ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ქალები

ჟურნალმა „ფორბსმა“ 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსოფლიოს პოპულარული ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 16 ცნობილი ქალი მოხვდა.

საერთო ჯამში, 2014 წელს ამ ქალბატონებმა 809 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოპულარული ქალბატონი მომღერალი კეტი პერი გახდა, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 135 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ფორბსის“ მონაცემებით, ამერიკელი პოპ-მომღერლის შემოსავლის ძირითადი წყარო მსოფლიო ტურნე Prismatic World Tour გახდა, რომლის ფარგლებშიც კეტი პერიმ 126 შოუ გამართა, მათ შორის 75 - აშშ-ს ფარგლებს გარეთ. თითოეული შოუდან მომღერლის საშუალო შემოსავალმა 2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. კეტი პერის სარფიანი შემოსავალი აქვს რეკლამებიდანაც. „ფორბსის“ მონაცემებით, გასულ წელს ცნობილმა მომღერალმა 135 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი მომღერალი, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგში მოხვდა, 25 წლის ამერიკელი ტეილორ სვიფტია. გასულ წელს გამოსული ტეილორ სვიფტის ბოლო ალბომი „1989“ ნამდვილ ბესტსელერად იქცა და მსოფლიოს მასშტაბით 3,6 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ამერიკელი მომღერლის შემოსავალმა შარშან 80 მილიონი დოლარი შეადგინა.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა წამყვანმა, ამერიკელმა ელენ დეჯენერისმა, რომელიც „ოსკარის“ 2014 წლის დაჯილდოებას უძღვებოდა, შარშან 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

„ფორბსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოპულარული ადამიანების რეიტინგში მოხვედრილ მომღერალ ქალბატონებს შორის ასევე დასახელდნენ ლედი გაგა 59 მილიონი დოლარის შემოსავლით, ბიონსე - 54,5 მილიონი დოლარით, ჯენიფერ ლოპესი - 75 მილიონი დოლარით და ბრიტნი სპირსი - 31 მილიონი დოლარით.

რაც შეეხება მსახიობ ქალბატონებს, „ფორბსის“ რეიტინგში მოხვდნენ ჯენიფერ ლოურენსი, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 52 მილიონი დოლარი შეადგინა, სკარლეტ იოჰანსონი - 35, 5 მილიონი დოლარი და სოფია ვერგარა - 28,5 მილიონი დოლარი.

რეიტინგში ერთადერთი სპორტსმენი, რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა მოხვდა, რომელმაც გასულ წელს 29,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მოდელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კვლავ ჟიზელ ბიუნდჰენია 44 მილიონი დოლარის შემოსავლით.