ამერიკაში დაწყებული ფეხსაცმლის ბიზნესი და რჩევები წარმატებული ქართველი ბიზნესქალბატონისგან

ყველაფერი 2004 წელს, კომპანია ”ტუფლის” დაარსებით დაიწყო. ნიუ იორკში მცხოვრებმა 24 წლის გოგონამ ერთი შეხედვით, უცნაური გეგმით დაიწყო ბიზნესი - ფეხსაცმლის შეკვეთას ამერიკაში იღებდა, მოდელის ჩანახატს კი თბილისში აგზავნიდა, სადაც ფეხსაცმელი იკერებოდა.

შვიდი წლის შემდეგ თამუნა ჩუბინიძემ საკუთარი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა და ასე გაჩნდა "სქაილერ ნიუ იორკი", რომლის ბრენდის ქვეშ ფეხსაცმელი დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ბრენდის 14 მაღაზიაა.

როგორი იყო საწყისი კაპიტალი, რა გზა გაიარა კომპანიამ და როგორია დღეს ბრენდ "სქაილერ ნიუ-იორკი"-ის გეგმები, ამას კომპანიის წარმომადგენლისგან თამარ ჩუბინიძისგან შეიტყობთ.

- როდის და როგორ დაიწყეთ საქმიანობა? როგორც ვიცი, სესხი ბანკიდან აიღეთ, როგორ დაარწმუნეთ ბანკის წარმომადგენლები, რომ თქვენი საქმიანობა წარმატებული იქნებოდა?

- საქმიანობა 2004 წელს დავიწყე. მე და ჩემი პარტნიორი ქეთი მისკოვსკი ბანკში ვმუშაობდით და კარგად ვიცოდით, როგორ უნდა წარგვედგინა ბიზნესგეგმა, რათა სესხი აგვეღო. ჩვენ დავაარსეთ კომპანია ”ტუფლი”. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ქალბატონისთვის შეგვეკერა მათთვის სასურველი მოდელი და ეს მოდელი მათზე ზუსტად მორგებული ყოფილიყო.

- რა თანხას მოიცავდა საწყისი კაპიტალი და რა სირთულეებს უკავშირდებოდა თქვენი საქმიანობის პირველი ნაბიჯები?

- საწყისი კაპიტალი 50 000 დოლარი იყო. სირთულეები ბევრი გვქონდა. 2004 წელს საქართველოში ბიზნესის კეთება არც ისე ადვილი იყო. განსაკუთრებულ სირთულეს ფეხსაცმლის ხელოსნებთან ვაწყდებოდით. მათთან თანამშრომლობა ყველაზე მძიმე იყო. დანარჩენი საქმიანობა არ იყო რთული. ამერიკაში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში, upper east side-ზე ოფისი ვიქირავეთ. ასევე დავიქირავეთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში. ჩემი საქმიანობის ამერიკული ნაწილი ყოველთვის მეტ-ნაკლებად უპრობლემო იყო. მთავარ პრობლემას ყოველთვის თბილისში ვაწყდებოდით. ასევე რთული იყო უკვე დამზადებული ფეხსაცმლის ჩამოტანაც.

- რას თვლით თქვენს ბიზნესში ყველაზე დიდ წარმატებად?

- ნებისმიერი წარმატების შეფასება ინდივიდუალურია. გააჩნია, ვისთვის რა არის ბიზნესში წარმატება. ფული, გამოცდილება, ორივე ერთად, სამუშაო ადგილების შექმნა თუ საყვარელი საქმის კეთება. ჩემთვის წარმატება ჩემი შვილებით იწყება. ჩემი ინსპირაცია ჩემი შვილებიდან მოდის. ისინი არიან მთავარი სტიმული. მიყვარს ბოლომდე დახარჯვა დიდ თუ პატარა პროექტებში. როდესაც დღის განმავლობაში ყველა დაგეგმილ საქმეს ვასრულებ, ვთვლი, რომ დღე წარმატებულია. წარმატებული ვარ მაშინ, როცა ბედნიერი ვარ და ამას ვაფასებ.

- საქართველოში "სქაილერ ნიუ-იორკის" 14 მაღაზია მუშაობს - თუ გეგმავთ მაღაზიის კიდევ დამატებას, ან ახალი ხაზის ამუშავებას?

- ჩვენს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია მოქნილობა. ამიტომ რასაც მომხმარებელი და ბაზარი გვკარნახობს, ისე ვიქცევით. ბოლო 6 თვეა, ახალ ხაზზეც მიმდინარეობს მუშაობა. ახალი ხაზის ამუშავებას მაშინ მოვახერხებთ, როდესაც ამისთვის ქვეყანა, მომხმარებელი და ბაზარი მზად იქნება. უნდა გვქონდეს მოთმინება და დაველოდოთ იმ დროს, რომელსაც სწორი დრო ჰქვია.

- რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ბიზნესის დაწყებას გეგმავენ?

- როდესაც ახალგაზრდა ხარ, ეს უკვე ძალიან იღბლიანი პოზიციაა. უფრო მეტად რისკავ. ჩარჩოების გარეთ ფიქრი ყოველთვის საინტერესო ეტაპამდე მიდის. 21-ე საუკუნე ინოვაციების საუკუნეა. ის, რაც გუშინ აქტუალური იყო, დღეს შეიძლება მოძველებულად ჩაითვალოს, იმდენად სწრაფად ხდება განვითარება. რჩევას რაც შეეხება, საჭიროა რეალობის აღქმის უნარი, უმოწყალოდ ბევრი შრომა, მოქნილობა, მოთმინება და საქმის სიხარულით კეთება. ბევრისთვის შედეგია მთავარი. ჩემთვის შედეგამდე მისასვლელი გზა უფრო მთავარია.

თამარ კორკოტაშვილი