ყველაზე მდიდარი ამერიკელები

ამერიკულმა გამოცემა „ფობსმა“ ამერიკის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც ზედიზედ 22-ე წელია, ბილ გეიტსი ლიდერობს.

„ფორბსის“ მონაცემებით, Microsoft-ის თანადამფუძნებლის ქონება 76 მილიარდი დოლარია.

რეიტინგის მეორე ადგილზე ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი აღმოჩნდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ინვესტორის ქონება წელს „ფორბსმა“ 62 მილიარდ დოლარად შეაფასა.

400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის რეიტინგში მესამე ადგილი ერგო Oracle-ს დამფუძნებელს ლარი ელისონს, რომლის ქონებაც „ფორბსმა“ 47,5 მილიარდ დოლარად შეაფასა.

მდიდარი ამერიკელების პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი - 47 მილიარდი დოლარი, ჩარლზ კოხი - 41 მილიარდი დოლარი, დევიდ კოხი - 41 მილიარდი დოლარი, მარკ ცუკერბერგი - 40,3 მილიარდი დოლარი, მაიკლ ბლუმბერგი - 38,6 მილიარდი დოლარი, ჯიმ უოლტონი - 33,7 მილიარდი დოლარი და ლარი პეიჯი - 33,3 მილიარდი დოლარი.

მიმდინარე წელს „ფორბსის“ მიერ შედგენილ ყველაზე მდიდარი ამერიკელების რეიტინგში მოსახვედრად პრეტენდენტი სულ მცირე 1,7 მილიარდი ქონების მფლობელი უნდა ყოფილიყო. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1,55 მილიარდი იყო. შესაბამისად, გაზრდილი მონაცემების გამო რეიტინგს მიღმა 145 ამერიკელი მილიარდერი დარჩა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის ქონებამ 2,34 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 50 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით. მილიარდერი ამერიკელების ქონების საშუალო მაჩვენებელი 5,8 მილიარდი დოლარია.

რეიტინგში 25 ახალი მილიარდერია, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 25 წლის მილიარდერი, Snapchat-ის დამფუძნებელი ევან შპიგელია.