„დარწმუნებული ვარ, „ელიტ ელექტრონიქსს“ დავიბრუნებთ“

მისი პირველი მცდელობა ბიზნესში 20 დოლარით დაიწყო. შემდეგ იყო აუდიო და ვიდეო კასეტებით ვაჭრობა ბათუმის ბაზრობაზე. შემდეგ, კომპანია “ელიტ-ელექტრონიქსი” და ციხეში გატარებული წელიწადზე მეტი - “PLITRANEWS”-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონამ” ამჯერად ”ტექნო ბუმისა” და ”ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელს, ანზორ ქოქოლაძეს უმასპინძლა.

როგორია ანზორ ქოქოლაძის ბიზნესისტორია და რატომ იყო შესაძლებელი მისი პატიმრობის დროს ციხეში ბიზნესფორუმის მოწყობა, ამის შესახებ ბიზნესმენმა გადაცემა „ბიზნესპერსონაში“ ისაუბრა.

- ბევრისთვის ალბათ აღმოჩენა იქნება ის, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში სულ რაღაც 20 დოლარით დაიწყო. რა იყო ეს პირველი მცდელობა?

- ჩემი ისტორია არაფრით განსხვავდება წარმატებული თუ ნახევრად წარმატებული სხვა ადამიანის ისტორიისგან. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ის ბიზნესში, მედიცინაში, ჟურნალისტიკაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. ალბათ ყველა ასე იწყებს, თუ მემკვიდრეობით არ ერგო ან ლატარიაში არ მოიგო. სხვა შემთხვევაში ყველა ისტორია მსგავსია. ჩემი ისტორიაც ანალოგიური იყო. მე არც გაჭირვებულ, არც მდიდარ ოჯახში გავზრდილვარ. საშუალო დონის ოჯახში გავიზარდე, ყოველ შემთხვევაში არსებობის პრობლემა არ გვქონია, თუმცა არც ზედმეტი გვქონდა. მამა ადრე გარდამეცვალა, ამიტომ იძულებული ვიყავი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. 5 დედმამიშვილი ვიყავით, სამი და მყავდა, მე უფროსი ბიჭი ვიყავი, აქედან მოდიოდა პასუხისმგელობის გრძნობა: 9 წლის უკვე უფროსი კაცი ვიყავი. შუალედური პერიოდი არ მქონია. 9 წლიდან, შინაგანად, უცბად გავხდი 20 წლის. სკოლის დროს ბიზნესის მიმართ ბუნებრივი განწყობა მქონდა. თუმცა ტერმინები - მარკეტინგი, მენეჯმენტი არ ვიცოდი.

- რა საქმე დაიწყეთ 20 დოლარით?

- ჩამოვაყალიბეთ პატარა ფირმა. ჯიხური გავაკეთეთ, სადაც სავალუტო ოპერაციები იყო, მერე კასეტების გაყიდვები დავიწყეთ. სხვადასხვა მცდელობები იყო. ეს 20 დოლარი ფირმის რეგისტრაციისთვის გვჭირდებოდა. დანარჩენი, ბევრი არ იყო საჭირო.

- პირველი შემოსავალი გახსოვთ?

- 20 დოლარი ეს დიდი ფული იყო. შეიძლება დღეს აღქმა სხვანაირია. სტუდენტისთვის, რომელსაც 2 დოლარი ედო ჯიბეში და ორი თვე ატარებდა, 20 დოლარი დიდი თანხა იყო. იმავე 20 დოლარით ერთ კვირაში, შეიძლება 100 დოლარი გამოიმუშაო, ეს იყო ძალიან დიდი. იმის საფრთხე, რომ საკუთარი შესაძლებლობებით მოიხიბლო, მაღალია. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ყველა ადამიანს აქვს ამის საფრთხე და მეც მქონდა, მოვიხიბლე - რა ჭკვიანი ვყოფილვარ და ეს არ მცოდნია-მეთქი. როცა ეს შეგრძნება ეუფლება ადამიანს, იქ უკვე სრულდება მისი წარმატება. უკვე საცობში მოხვდა. ეს გაკვეთილი ბევრჯერ გავიარე. არ უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ რაღაც განსაკუთრებულად შეძელი. კარგად გამოგივიდა? - ეს ძალიან კარგია, უფლის შეწევნა რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მთლიანად ჩვენს შესაძლებლობებსა და უნარებზე არ უნდა მივიწეროთ. ბუნებრივია, ჩვენი მოტივაცია, ჩვენი ბრძოლისუნარიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერი წარმატებული ჟურნალისტი, ექიმი ან პოლიტიკოსი რომ ავიღოთ, ყველაგან ერთ რამეს დავინახავთ: მოტივაცია მაღალი ჰქონდა. წარმატების საერთო ნიშანი მაღალი მოტივაციაა.

- პირველი წაგება, პირველი ზარალი თუ გახსოვთ ბიზნესში?

- სტუდენტობის პერიოდში ყოველი მცდელობა იყო წარუმატებლობის კასკადი. პირველი წარმატების შედეგად ნაშოვნი სამი ათასი დოლარიც დაიკარგა სხვადასხვა ბიზნესის წამოწყების დროს. თუმცა მგონია, რომ ყველა წარუმატებლობა სასარგებლოა. ყველა ვარდნა არის სასარგებლო, თუკი ადგომის სურვილი გაქვს. ყველაზე ცუდია, როცა ჩავარდები ტალახში და ადგომა აღარ გინდა. ყველა ეტაპზე, მადლობა უფალს, არ მქონია ის შეგრძნება, რომ წავიქეცი და რაღა აზრი აქვს ადგომას. მაგალითად, ერთ-ერთი დიდი ბიზნესმენი იყო გერმანიაში, 12 მილიარდი კაპიტალი ჰქონდა დაგროვილი. 72 წლის ასაკში დაკარგა 10 მილიარდი. ჩათვალა, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა, მატარებელს შეუვარდა და თავი მოიკლა. ბუნებრივია, ძალიან შემეცოდა, მაგრამ 100 წლის ასაკშიც, ყველაფერი რომ დაკარგო და კიდე ერთი იმდენი ვალი გქონდეს, აზრი ყოველთვის აქვს. ეს განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და როცა რაღაც პესიმიზმი შემეპარება, ვცდილობ, ეს განწყობის საფუძველი ვიპოვო. ძალიან მძიმეა, როცა ვერ აღწევ რაღაც წარმატებას, როცა ვალი გაქვს, როცა მევალე გაწუხებს - ბუნებრივად, შინაგანად გაწუხებს, როცა ვალდებულება გაქვს და შენ არ ასრულებ. მაგრამ ყოველი მომდევნო ნაბიჯი გაძლევს პასუხისმგებლობის შეგრძენაბს, რომ შენ შენი ნაბიჯით შეიძლება სხვა დააზარალო. ეს შეგრძნება ბევრჯერ მქონია, ამიტომ ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა იზრდება. რას მაძლევს წარუმატებლობა: ერთი, რომ პასუხისმგებლობის გრძნობას მიზრდის, უფრო ფრთხილი უნდა ვიყო. საკუთარი თავის დაზიანების უფლება გაქვს, მაგრამ სხვა არ უნდა დააზიანო. მეორე, გაძლევს გამოცდილებას - სად დაუშვი შეცდომა, რომ ის გამოასწორო. თუმცა, შეცდომები ნაკლებად მეორდება. ერთი და იგივე მოვლენა არ მეორდება. განსხვავებული მოვლენაა და განსხვავებულ პერიოდში განსხვავებული ნაბიჯის გადადგმა გიწევს.

- ამ წარუმატებლობის შემდეგ იყო ”ელიტ-ელექტრონიქსი”? თუ მანამდეც იყო გარკვეული მცდელობები, პატარ-პატარა ბიზნესები, სანამ ელიტ-ელექტრონიქსის დაფუძნებამდე მიხვიდოდით?

-როდესაც მოსკოვში ვსწავლობდი, წარუმატებლობების შემდეგ, 1996 წელს დავაფუძნეთ, როცა უკვე დაგროვილი იყო 2-3 ათას დოლარამდე ვალი, დავიწყეთ აუდიო კასეტების გამოგზავნა მოსკოვიდან. პატარა მაგიდა გვქონდა და ვყიდიდით ბათუმის ბაზრობაზე. ეს იყო ”ელიტ-ელექტრონიქსის” დაფუძნების საწყისი.

- რამდენად სწრაფად შეძლო ”ელიტ-ელექტრონიქსმა” ბაზარზე თავის სფეროში ნომერ პირველი კომპანიის სახელის დამკვიდრება?

- ამას დასჭირდა 10 წელი, მაგრამ ჩვენ ვიყავით ყველაზე პატარა ფირმა, რომელსაც მხოლოდ ერთი მაგიდა ედგა და 50 კასეტას ჰყიდდა. ერთი წლის შემდეგ პირველი მაღაზია ბათუმში გავხსენით.

- და 10 წლის თავზე წარმატების პიკს მიაღწიეთ, თუმცა, მაშინ დაიწყო ყველაზე რთული პერიოდი.

- 10 წლის თავზე პიკს არ მივაღწიეთ, გავხდით ბაზრის ლიდერი. პიკს უკვე 12-13 წლის შემდეგ მივაღწიეთ, 2007-2008 წლებში იყო ”ელიტ-ელექტრონიქსის” პიკი.

- თუმცა იყო ძალიან რთული პერიოდი, რა დროსაც თქვენ იმყოფებოდით საპყრობილეში. 2010 წლამდე თქვენ ”ელიტ-ელექტრონიქსის” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყავით. რა მოხდა შემდეგ?

- ყოველწლიურად, 1996 წლიდან მოყოლებული, 100%-ით იზრდებოდა, თუმცა მეტ-ნაკლები ვარდნა გვქონდა, გაკოტრების პირას რამდენჯერმე ყოფილა ”ელიტ-ელექტრონიქსი” და რთული პერიოდები გაგვივლია, მაგრამ უკვე 2007-2008 წელში 350 -352 მილიონი გაყიდვები გვქონდა ანუ ერთ-ერთი დიდი კომპანია იყო საქართველოში, ბრუნვის მიხედვით. თუ არ ვცდები, იმ პერიოდში 2000 თანამშრომელი გვყავდა და 59 მაღაზია გვქონდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობდა, გარკვეული ბიზნესი გაეხადა პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტად და მართვის სფეროში მოექცია.

- რაში ვლინდებოდა მათი მცდელობა, რომ ტექნიკის სფეროს მონოპოლიზაცია მოეხდინათ?

- ეს შემდეგ გამოიკვეთა, როცა მე დამაპატიმრეს. იქ კონკრეტული შემოთვლები იყო, რომ აზრი არ აქვს შენს ბრძოლას, ტექნიკის სფეროს მთლიანი მონოპოლია გვინდა და ნახავთ, რომ არც ერთი კომპანია არ დარჩება ბაზარზეო, ეს იყო კონკრეტული შემოთვლები ციხეში და არა - ვარაუდი. რაც უფრო დროზე აღიარებ, მით მალე გათავისუფლდებიო. ბიძინა ივანიშვილი თუ არ გამოჩნდებოდა პოლიტიკაში და ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება თუ არ მოხდებოდა, დღეს ჩვენ სახეზე გვექნებოდა ყველა სექტორში თითოჯგუფიანი მოთამაშე. იქნებოდა მონოპოლიზებული ბაზარი.

- თუმცა, მანამდე იყო თაღლითობის ბრალდება და თქვენ აღმოჩნდით საპატიმროში.

- არა, პირველი იყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მე ამ მუხლით დამაპატიმრეს.

- თქვენ ხომ კერძო კომპანიის მფლობელი იყავით? არასაჯარო მოხელე. რა უფლებამოსილებას გადააჭარბეთ?

- ორი თვე ვიჯექი ციხეში ამ მუხლით. ჩემთან არავინ მოსულა, რომ შეკითხვა დაესვა ან ციხეში გამომძიებელი მოსულიყო, ისედაც გასაგები იყო, რაზეც მაპატიმრებდნენ, ამიტომ კითხვა არ დასმულა.

- თქვენს შემთხვევაშიც სქემა იყო იდენტური, როგორიც მოქმედებდა ბევრი ბიზნესის შემთხვევაში, რომელმაც იზარალა. ვიდრე საგადასახადო შემოვიდოდა თქვენთან და დიდი ოდენობით ჯარიმებს დაგაკისრებდათ, არ იყო თქვენთან მოლაპარაკებების, რაღაც პირობებზე დათანხმების მცდელობები?

- არ ყოფილა. იყო უბრალოდ შემოთვლები. თუ ვეთანხმებოდით , რაღაც ნაბიჯს ვდგამდით, მათ შორის რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ცხინვალის რეგიონზე. მაგრამ, მაგალითად, 2009 წელს, თუ არ ვცდები, როცა მიტინგებზე ჩვენი თანამშრომლები გამოდიოდნენ, მოთხოვნა იყო ეს თანამშრომლები სამსახურიდან გაგვეშვა. იყო რაღაც საარჩევნო კამპანიაში ჩართულობაზე, ბუნებრივია, ამაზე უარს ვეუბნებოდით. ჩემი პოზიცია იყო: თუ თანამშრომელს იმის გამო გაუშვებ, რომ ის იმ ადგილას დგას, სადაც ქვეყანას სჭირდება, ჯობია დახურო ის კომპანია და ამით უნდა დამთავრდეს.

- როგორ აღმოჩნდით ბიზნესიდან ციხეში?

- დაიწყო 2007 წელს. ჯერ დიდი თანხა დაგვარიცხეს, მერე დაგვიპატიმრეს კონტეინერები, მთელი წელი იყო ტექნიკით დატვირთული 8 კონტეინერი, საკმაოდ ძვირად ღირებული, საბაჟოებზე გაჩერებული, დაგვიპატიმრეს თანამშრომლები, ცენტრალური საწყობი დაგვეწვა, თუმცა ჩვენ ამას არ ვუკავშირებდით პირდაპირ, კომპანიის მითვისების მცდელობას. მაგრამ მერე როცა ქიბარ ხალვაშის საწყობი დაიწვა და იქ აღმოჩნდა უკვე ნივთმტკიცება, საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ჩვენი ცენტრალური საწყობის დაწვაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო ხელისუფლების ხელი. შემდეგში კიდევ უფრო გვიღრმავდებოდა ეს ეჭვი, როდესაც აშკარად გამოიკვეთა კომპანიის მითვისების მცდელობა. ასე მარტივად რომ არ მოხერხდა, შეეცადნენ კომერციული სტრუქტურები ჩაერთოთ. მათ შორის სამწუხაროდ, ჩართული იყო ”თიბისი ბანკი”, რომელიც გვთავაზობდა, რომ თუ 51%-ს ცხრა მილიონად დავუთმობდით, ხელიუფლებასთან ურთიერთობებს დაალაგებდნენ, მოაგვარებდნენ, რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით. ორ თვეში უკვე მიიღეს კანონი, რომელიც ძალაში შესვლისთანავე პირველად ჩვენზე განხორციელდა, მერე კანონების მთელი კასკადი იქნა მიღებული და დავრწმუდით, რომ ეს კანონები ჩვენს გამო იყო მიღებული. კომპანია დაგვიყადაღეს. ”თიბისი ბანკისა” და ხელისუფლების მოქმედებები იყო სინქრონში. ამიტომ აშკარად გამოიკვეთა, რომ ეს იყო ერთი თამაში. 2009 წელს ”ელიტ ელექტრონიქსი” სამი თვის განმავლობაში დახურული იყო. მივდიოდით ხელისუფლებასთან და ვეუბნებოდით, რამხელა ზარალს იღებდა ქვეყანა, ბიუჯეტში 45 მილიონი გვქონდა შეტანილი 2007-2008 წელში. ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასთან, როცა მქონდა საუბრები ისინი ამბობდნენ: ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, თუ ”თიბისისთან” შევთანხმდებით, ჩვენ მოვხსნით ყადაღას. რატომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს პირობა, შეთანხმდება ”თიბისისთან” თუ არა? ”თიბისისთან” მივიდიოდით და უფასო წილს გვთხოვდა, რომ გადაგვეფორმებინა. საბოლოო ჯამში, ”თიბისიმ” გადაიფორმა 55%-ის აქციები, შემდეგ რამდენჯერმე გადაფორმება-გადმოფორმება მოხდა. თუმცა, ყველა გადაფორმება ფიქტიური იყო. ბუნებრივია, ჩვენ ამის მტკიცებულებები გვაქვს და ვფიქრობ, პროკურატურა ამას დროულად დაარქმევს თავის სახელს.

- ძალიან ბევრს აინტერესებს ალბათ, დღეს რა ხდება თქვენს ბიზნესთან დაკავშირებით.

თანდათან, 60 ათას დოლარს ძლივს მოვუყარეთ თავი, რომ ახალი კომპანია ჩამოგვეყალიბებინა. ეს თანამშრომლებისთვის ერთი თვის ხელფასს არ ყოფნიდა, თუმცა, ოპტიმიზმი და მოტივაცია იყო ძალიან მაღალი. თვითგადარჩენის ინსტიქტი იყო ძალიან მაღალი, ჩვენ მომწოდებლებთან მოვახერხეთ მოლაპარაკება, მივიღეთ სასაქონლო მცირე კრედიტები, ”ტექნობუმის” პირველი სამი მაღაზია გავხსენით 2010 წელს. ისეთ წარმატებას მიაღწია ამ კომპანიამ, ისეთი დიდი მხარდაჭერა იყო საზოგადოების მხრიდან და ისეთი დიდი სიყვარული მოდიოდა, მარტო ამის განცდა იყო იმაზე ძვირფასი, ვიდრე ”ელიტ-ელექტრონიქსი”. მე ახლა შემთხვევით ვისარგებლებ და დიდ მადლობას ვეტყვი ჩვენს მომხმარებელს, ვინც იმ პერიოდში განსაკუთრებულად დაგვიდგა.

თვითდან თვემდე ”ტექნო-ბუმი” დიდ წარმატებას აღწევდა, ჩვენ ერთ წელიწადში ისევ ბაზრის ლიდერი ვხდებოდით. როგორც კი მე-4 მაღაზია გავხსენით, დამაპატიმრეს.

- როგორ ფიქრობთ, რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება, ახლაც ციხეში უნდა ყოფილიყავით?

- კი. უწმინდესმა როგორც ვიცი, ბევრჯერ მიმართა პრეზიდენტს ჩემთან დაკავშირებით. მაშინ არ გაითვალისწინეს და შემდეგ დაუკავშირდნენ უწმინდესს და უთხრეს, თქვენი თხოვნა გავითვალისწინეთო და სააკაშვილის მხრიდან მოხდა ჩემი შეწყალება. თუმცა მე არც დამნაშავედ ვგრძნობდი თავს და არც შეწყალება დამიწერია. მე 2013 წლის 26 მაისს გამათავისუფლეს, წელიწადი და 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ.

- საკანში თქვენთან ერთად სხვა ბიზნესმენებიც თუ იყვნენ? გქონდათ ციხეში სხვა ბიზნესმენებთან ურთიერთობა?

- შიძლებოდა ციხეში იმ დროისთვის ბიზნესფორუმი მოგეწყოთ. ბიზნესმენები უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე სხვა კრიმინალური მუხლით გასამართლებულები. წვრილი, მსხვილი, საშუალო მეწარმე - ყველა ტიპის ბიზნესმენი იჯდა იმ დროს ამ ციხეში.

- ხდებოდა თქვენ შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, გაზიარება?

- 4-6 კაციანი საკნები იყო. ამიტომ საკანში ვისთან ერთადაც იჯექი, ამის საშუალება გქონდა, ან თუ სასამართლოზე, ან ადვოკატთან გადიოდი, იქ შემთხვევითი შეხვედრები ხდებოდა.

- გაქვთ იმედი, რომ აღდგება სამართლიანობა და დაიბრუნებთ ”ელიტ-ელექტრონიქსს”?

- ამაში დარწმუნებული მაშინაც ვიყავი, როც ციხეში ვიჯექი. ახლა კი მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ. სამართლიანობის აღდგენას როცა ვეხებით, ორ ნაწილად უნდა დავყოთ. ერთი, ის ბოროტება, რაც ხდებოდა, აღარ გრძელდება. იმ ნაწილში აღდგა სამართლიანობა, რომ სიცოცხლის საფრთხე იდგა, ეს საფრთხე მოხსნილია, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, დაუცველი იყო. ძალიან სასიამოვნოა შუშის შენობა, სასიამოვნოა იუსტიციის სახლები, მაგრამ მე მირჩევნია ჩაბნელებული შენობა იდგეს და რომ მიხვალ, შენი ბინა გადაფორმებული არ დაგხვდეს, ვიდრე შუშის შენობა იყოს, მიხვიდე და შენი ბინა სხვაზე გადაფორმებული დაგხვდეს - ანუ შენი საკუთრება დაუცველი იყოს. ქვეყნის ბიზნესის და ეკონომიკის ფუნდამენტი კერძო საკუთრებაა, თუ კერძო საკუთრება დაუცველი იქნება, რაც უნდა ლამაზი შენობები ააშენო, იგივეა იძახო ძალიან კარგი ოთახი მაქვს, სურათი კარგი მიკიდია, ამ დროს საძირკველი გამოუთხარო. დღეს ერთი შემთხვევაც არ მახსენდება, რომ კერძო საკუთრება წაერთმიათ.

- მაგრამ ბიზნესი მაინც პასიურობს...

- ამ მხრივ სამართლიანობა აღდგა, ადამიანებს არ ემუქრებიან, არ კლავენ, არ აუპატიურებენ, კერძო საკუთრებას არ ეხებიან და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე ნაწილში, თუ ვამბობთ, რომ მისი უფლებები შეილახა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ უფლებების აღდგენა. ზომიერი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ საკითხს. ამ ნაწილში გადაჭარბებული არ ვიქნები. ფრთხილად ვუდგებით, უკმაყოფილო ვართ ამ კუთხით და ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, რომ ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა. იმედი გვაქვს, გადადგამს ხელისუფლება ნაბიჯს ამ მხრივ. ახალი დეპარტამენტი, რომელიც პროკურატურაში ჩამოყალიბდა, ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, მათ შორის ”ელიტ-ელექტრონიქსის” საკითხთან დაკავშირებით, და გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე ვადაში მოგვარდება. თორემ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვართ, რომ ”ელიტ-ელექტრონიქსს” დავიბრუნებთ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე