XX საუკუნის რჩეული ქართველი გამომგონებელი

ბორის რჩეულოვი (რჩეული) - ამ უცნაური გვარით შევიდა ისტორიაში გამომგონებელი, რომელმაც პირველი ვიდეომაგნიტური ჩამწერის სისტემა შექმნა და 1924 წლის 15 სექტემბერს დააპატენტა. მისი ნამდვილი გვარი რჩეულიშვილი გახლდათ.

ბორისი 1899 წელს, ტიფლისში პირველი კავკასიური სასანგრე ბატალიონის შტაბს-კაპიტან ალექსანდრე გრიგოლის ძე რჩეულოვის ოჯახში დაიბადა. მისი ნათლია ოპერის ცნობილი მომღერალი, ფეოდორ შალიაპინი გახლდათ. რჩეულოვის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ შალიაპინი ნათლულს არ ივიწყებდა და სისტემატურად უგზავნიდა საჩუქრებს და პორტრეტებს თავისი ავტოგრაფით. საბუნებისმეტყველო სფეროში მიღებულმა კარგმა განათლებამ გამორჩეული გონების მქონე ყმაწვილში გამომგონებლის ნიჭი გააღვივა და ბორისმა თავის მომავალ სპეციალობად ფიზიკა აირჩია.

მოგვიანებით ბორისმა სწავლა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განაგრძო, მაგრამ სამოქალაქო ომის დაწყების გამო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1918-1920 წლებში ის სახელოსნოების უფროსის მოვალეობას ასრულებდა, ამავე დროს ფოტოკინემატოგრაფიის ბიუროსაც უძღვებოდა. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი გამოგონება - "მოლაპარაკე კინემატოგრაფი". შემონახულია გამოგონების აღწერილობა, რომელიც 1919 წლის 10 დეკემბრითაა დათარიღებული. მიუხედავად ამისა, პირველი ხმოვანი კინოთეატრი ლენინგრადში, პროფესორ ა. შორინის ხელმძღვანელობით შექმნილი აპარატურით, მხოლოდ 1929 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

1922 წელს მეცნიერმა რუსეთში დააპატენტა მაგნიტური ჩაწერის სისტემა, რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი იწერებოდა ლითონის მავთულზე, ან ლითონის სხვა საგანზე.

აღსანიშნავია, რომ რჩეულოვის ეს გამოგონება პრაქტიკაში არასოდეს გამოუყენებიათ, თუმცა დღემდე ითვლება გამოსახულების მაგნიტური ხერხით ჩაწერის პირველ ნიმუშად. 1921-1922 წლებში ბორის რჩეულოვი ხელმძღვანელობდა უმაღლესი სამხედრო ავტოსაჯავშნო სკოლის სასწავლო ლაბორატორიას და ფიზიკას ასწავლიდა პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში. რეზერვში გასვლის შემდეგ მეცნიერი აქტიურად ჩაერთო სატელევიზიო სისტემების შემუშავებაში და ორი წლის შემდეგ გამოგონებათა კომიტეტში რამდენიმე კონსტრუქცია წარადგინა. სამეცნიერო საზოგადოება პროექტით დაინტერესდა და პროფესორ ა. პეტროვსკის ხელმძღვანელობით გარკვეული სამუშაოებიც ჩატარდა. კვლევების გაგრძელებას შესაბამისის ფინანსები სჭირდებოდა და რჩეულოვს სრულიად მოულოდნელად დახმარების ხელი გამოუწოდა იმ დროის ცნობილმა მევიოლინემ იაშა ხეიფეცმა, რომელიც მისი კომპანიონი გახდა. სატელევიზიო აპარატზე მუშაობის დასამთავრებლად ფიზიკოსი ინგლისში გაემგზავრა და ცხრა თვის შემდეგ, 1927 წლის 15 სექტემბერს, იქვე დააპატენტა თავის უნიკალური გამოგონება – ვიდეომაგნიტური ჩამწერი ხელსაწყო. სამწუხაროდ, ამავე თვეში გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა საბჭოთა კავშირსა და ინგლისს შორის, ბორის რჩეულოვს ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრეს და ისიც სამშობლოში დაბრუნდა.

XX საუკუნის 20-იანი წლების საბჭოთა კავშირში დაძაბული სიტუაცია იყო და რჩეულოვის გამოგონებისათვის არავის ეცალა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიზიკოსი ამაოდ ცდილობდა სახელმწიფო ორგანოების დაინტერესებას, მერე კი, იძულებული გახდა სატელეფონო ქარხანაში დაეწყო მუშაობა. ცნობილია, რომ ბორის რჩეულოვი სამუშაო ადგილს ხშირად იცვლიდა, მაგრამ სადაც უნდა ემუშავა, გამომგონებლის ნიჭსა და უნარს ყველგან ამჟღავნებდა. გარდა ზემოთ დასახელებული გამოგონებებისა, ბორის რჩეულოვს სხვა მნიშვნელოვანი გამოგონებებიც ეკუთვნის, რომელთა შორის უნდა გამოვყოთ ელექტროლიტური კონდენსატორი, კანიფოლით შევსებული სარჩილავი მავთული, ასევე - სამხედრო დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობები და ტელევიზიისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები.

ბორის რჩეულოვი ლენინგრადის ბლოკადის დროს გარდაიცვალა.

ხათუნა ჩიგოგიძე