სისხლის წვეთზე აგებული ბიზნესი

ჟურნალ "ფორბსის" მიერ გამოქვეყნებული ამერიკელი მილიარდერების წლევანდელი სიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული - ახალბედა ფარმაცევტული კომპანია Theranos-ის დამფუძნებელი, 31 წლის ელიზაბეთ ჰოლმსია.

4,5-მილიარდიანი ქონების მფლობელი ელიზაბეთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალია მათ შორის, ვინც საკუთარი ბიზნესი თვითონ და თან, ნულიდან შექმნა. უფრო მეტიც: ჩრდილიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოსულმა ჰოლმსმა ათ წელიწადში სისხლის ტესტირების სტუდენტური პროექტის მსოფლიოში ტექნოლოგიურად ყველაზე უფრო მოწინავე ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკურ კომპანიად გარდაქმნაც კი შეძლო.  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2003 წლის შემოდგომაზე სტენფორდის უნივერსიტეტის მეორეკურსელი ელიზაბეთი თავისი პედაგოგის, ქიმიური ინჟინერიის პროფესორის, ჩანინგ რობერტსონის კაბინეტში შექანდა და ზღუბლიდანვე შესთავაზა: "მოდი, კომპანია შევქმნათ!" იმ დროისთვის რობერტსონს უკვე უნივერსიტეტში მუშაობის 30-წილიანი გამოცდილება ჰქონდა და ამ ხნის განმავლობაში მის ხელში არაერთ ფხიან სტუდენტსაც გაევლო, მაგრამ ჰოლმსი მათ შორისაც გამორჩეული იყო. "მანამდე არასდროს შემხვედრია სტუდენტი, რომელსაც ტექნიკური პრობლემებისადმი ამდენი ახალი მიდგომის მოძებნა შეეძლო", - იხსენებდა შემდგომ რობერტსონი ჟურნალ Fortune-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

უნივერსიტეტში სწავლის პირველ წელს ელიზაბეთ ჰოლმსმა რობერტსონთან, პაციენტის სისხლში წამლების შესაყვანი "ჭკვიანი" მოწყობილობების კურსი, შემდეგ ამავე თემაზე, სინგაპურის გენომის ინსტიტუტში პირველი სტაჟირება გაიარა და კალიფორნიაში დაბრუნებულმა, პროფესორს აღნიშნული მოწყობილობების კიდევ უფრო "დაჭკვიანების" იდეა, უფრო კონკრეტულად კი, სასურველი ეფექტის მისაღწევად, მათთვის "გზადაგზა პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგის ჩატარების სწავლებაც" შესთავაზა. "ელიზაბეთი კომპანიის შექმნას ძალიან ჩქარობდა, - ამბობს დღეს უკვე ელიზაბეთის გუნდის წევრი რობერტსონი, - რადგან აქცენტი არსებულის მინიმალურ გაუმჯობესებაზე კი არა, პრინციპულად ახალი ტექნოლოგიის შექმნაზე ჰქონდა გაკეთებული. მეც მალევე მივხვდი, რომ მისი სახით, შესაძლოა, ახალ ბილ გეიტსთან ან სტივ ჯობსთან მქონოდა საქმე და თხოვნაზე უარი ვერაფრით ვუთხარი... ალბათ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ სამუშაოსთვის ორ კათედრაზე მომიხდა უარის თქმა, რაც ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს".

თანამოაზრე პედაგოგთან შეთანხმების შემდეგ ელიზაბეთ ჰოლმსი სემესტრის დასრულებასაც კი აღარ დალოდებია, უნივერსიტეტი ისე მიატოვა და მთლიანად თავის ახალ კომპანია Theranos-ზე (ეს სახელი ორი სიტყვის - "თერაპიისა" და "დიაგნოზის" შერწყმის შედეგადაა მიღებული) გადაერთო. მას შემდეგ არცთუ ისე ბევრი დრო გავიდა და დღეს მილიარდერ ელიზაბეთ ჰოლმსის კომპანიაში 500-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მუშაობს, რისკიანი ინვესტორები კი, რომლებმაც გუშინდელ ნასტუდენტარს უკვე 400 მილიონ დოლარზე მეტი ანდვეს, მის ბიზნესს 9 მილიარდ დოლარად აფასებენ.

ერთი შეხედვით, ჰოლმსის თავდაპირველ იდეასა და მისი კომპანიის დღევანდელ სპეციალიზაციას - სისხლის ტესტირებას შორის (ამ მიზნით, "თერანოსის" გუნდმა სისხლის ასაღები მიკრონემსითა და სპეციალური კარტრიჯით აღჭურვილი პატარა ზომის სპეციალური მოწყობილობა შექმნა) ცოტა საერთოღაა, თუმცა, პრობლემის გადაწყვეტისადმი მიდგომა თითქმის არ შეცვლილა. სადღეისოდ ჰოლმსის კომპანიის ძირითადი ბაზარი - 73 მილიარდი დოლარის მოცულობის მქონე დიაგნოსტიკური დარგი - წელიწადში 10 მილიარდ ტესტს ატარებს, რომლებზეც საექიმო გადაწყვეტილებების 70% მოდის. უშუალოდ "თერანოსი" 200-მდე სახეობის სტანდარტულ ტესტზე მუშაობს და უახლოეს მომავალში მათი რაოდენობის 1200-მდე გაზრდასაც გეგმავს. ოღონდ, ამ პროცესში მხოლოდ ახალდაპატენტებულ ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებიც ტესტისთვის აუცილებელი სისხლის მოცულობის რადიკალურად შემცირების საშუალებას იძლევა. უფრო მეტიც - ტესტების უმეტესობის ჩასატარებლად, კომპანიას მხოლოდ ერთი წვეთი სისხლიც ჰყოფნის, რაც ბაშვებთან მუშობისას და, აგრეთვე, სისხლის ხშირად აღების აუცილებლობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანაც, როგორც პაციენტები ამბობენ, "თერანოსის" ტესტი ნემსის საფუძვლიან ჩხვლეტას კი არა (რისიც, სხვათა შორის, თავად ელიზაბეთს ყოველთვის პანიკურად ეშინოდა), არამედ უბრალო შეხებას უფრო ჰგავს, ტესტის გამეორებით ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში კი სისხლის ხელახლა გაღება აღარ უწევთ.

Theranos ტესტის შედეგებს სულ რამდენიმე საათში გასცემს. ეს იმ პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ ნორმატივში მხოლოდ ეპიდემიური კონტროლის ცენტრების ლაბორატორიები თუ ეტევიან. და კიდევ: "თერანოსის" პაციენტებს დამოუკიდებელ ლაბორატორიებთან შედარებით, 2-4-ჯერ, ჰოსპიტალურ ლაბორატორიებთან შედარებით კი - 4-10-ჯერ უფრო ნაკლებ ფასად ემსახურება. კომპანიის წარმომადგენელთა გამოთვლებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის ყველა ტესტი "თერანოსის" მეთოდითა და ფასებით რომ ტარდებოდეს, ამერიკელი პაციენტები და სადაზღვევო კომპანიები უახლოეს ათ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს მაინც დაზოგავდნენ.

იხილეთ სრულად