც ბიზნესის გაფართოებას გეგმავთ, ყურადღებით უნდა შეისწავლოთ ადგილობრივი ბაზარი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ადაპტირება, მაგრამ ამასთან ერთად, არ უნდა დავკარგოთ საკუთარი სახე.

ყოველწლიურად ჩვენ 250 მილიონ ერთეულ ტანსაცმელს ვყიდით. თუმცა, მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ.

ჩვენი ფინანსური სიძლიერე აქციონერებისთვის და თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების გარანტია.