პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანის ქართველი გამომგონებელი

ცნობილი გამომგონებელი, გიორგი ნიკოლაძე, სულ რაღაც 42 წლის იყო, როდესაც ამ ქვეყნიდან წავიდა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მან ძალიან ბევრი რამ მოასწრო.

მეტალურგი, გეომეტრი, ტერმინოლოგი, გამომგონებელი, ტანმოვარჯიშე, მთამსვლელი - ეს მისი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია. გიორგი ნიკოლაძის მრავალმხრივი ნიჭი უპირობოდ იწვევდა თანამედროვეთა გაოცებასა და აღტაცებას.

ის 1888 წელს, დიდ ჯიხაიშში, ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში დაიბადა. დედა, ოლღა გურამიშვილი, უაღრესად განსწავლული ქალი იყო: შვეიცარიის, ციურიჰისა და ჟენევის უნივერსიტეტებში სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში ასწავლიდა და იშვიათი პედაგოგიური ნიჭით იყო დაჯილდოებული. შემდგომში ოლღამ ეს ნიჭი სამი შვილის აღზრდას მოახმარა, რომელთა შორის გიორგი თავიდანვე გამორჩეული იყო. პატარა გიორგის გეომეტრია და მათემატიკური საგნები უყვარდა და იშვიათი გონიერებით გამოირჩეოდა. გამომგონებლობისა და ცოდნის შეძენის დიდი სურვილი თავიდანვე დაჰყოლია. გიორგი ძალიან დაკვირვებული და დინჯი ბავშვი იყო, ქართული ლიტერატურა უსაზღვროდ უყვარდა და "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად უსწავლია. პატარა გიორგი სასწავლებლად თბილისის პირველ გიმნაზიაში შეიყვანეს. სწორედ იქ გამოვლინდა მისი ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა.

გიორგი ნიკოლაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მათემატიკური სკოლის განვითარებაში, თუმცა მისი საქმიანობის სფერო გაცილებით ფართო იყო. თავისუფალ დროს ტანვარჯიშითაც იყო დაკავებული. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში. მის მიერვეა შემოღებული ტერმინი "ტანვარჯიში". მეტისმეტად გატაცებული იყო ჭადრაკით. თანამედროვეები იხსენებენ, როგორ ეთამაშებოდა გიორგი ერთდროულად ათ კაცს ჭადრაკის დაფაზე დაუხედავად. რუსულთან ერთად გიორგი ნიკოლაძემ კარგად იცოდა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. ეს უნივერსალური ადამიანი ფოტოგრაფიითაც ყოფილა გატაცებული. შემდგომში გიორგიმ დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში. ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მეტალურგებთან და მონაწილეობდა დონეცკის აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში. 1918 წელს კი, საქართველოში დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით თბილისში აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი. აქ ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.

გიორგი ნიკოლაძემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში. 1908 წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე ბულგარეთში. 1912 წელს პეტერბურგის გუნდ "სოკოლის" შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მეექვსე მსოფლიო შეკრებაზე პრაღაში. 1913 წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში, ხოლო 1918 წელს, პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება "შევარდენი", თბილისში. 1923 წლის 28 აგვისტოს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რამაც დასაბამი მისცა საბჭოთა ალპინიზმს. მონაწილეობდა ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში. 1918 წელს, გიორგი ნიკოლაძეს ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში დაუწყია მუშაობა, თუმცა ეს თანამდებობა მალე დაუტოვებია და სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას შედგომია. მეცნიერი ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა. 1920 წელს დოცენტის წოდება მიიღო, 1926 წელს კი მისი ავტორობით, ქართულ ენაზე "მხაზველობითი გეომეტრიის კურსი" გამოიცა.

1926-1928 წლებში, დისერტაციის დასაცავად, ორი წლით საზღვარგარეთ წავიდა. უკან დაბრუნების შემდეგ, გიორგი ნიკოლაძემ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ვიდრე ეს ქარხანა აშენდებოდა, გიორგიმ "ენგურჰესის" დაპროექტებაც მოასწრო, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაფინანსება არ მისცა. ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის აშენებამდე, გიორგი ნიკოლაძეს დიდუბეში კიდევ ორი საცდელი ქარხანა აუგია. სამწუხაროდ, მის მიერ აშენებული ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა.

ევროპაში ყოფნის დროს გიორგიმ ცოლად მასზე მეტად უმცროსი ჟორჟეტა ღამბაშიძე შეირთო, გიორგი ნიკოლაძე მაშინ 40 წელს მიტანებული ყოფილა. თანამედროვეთა მოგონებებიდან კარგად ჩანს, რომ ჟორჟეტა გიორგის ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარული იყო - ორივეს განსაკუთრებულად ჰყვარებია ერთმანეთი. ჯვარი პარიზში დაუწერიათ და საქორწინო მოგზაურობაში ველოსიპედებით წასულან. ერთად მხოლოდ რამდენიმე წელი იცხოვრეს, რადგან გიორგი მალე გარდაიცვალა. სამწუხაროდ, გიორგი ნიკოლაძეს შთამომავლობა არ დაუტოვებია.

1931 წლის 23 იანვარს გიორგი ნიკოლაძე ლოგინად ჩავარდა, მას ფილტვების ორმხრივი კრუპოზული ანთება განუვითარდა, ორგანიზმი ინფექციას ვერ მოერია და 5 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. გიორგი ნიკოლაძის გარდაცვალების შემდეგ მისი ახალგაზრდა მეუღლე პარიზში, მშობლებთან დაბრუნებულა და ინგლისელ ლორდზე გათხოვილა. სხვათა შორის, ჟორჟეტას მამა პირველი ქართველი ბავშვთა ექიმი და ცემის ბავშვთა სახლის დამაარსებელი, ვახტანგ ღამბაშიძე იყო.

მნიშვნელოვანი გამოგონება

გიორგი ნიკოლაძე ავტორია ორიგინალური კონსტუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველაფერი ასე მოხდა: პარიზში ყოფნის დროს, მან გამომთვლელი მანქანების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა. ყველა მათგანი მექანიკური იყო და მხოლოდ ორ მოქმედებას ასრულებდა. გიორგის სწორედ ამ გამოფენის დათვალიერების შემდეგ გაუმჟღავნებია თავისი გამოგონება: მან მსოფლიოში პირველმა გამოიგონა ელექტროგამომთვლელი მანქანა, რომელიც მარტივ პრინციპზე იყო აგებული და ოთხივე მათემატიკურ მოქმედებას – შეკრებასა და გამოკლებას, გამრავლებასა და გაყოფას ასრულებდა. გიორგი ნიკოლაძემ მრავალი ფირმისა და კომპანიისაგან მიიღო მიწვევა, მაგრამ ყველას უარი უთხრა, რადგან სურდა, მანქანა საქართველოში აგებულიყო. 1929 წელს ის საქართველოში დაბრუნდა, მანქანის ასაგებად ცალკეული ტექნიკური დეტალების ჩამოყალიბება უნდოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მანქანის აგება ვერ მოახერხა. დღემდე მითითებული ნაშრომი და ნახაზები დაკარგულად არის მიჩნეული. ნიკოლაძის მიერ შექმნილი გამომთვლელი მანქანა, თავისი მოქმედების პრინციპებით, თანამედროვე გამომთვლელი მოწყობილობების წინამორბედია. პირველი მოდელი, რომელიც გიორგი ნიკოლაძემ დაამზადა, მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში 1936 წლამდე იყო გამოფენილი. შემდეგ კი, დაიკარგა და სამწუხაროდ, მხოლოდ მისი თეორიული აღწერილობაღა შემოგვრჩა. ასე რომ, გიორგი ნიკოლაძემ ამ იდეის ხორცშესხმა თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრო.

ხათუნა ჩიგოგიძე