ხელნაკეთი ხის სათვალეები - ქართველი დიზაინერის ინოვაციური პროდუქტი

ხის სათვალეების შექმნის იდეა ლევან ლაშქარაშვილს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, თუმცა იდეისთვის ხორცშესხმა და ინოვაციურ ტექნოლოგიაზე მუშაობა ხუთი წლის უკან დაიწყო და პირველი ნიმუშები შექმნა.

ასე გაჩნდა L Wood.

სახელოსნოს მოწყობაზეც თავად იზრუნა. სახელოსნოში, რომელიც სახლში აქვს, ძირითადად მარტო მუშაობს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარეებიც ჰყავს. როგორც თვითონ ამბობს, არასდროს უცდია სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ან ფონდებიდან ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიღება.

სამუშაო მასალა: სათვალეების შესაქმნელად საჭირო მასალები უცხოეთიდან ჩამოდის. მინები იტალიურია. ხეები მრავალფეროვანი: აფრიკული კაკალი, ზეთისხილი და სხვა. ყველა მასალა აბსოლუტურად ნატურალურია. ხე კლიენტის სურვილის მიხედვით ირჩევა: თეთრი ხე, წითელი, შავი...

ყველაზე მნიშვნელოვანი: როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. ასევე ის ფაქტი, რომ სათვალეები ხელნაკეთია. კოლექციის გაკეთების დროს, სათვალეების დიზაინს ლევან ლაშქარაშვილი ქმნის, თუმცა განსაკუთრებულ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს: ”თუ მოდის მსურველი, რომელსაც სათვალის ექსკლუზიური ფორმა სურს, ან თვითონ აქვს დიზაინი, ამ შემთხვევაში მათი მოთხოვნების გათვალიწინება მიწევს”, - აღნიშნავს ლევან ლაშქარაშვილი.

მომხმარებელი:

L Wood-ის პროდუქცია საზღვარგარეთ უფრო იყიდება, ვიდრე საქართველოში. ქართული ეკონომიკური რეალობისა და მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით, L Wood-ის სათვალეები ძვირად აღიქმება.

”ჩემს პროდუქციას საზღვარგარეთ უფრო ვყიდი. ჩვენთან ფასის ფაქტორი მნიშვნელოვანია. ზოგისთვის ძვირად აღიქმება. ხშირად მიწევს ხოლმე ახსნა, რატომ ღირს ჩემს მიერ დამზადებული სათვალე 400 ლარი. მაგრამ ევროპელებს არ სჭირდებათ ამის ახსნა. არის უცხოური კომპანიები, რომლებიც მთლიან კოლექციას მიკვეთავენ”,- ამბობს ლევან ლაშქარაშვილი.

ხის დადებითი თვისებები:

”ვფიქრობ, ხე ადამიანის ბუნებასთან არის ახლოს. ბავშვობიდან მიტაცებს ხეზე მუშაობა. ხეს უნიკალური თვისებები აქვს: პირველ რიგში, ბუნებრივი, ნატურალურია, სუნთქავს, თბილია. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მსუბუქია. როდესაც ადამიანი სათვალეს ირგებს, ძალიან მნიშვნელოვანია სათვალის პრაქტიკულობა. ხის სათვალე ცხვირს არ სტკენს, შესაბამისად, თავს არ ატკიებს”,- ამბობს ლევან ლაშქარაშვილი.

L Wood 5 წლის შემდეგ: ”ამ ტემპით თუ გავაგრძელეთ, ძალიან წინ წავალთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში L Wood, როგორც ქართული ბრენდი, რეალურად ჩამოყალიბდეს და მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება გაფართოვებას, ეს მოთხოვნაზეა დამოკიდებული.”

ამ ეტაპზე ლევან ლაშქარაშვილი საგაზაფხულო კოლექციაზე მუშაობს. ზაფხულში კი თბილისში მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

თამარ კორკოტაშვილი