ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში

PALITRANEWS - ის გადაცემა ”ბიზნესპერსონამ” ამჯერად საქართველოში პლასტიკური მედიცინის ფუძემდებელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ივა კუზანოვს უმასპინძლა.

როგორ დაფუძნდა პირველი ესთეტიკური კლინიკა საქართველოში და არსებობს თუ არა წარუმატებელი ოპერაციების ჩამონათვალი ივა კუზანოვის საქმიანობაში, ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- ძალიან მაინტერესებს პლასტიკური ქირურგია როგორც ბიზნესი. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ეს ბიზნესი შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც ვითარდება.

- დიახ, ნამდვილად შედგა. რამდენიმე კლინიკა მუშაობს წარმატებულად. ყველაფერი დაიწყო 90-იან წლებში, ძალიან მძიმე პერიოდში. მაშინ 31-ე საავიაციო ქარხანამ ახალი კლინიკა გააკეთა. იმ კლინიკაში ჩვენი სურვილით გადაგვიყვანეს და მოგვცეს განყოფილება. ეს არ იყო კერძო განყოფილება, მაგრამ უკვე იქიდან დაიწყო ბიზნეს ნაბიჯები. იმ პერიოდში საქართველოში დაინგრა ყველაფერი, ყველა საავადმყოფო. შუქი არ ჰქონდათ, ოპერაციების გაკეთების შესაძლებლობა არ იყო, მით უმეტეს, უგეგმო ოპერაციების. იქ ამის შესაძლებლობა მოგვცეს: სინათლეც იყო. მაშინ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა თბილისში.

- კერძო კლინიკის გახსნის იდეა როგორ გაჩნდა?

- კლინიკაში იწვა პაციენტი, ვისთან ერთადაც მოვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა კერძო კლინიკის გახსნა. ლეჩკომბინატში, ვაკეში გავხსენით კლინიკას ”მედლაინი”. საკმაოდ წარმატებით იმუშავა კლინიკამ, სანამ სხვა ადგილას არ გადავიდა და მაშინ მე და ჩემი პარტნიორი განვცალკევდით. მე და ჩემი შვილები გადმოვედით ამ კლინიკაში, სადაც ნებისმიერი ოპერაცია კეთდება. არა მხოლოდ ესთეტიკური ოპერაციები, ურთულესი ოპერაციები. მაგალითად, სქესის შეცვლა. ან მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის დროს მოკვეთილი მკერდის აღდგენა. სახის აღდგენა დამწვრობის შემდეგ. ავთვისებიანი სიმსივნის დროს, როდესაც ქვედა ყბა მოსცილდება. ასეთი ოპერაციებიც კეთდება ამ კლინიკაში.

- მაინტერესებს პირველი პლასტიკური ოპერაცია, რომელიც თქვენ გააკეთეთ, როგორც ვიცი, თითის მიკერება იყო.

- სწორი კითხვაა. ზოგიერთს ჰგონია, რომ პლასტიკური ქირურგია სილამაზის ქირურგიაა. სრულებით არა. პლასტიკური ქირურგია შეიცავს: რეკონსტრუქციულ, აღდგენით და ესთეტიკურ ქირურგიას. პირველი პლასტიკური ოპერაცია 1987 წელს ჩავატარეთ. თითი მივაკერეთ პაციენტს, რომელმაც საწარმოში თითი დაკარგა. ოპერაცია წარმატებით შესრულდა. ამის შემდეგ გაკეთდა 1200 მიკერება მოწყვეტილი თითების, მტევნების, ფეხების, მაგრამ ეს იყო ყველაფერი უფასოდ. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ხარჯებს სახელმწიფო ფარავდა. ხელფასს გვიხდიდა სახელმწიფო.

- სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია როდის გააკეთეთ?

- ეს ოპერაცია უკვე 31-ე ქარხანაში რომ გადავედით, მაშინ გაკეთდა. 1994-95 წლები იყო.

- და ვინ შეიცვალა სქესი?

- სახელს ვერ ვიტყვი. ახლა ის თბილისში არ ცხოვრობს, ამერიკაშია და ოჯახი ყავს. მას მოსკოვში გაუკეთეს პირველი ოპერაცია, მოაცილეს მკერდი. ქალი იყო. ჰქონდა ნებართვა და პასპორტი შეუცვალეს. შეცვლილი პასპორტით შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში და თქვა, რომ უნდოდა აღედგინა ყველანაირი მამაკაცური ორგანო. ეს იყო პირველი ოპერაცია საქართველოში და იმ მეთოდით, რომლითაც მსოფლიოში არ კეთდებოდა.

- მაშინაც უფასოდ გაკეთდა ეს ოპერაცია?

- დიახ.

- დღეს რა ღირს ასეთი ოპერაციის გაკეთება?

- დაახლოებით, 15 ათასი ლარი. ეს ჩვენთან. ამერიკაში იგივე ოპერაცია ღირს დაახლოებით, 100 ათასი.

- პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ თქვენი კლინიკების ბაზაზე კეთდება. თბილისში სტატისტიკა როგორია?

- თბილისში, 500-დან 600-მდე ოპერაცია გვაქვს წელიწადში.

- რამდენია ესთეტიკის მიმართულებით?

- უფრო მეტი. პროცენტული მაჩვენებლები რომ ავიღოთ, 70% მაინც ესთეტიკაა.

- მაშინ, როდესაც სახელმწიფო გაფინანსებდათ და გადაწყვიტეთ, რომ კერძო რელსებზე გადასულიყავით, რა გიმაგრებდათ ზურგს? რა გარანტია არსებობდა, რომ ეს საქმე მომგებიანი იქნებოდა? საერთოდ ხომ ცნობილია, რომ ქართველი ქალები საკუთარი სილამაზით განთქმულები არიან. რატომ ფიქრობდით, რომ მოთხოვნა იქნებოდა თუნდაც სხვადასხვა ესთეტიკური პროცედურების ჩატარებაზე?

- მთელ მსოფლიოში, კერძო კლინიკები თუ არსებობს, არსებობს ესთეტიკური ქირურგიის კლინიკაც. გარდა ამისა, საქართველოში ცხოვრობდა მსოფლიოში და საბჭოთა კავშირში განთქმული ესთეტიკური ქირურგი წოპე, რომელმაც შექმნა მთელი სკოლა. უამრავი ექიმი გაზარდა. ეს ექიმები ახლაც მუშაობენ და ყველა წარმატებით მუშაობს.

- ანუ, ფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა შემოსავლიანი საქმე?

- დიახ. მაგან გადაარჩინა გეგმიური რეკონსტრუქციული ოპერაციები. იმიტომ, რომ იმაში თანხას ვერ აიღებ. ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდა ვერავინ. დარგი იკარგებოდა. მიკროქირურგია ჩაქრებოდა. საბჭოთა კავშირის დროს სამი კლინიკა იყო, მოსკოვის, კიევის, ლენინგრადის და თბილისის. ჩვენ მივიღეთ მაშინ პირველებმა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია. და ამით ძალიან ვამაყობ იმიტომ, რომ ყველაზე ახალგაზრდა ქირურგი საქართველოში მე ვიყავი, ვინც ეს პრემია მიიღო. რომ გადაგვერჩინა მიკროქირურგია, იძულებით დავიწყეთ სილამაზის ქირურგია. სილამაზის ქირურგიაში უნდა გადაიხადოს პაციენტმა. ამ თანხებით ვინახავდით კლინიკას.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილამაზის ბიზნესი როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს. მე როგორც ვიცი, ბოლივუდმა გადაიღო თქვენზე ფილმი. როგორ გაიგეს თქვენ შესახებ და რა ფილმი იყო ეს?

- ერთ-ერთ პაციენტს ავთვისებიანი სიმსივნის გამო პენისის ამპუტაცია ჩაუტარდა და ახალგაზრდა მამაკაცს აღდგენა სჭირდებოდა. ჩვენ ჩვენი მეთოდით გავუკეთეთ ოპერაცია, ჩვენმა კოლეგებმა უცებ გაიგეს ეს, გაიგო ”როიტერმა”, აიღო ინტერვიუ აქ, და ასე გავრცელდა მსოფლიოში, რომ საქართველოში უნიკალური ოპერაცია გაკეთდა. მერე იყო შეთავაზება ბოლივუდიდან, რომ გადაეღოთ დოკუმეტური ფილმი. პაციენტს გადაუხადეს თანხა, რომ მონაწილეობა მიეღო ამ ყველაფერში, ჩვენ ბილეთებით უზრუნველგვყვეს.

- შეიძლება ითქვას, პაციენტმა თქვენთან გადახდილი თანხა ამ ფილმის ანაზღაურებით ამოიღო.

- შეიძლება. ფილმი ორი წლის განმავლობაში ტრიალებდა „დისქავერის“ არხზე.

- საინტერესოა, რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა თქვენთან?

- ეს არის რინოპლასტიკა. ცხვირის გალამაზება, საქართველოში, კავკასიაში. საერთოდ, იგივე იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ყველას აქვს დიდი ცხვირი. 80% ყველა ოპერაციის არის რინოპლასტიკა.

- შემდეგ რომელი მოდის?

- ბოლო ეტაპზე ძალიან მოთხოვნაა მკერდის გადიდებაზე. აუგმენტაცია. შემდეგ მოდის აბდომინოპლასტიკა, მერე ლიპოსაქცია, საკმაოდ ბევრი პაციენტია ლიპოსაქციაზე.

- რამდენად მიჰყვება მსოფლიო პლასტიკური მოდის ტენდენციებს საქართველო?

- ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე, საფრანგეთში რომ გაჩნდება რამე შლიაპკა, მეორე დღეს თბილისშიაო. საქართველო მიყვება მსოფლიოს ნაბიჯებს. მაგრამ რინოპლასტიკა აქ რომ კეთდება, ეს ბუნებრივია, სჭირდებათ. დიდი ცხვირებია, გატეხილი ცხვირებია. მაგრამ ისეთი ტენდენცია, როგორც ბრაზილიაშია, უკანალს რომ იზრდიან, თბილისში ასეთი პოპულარული არ არის. შეიძლება წელიწადში ერთხელ ვიღაცამ ეს ოპერაცია გაიკეთოს. მაგრამ ძალიან ბევრი ქალი საქართველოში ყურადღებას აქცევს თავის ფიგურასაც, სახესაც და სურს, რომ იყოს წარმატებული. წარმატებას გარეგნობაც ხელს უწყობს. ბევრი იკეთებს გაახალგაზრდავების თვალსაზრისით სახეს, ტანს მთლიანად.

- რომელია ყველაზე ძვირად ღირებული და ყველაზე დაბალფასიანი სერვისი?

- ყველაზე ძვირად ღირებული ოპერაცია სახის კანის დაჭიმვაა, ამ დროს მთლიანი სახე იჭიმება, კეთდება ტუჩები, ყურები. ოპერაცია დაახლოებით, 8-9 საათს გრძელდება.

- თქვენი ბიზნესი რომ საფეხურებად დავყოთ, როგორ ვითარდებოდა? ჯერ იყო ერთი კლინიკა, მედლაინი, შემდეგ?

- მერე აქ გადმოვედით და ეს კლინიკაა. ახლა ძალიან გვინდა, რომ გავფართოვდეთ.

- ვიცი, რომ ბათუმშიც სთავაზობთ მომსახურებას.

- დიახ. ბათუმში ჯერ გვქონდა ცალკე, კერძო კლინიკა, მერე გადავედით საზღვაო ჰოსპიტალში, იქ ხელშეკრულებით ვმუშაობთ.

- ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც ჩნდება მოთხოვნილება ესთეტიკურ მედიცინაზე?

- დიახ. როგორ არა. ბათუმში, ქუათაისში...

- ხშირად, ჩემს სტუმრებს ვეკითხები ხოლმე კონკურენციაზე და საინტერესოა, ამ სფეროში რა განსაზღვრავს კონკურენციას. თქვენ იყავით პირველი კლინიკა ამ მიმართულებით, რომელიც დაფუძნდა საქართველოში. თუმცა თქვენს შემდეგ გაჩნდნენ კონკურენტები. როგორია კონკურენტთა ომები სილამაზის ბიზნესში?

- ისე მოხდა, რომ მე პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი ვარ. უკვე რამდენიმე კლინიკა არსებობს. ყველა ჩვენი ქირურგი, რომელიც მოღვაწეობს, ჩვენი მეგობარია. ერთ ასოციაციაში ვართ. ჩვენ არ გვაქვს ომები.

-პაციენტების გადაბირება არ ხდება ხოლმე? არ მოსულა უკმაყოფილო პაციენტი და არ უთქვამს - იცით, თქვენს კონკურენტ კლინიკაში გავიკეთე ოპერაცია და ვარ საშინლად უკმაყოფილო, გთხოვთ გამოასწორეთ ხარვეზებიო?

- არსებობს ასეთი პაციენტები. პირადად მე და ჩვენი კლინიკის თანამშრომლები ექიმებს ვიცავთ. რას ნიშნავს ცუდად გამიკეთა ოპერაცია? ადამიანს როგორც შეეძლო, ისე გაუკეთა. მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. როცა უკმაყოფილოა პაციენტი, ე.ი. მას არ ესაუბრნენ. არ უთხრეს ყველაფერი. არ გააგებინეს ყველაფერი. ჩვენთან პაციენტი როცა მოდის, 40 წუთს ვესაუბრებით: რა გართულება შეიძლება მოყვეს, რომ შესაძლებელია დასჭირდეს მეორადი ოპერაცია, რომ გასასწორებელი შეიძლება იყოს, ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ პაციენტმა თვითონ გადაწყვიტოს. სჯობს დაკარგო პაციენტი, ვიდრე მერე უკმაყოფილო დარჩეს.

- ხშირია ამ სფეროში პაციენტების მხრიდან უკმაყოფილება?

- წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ ვიღაცა მოვა თხოვნით, გადამიკეთეთ, ან ახლიდან გამიკეთეთ, ან რაღაცა.

- ზოგადად ბიზნესში შეცდომა ძალიან მტკივნეულია, მაგრამ მედიცინაში, ალბათ, კიდევ უფრო მტკივნეული.

- საშინელებაა.

- რის ფასად უჯდება სამედიცინო ბიზნესს დაშვებული ერთი შეცდომა?

- პირველ რიგში, ნერვების. წლები გეკარგება, მედიცინა ისეთი რამ არის, რაც უნდა ეცადო, მარტო შენი ხელით და იმ ინსტრუმენტით, ზოგიერთი რამ ღმერთთანაც არის დაკავშირებული. ძალიან მძიმე პროფესიაა.

- თქვენს წილად არის ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია. ყოფილა წარუმატებლობები, რომლებიც დღემდე გახსოვთ და ძალიან მტკივნეულად?

- რა თქმა უნდა. ეს მაშინ მოხდა, როცა პირველად რინოპლასტიკის გაკეთება დავიწყეთ. მე უფრო სისხლძარღვთა ქირურგიასა და მიკროქირურგიაში ვმუშაობდი. ასევე - რეკონსტრუქციული ქირურგია. პირველად როცა გავაკეთეთ, ვაკეთებდით ძველი მეთოდით. დახურული მეთოდით. იმ პერიოდში ერთი გოგონა იყო ძალიან უკმაყოფილო. მერე წავიდა მოსკოვში და იქ გაიკეთა ოპერაცია. მაგრამ როგორც კი ახალ მეთოდზე გადავედით, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ საქართველოში (ეს არის ღია მეთოდით ოპერაციის გაკეთება. იხსნება კანი მთლიანად და ჩანს რა კეთდება), იმის მერე უკმაყოფილო პაციენტი არ გვყოლია.

- თქვენ, როგორც ექიმს, რომელი ოპერაციის შედეგი განიჭებთ ყველაზე მეტად კმაყოფილებას?

- მიკერებული თითი. რომ მოიტანენ გაფითრებულ თითს, შეუერთებ სისხლძარღვებს და გავარდისფერდება. სიცოცხლე ბრუნდება. ეს სასწაულია.

- თქვენ თქვით, რომ ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოდის მეზობელი ქვეყნებიდან. რა არის მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი?

- გააჩნია, რომელი ქვეყნიდან. თუ ეს არის ამიერკავკასია, ჩამოდიან იმიტომ, რომ იციან აქ კარგ შედეგს მიიღებენ. თუ არის ევროპა და ასე შემდეგ, როგორც წესი, მოდის ჩვენი ემიგრანტი და ამბობს: ვიცით, აქ უკეთესად გაკეთდება, ვიდრე მაგალითად, საბერძნეთში. რუსეთიდან როცა ჩამოდიან, მოსკოვი, პეტერბურგი და მსგავსი ქალაქებიდან, მარტო ფასის გამო არა, სახელის გამოც ჩამოდიან. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და გაიხსნა საზღვრები, ხალხი ყველგან მოედო. ამანაც ხელი შეგვიწყო. თვითონაც ჩამოდიან და სხვა პაციენტებიც ჩამოყავთ.

- არის გარკვეული ოპერაციები ესთეტიკური მედიცინის სფეროში, რომელიც საქართველოში არ ტარდება და გსურთ, რომ ახლო მომავალში ჩატარდეს?

- არ არსებობს მსოფლიოში ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება.

- ბევრი ბიზნესი და ხშირ შემთხვევაში, უმეტესობა, ძალიან მგრძნობიარეა სხვადსხვა პროცესების მიმართ. საინტერესოა, სილამაზის ბიზნესი რა პროცესებზე რეაგირებს. მაგალითად, დღეს რომ ლარის კურსი ეცემა დოლართან მიმართებაში, ეს თქვენს ბიზნესზე როგორ მოქმედებს?

- წამალი ძვირდება, საკერი მასალა. ჩვენ ძვირადღირებულ მასალას ვხმარობთ. მასალის გაძვირებასთან ერთად, ბუნებრივია ძვირდება ოპერაციის ფასიც.

- პაციენტების რაოდენობა?

- იკლებს. სანამ ის მიეჩვევა კრიზისის ახალ ტალღას. დაახლოებით ნახევარი წელიწადი უნდა, რომ ისევ აღდგეს სიტუაცია. საზღვარგარეთაც იგივეა.

- საკმაოდ განვითარებულია ეს სფერო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანს ვიზუალურად თვალში ცუდად ხვდება ის, რომ ესთეტიკური მედიცინის ბევრი პროცედურა ადამიანებს ერთმანეთს ამსგავსებს. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ხშირ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს გვანან ტუჩის მოცულობით. ეს რისი ბრალია?

- არაპროფესიონალიზმის. სწორედ ტუჩებზე გავამახვილებ ყურადღებას. ნებისმიერ სალონში შეგიძლიათ მიხვიდეთ და დაიბეროთ ტუჩები. უბრალოდ, სტილისტსაც კი შეუძლია გაბეროს ტუჩები ან შეიყვანოს გელი და ჰგონია, რომ მოაშორებს ნაოჭს.

- მსგავსი ტიპის სალონებმა პაციენტების ნაკადი წაგართვათ?

- ჩვენ ამით დიდად არ ვართ დაკავებული, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ. დახურული მეთოდით როცა კეთდებოდა ოპერაცია, ყველა ცხვირი გავდა ერთმანეთს. მაგრამ ჩვენ ღია მეთოდით ვაკეთებთ. ვცდილობთ მოუხდეს სახეს და არ ეტყობოდეს, რომ ნაოპერაციები ცხვირია. ეს ორი კრედოა. ამიტომ ჩვენი გაკეთებული ცხვირები ერთმანეთს არ ჰგავს.