მილიარდერების ძვირად ღირებული საქორწილო საჩუქრები

„საუკუნის საჩუქარი“ - სწორედ ასე შეაფასეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვისთვის ქორწილში ნაჩუქარი 37 მილიონ რუბლად შეფასებული „რიჩარდ მილერის“ საათი.

დიმიტრი პესკოვისა და ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონის, ტატიანა ნავკას ქორწილი მსოფლიო მასმედიის ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორწილში პუტინის პრეს-მდივანმა საჩუქრად Richard Mille RM 52-91 ძვირად ღირებული საათი მიიღო. მოგვიანებით, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს „ტანიას საჩუქარი“ იყო ქორწინების ნიშნად. თუმცა, დიმიტრი პესკოვის ქორწილი ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც დაუვიწყარი საჩუქრით გამოირჩა.

აბუ დაბის შეიხი მოჰამედისა და პრინცესა სალამას ქორწილი

ამ წყვილის ქორწილი დღემდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქორწილად ითვლება, რომლის რეკორდიც ამ დრომდე ვერავინ მოხსნა. არაბი შეიხისა და მისი მეუღლის ქორწილი, რომელიც 1981 წელს იზეიმეს, 100 მილიონი დოლარი დაჯდა, რითაც გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა. სტუმრების დასატევად ოჯახმა სპეციალურად ააგო 22 მილიონ დოლარად ღირებული სტადიონი, რომელიც ქორწილის შემდეგ შეიხ მოჰამედს მამისგან საჩუქრად ერგო. ახლა სტადიონზე სხვადასხვა ღონისძიებები და საფეხბურთო მატჩები იმართება. ახალდაქორწინებულების გარდა, საჩუქარი ზოგიერთმა სტუმარმაც მიიღო. მომღერალმა, რომელმაც საქორწილო ღონისძიებაზე წყვილს სიმღერა მიუძღვნა, სიძის მამისგან საჩუქრად „მერსედერის“ მარკის ავტომობილი მიიღო.

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი

კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ცნობილმა პარფიუმერებმა - კლაივ კრისტიანმა და როი დავმა თავიანთი სახელობის სუნამოები აჩუქეს.

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა, რომელთაც 2011 წლის აპრილში იქორწინეს, სტუმრებს სთხოვეს, საჩუქრების ნაცვლად, შემოწირულობები გაეკეთებინათ საქველმოქმედო ფონდში. თუმცა, მიუხედავად ამისა, პარფიუმერებმა მათ თავიანთი სახელობის სუნამოები აჩუქეს. სუნამო ბრილიანტებით გაწყობილ ბროლის ბოთლში იყო მოთავსებული და ზედ ინიციალები С (ქეთრინი) და W (უილიამი) იყო ამოტვიფრული.

საფეხბურთო აგენტის ჟორჟე მენდეშისა და სანდრა ბარბოსას ქორწილი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტის, პორტუგალიელი ჟორჟე მენდეშის ქორწილი ალბათ ყველაზე მეტად იმით იყო გამორჩეული, რომ მეჯვარე კრიშტიანუ რონალდუმ მას საბერძნეთის კუნძული აჩუქა. „ფორბსის“ მონაცემებით, კუნძულის ღირებულება 3-დან 30 მილიონი ევროა. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის თქმით, საბერძნეთში არსებული კრიზისის გათვალისწინებით, შესაძლოა, რონალდუმ კუნძულის სანაცვლოდ უფრო ნაკლები გადაიხადა.

ქეით უინსლეტი და ნედ როკენროლი

ბრიტანელ ბიზნესმენს ნედ როკენროლსა და ოსკაროსან მსახიობ ქეით უინსლეტს „ვირჯინ ჯგუფის“ დამაარსებელმა რიჩარდ ბრენსონმა ქორწილში სამახსოვროდ კოსმოსში გაფრენა აჩუქა.

ბილ კლინტონის ქალიშვილი და ბანკირი მარკ მეზვინსკი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის ქალიშვილმა ჩელსიმ და მისმა მეუღლემ, საინვესტიციო ბანკირმა მარკ მეზვინსკიმ თავიანთ ქორწილზე საჩუქრები აქეთ გაუკეთეს სხვებს. ამ დღის აღსანიშნავად იმ ქალაქის ყველა მცხოვრებს, სადაც ქორწილი გადაიხადეს, თითო ბოთლი ძვირად ღირებული ღვინო დაურიგეს.

მილიარდერი შონ პარკერი და მომღერალი ალექსანდრა ლენასი

ჩელსი კლინტონისა და მისი მეუღლის მსგავსად, ქორწილში მისულ სტუმრებს საჩუქრები დაურიგეს მილიარდერმა შონ პარკერმა და მომღერალმა ალექსანდრა ლენასმაც. მათ ყველა სტუმარს ფილმის „ბეჭდების მბრძანებლის“ კოსტიუმები დაახვედრეს საჩუქრად.

დონალდ ტრამპის შვილისა და მედიამაგნატ ჯარედ კუშნერის ქორწილი

მილიარდერი დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპი და New York Observer-ის მფლობელი, მედიაგნატი ჯარედ კუშნერი 2009 წელს დაქორწინდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი დოლარი შეადგინა. ივანკასთვის მეუღლისგან მირთმეული საქორწინო ბეჭდის ღირებულება 45 ათასი დოლარი იყო, საყურეები და სამაჯური კი 220 ათასი დოლარი ღირდა.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

„ფეისბუქის“ დამაარსებელსა და მის მეორე ნახევარს ქორწილზე დაუვიწყარი საჩუქარი მიუძღვნა Green Day-ს სოლისტმა ბილი ჯო არმსტრონგმა, რომელმაც შეკრებილი სტუმრების წინაშე რამდენიმე საათის განმავლობაში იმღერა. როგორც მოგვიანებით მუსიკოსის წარმომადგენელმა განაცხადა, ეს არმსტრონგის უფასო საჩუქარი იყო მარკისთვის.