მილიარდერები, რომლებმაც ქონება უჩვეულო გზით დააგროვეს

მილიარდები ჩრდილისგან

ჩრდილისგან მილიარდიანი კაპიტალის შექმნა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჰოლანდიელმა რალფ ზონენბერგმა შეძლო, რომლის ქონება 1,6 მილიარდი დოლარია. 1919 წელს ზონენბერგის მამამ მექანიკური ინსტრუმენტების კომპანია დააარსა, შემდეგ კი ალუმინის პლასტინების ახალი ტექნოლოგია დანერგა ვენეციური ჟალუზებისთვის. დღესდღეობით ჯგუფში Hunter Douglas 164 სამრეწველო და მარკეტინგული ფირმა შედის მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. კორპორაცია ცნობილია იმით, რომ 2010 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა ყველა ინტერნეტ-გაყიდვები, მათი თქმით, ვირტუალურ ოფისებს არ ძალუძთ იმავე მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც რეალურს. დუბაის ბურჯ-ჰალიფას მშენებლობის დროს სწორედ Hunter Douglas-ის ჟალუზები გამოიყენეს.

სამოქალაქო კოდექსის მეფე

ამერიკის ყველაზე მდიდარ და ცნობილ ადვოკატს ჯო ჯაიმელს „სამოქალაქო კოდექსის მეფეს“ უწოდებენ. იგი ისეთი მოთხოვნადია, რომ ასობით საქმეზე გაცნობის გარეშე უარს ამბობს მათზე, როგორი ხმაურიანიც არ უნდა იყოს ისინი. ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი საქმე გახლდათ BP-ს წინააღმდეგ შესული უამრავი სარჩელი, რომელმაც მექსიკის ყურეში ნავთობი ჩაღვარა. ”ძალზედ დაკავებული ვარ”, - უპასუხა ადვოკატმა. 1985 წელს მან მოიგო პროცესი ნავთობკომპანიებს - Pennzoil დაTexaco შორის, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ძვირად ღირებული საქმე: Texaco-ს $11 მილიარდის გადახდა მოუწია, ჯაიმელის ჰონორარმა კი $335 მილიონი შეადგინა. მან 200-ზე მეტი პირადი ზიანის სარჩელი მოიგო, თითოეულისთვის $1 მილიონიანი კომპენსაციით. საკუთარი დედა ჯოს ბავშვობას იხსენებდა და აღწერდა მას, როგორც ბიჭუნას, რომელთანაც თამაშს არავის ურჩევდა. „ფორბსის“ თანახმად, ჯო ჯაიმელის ქონება 1,5 მილიარდი დოლარია.

საოცარი გარდაქმნა

„ჰარი პოტერის“ ავტორი ჯოან როულინგი, რომელიც 1 მილიარდი დოლარის მფლობელია, წარდგენას არ საჭიროებს. ადრე გაჭირვებაში მცხოვრებმა, მარტოხელა დედამ მეტი რომც არაფერი დაწეროს, მოზარდი ჯადოქრის ისტორიიდან მიღებული ჰონორარები, ასევე ფილმებით, სუვენირებითა და ორლანდოს ატრაქციონების პარკიდან მიღებული შემოსავალი მის შთამომავლობასაც ეყოფა. მისი წიგნების ტირაჟი 400 მილიონს გასცდა და 60 ენაზეა ნათარგმნი, ძველბერძნულისა და ლათინური ენების ჩათვლით. ჯოან როულინგის გამომცემელის Scholastic აქციები 1998 წლიდან 50%-ით გაიზარდა, სწორედ მაშინ გამოვიდა პირველი წიგნი.

ოქროს კვერცხები

2007 წელს უკრაინული სახელმწიფო კომპანია ”უკრაინის ნავთობგაზის” ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ ბახმატიუკმა კომპანიის წილი გაყიდა, ამ ბიზნესზე უარი თქვა და მანამდე 4 წლით ადრე მშობლიურ ივანო-ფრანკოვსკში ნაყიდ კვერცხების მწარმოებელ ფირმაში გადაინაცვლა. დღეს ბახმატიუკის კვერცხების იმპერიაში ქათმის 19 ფერმა, ქათმის საკვების დასამზადებელი 6 ქვედანაყოფი და კვერცხის დამუშავების ქარხანა, ქათმების მოსაშენებელი 3 ქვედანაყოფი, 3 საცავი და 9 ფერმაა მთელი უკრაინის მასშტაბით. წვრილ ფერმერთა შორის, რომლებიც უკრაინული კვერცხების უდიდეს წილს აწარმოებენ, ბახმანიუკის ჰოლდინგს ბაზრის მეოთხედი და კვერცხპროდუქტების ბაზრის ნახევარი უჭირავს. მაგრამ ბიზნესმენს ესეც არ აკმაყოფილებს - პროდუქციის 17% აზიის ბაზარზე გააქვს. უკრაინელი ბიზნესმენის ქონება 1 მილიარდი დოლარია.

”რობინ ჰუდის” ნემსი

„ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში იშვიათად ნახავთ მილიარდერს, რომელმაც ქონება ნარკოტიკების გაყიდვით დააგროვა. თუმცა, მექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ გუზმან ლოერა, მეტსახელად „ელ ჩაპო“ გამონაკლისია. ნარკოკარტელ „სინალო კარტელის“ ლიდერი, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტი ქონების მფლობელია, „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში რამდენიმე წლის წინ აღმოჩნდა. 2013 წელს კი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა. ითვლება, რომ „სინალო კარტელის“ ნარკოტიკების მეოთხედი აშშ-ში ხვდება. „ელ ჩაპოს“ გამოჩენამ უმდიდრესი ბიზნესმენებისა და მენეჯერების სიაში დიდი აურზაური გამოიწვია: ”მიდასის სიის” ერთ-ერთმა მონაწილემ უარი განაცხადა მისი სახელის ხსენებაზე, მექსიკურმა მთავრობამ ეს შეურაცხყოფად მიიღო, თუმცა ჟურმალმა Time-მა მიიჩნია, რომ თუ გავითვალისწინებთ სიმდიდრის მასშტაბს, პრინციპი, რომლის მიხედვითაც გუზმანი „ფორბსის“ სიაში მოხვდა, დღესავით ნათელია. თანაც გუზმანი პირველი არ გახლავთ, ვინც რეიტონგში აღმოჩნდა - 1993 წლამდე მისი ”კოლეგა” პაბლო ესკობარი ამშვენებდა „ფორბსის“ სიას. მექსიკელი ნარკობარონი რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ იანვრის დასაწყისში დააკავა. „ელ ჩაპო“ ალტიპლანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი, რომელიც უსაფრთხოების ზომებით ყველაზე დაცული ციხეა.

დუდანა ზაქარაია