23 წლის ფერმერი გოგო სოფელ დარჩელიდან

მარიკა კოდუა ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში ცხოვრობს და სამ სხვადასხვა მეურნეობას ერთდროულად უძღვება.

23 წლის მარიკას უკვე საფუძვლიანად შეუძლია საუბარი დარგში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე და მისი არგუმენტების უკან უკვე მრავალწლიანი ფიზიკური შრომა, თითოეულ სფეროსთან უშუალო შეხება და პირადი გამოცდილება დგას. მცირე ასაკის მიუხედავად, მარიკამ უკვე გადმოიბარა მშობლების მიერ წამოწყებული თხილისა და თაფლის მეურნეობაც და ოჯახურ ბიზნესს კიდევ ერთი ახალი, სილოსის საწარმო შემატა.

მარიკა კოდუა: ,,სიმინდის სილოსი ვაკუუმში შეფუთული საქონლის საკვებია, რომელიც წელს პირველად გამოუვუშვით სარეალიზაციოდ. გამოიყენება საქონლის საკვებად და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ჩვენს რეგიონში სავარგულების უმრავლესობა თხილს უკავია, შესაბამისად, საძოვრების ნაკლებობაა. ადგილობრივებს თივაც კი გორიდან მოაქვთ. სილოსს მცირე ფერმერები საქონლის საკვებად იყენებენ. საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტია და მე ვფიქრობ, ძალიან ხელსაყრელიც.“

კოდუების საკუთრებაში არსებული სილოსისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოები ერთმანეთისგან ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მარიკას ოჯახმა თხილის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 2001 წლიდან დაიწყო. ნედლეულის ნაწილს საკუთარი პლანტაციებიდან, ნაწილს კი ადგილობრივი მოსახლეობისგან იღებენ. მარიკა ნედლეულის აღებიდან მის რეალიზაციამდე საჭირო ყველა საქმეს თავად უძღვება და აქტიურადაა ჩართული მეფუტკრეობის სფეროშიც.

კოდუების ოჯახი ყოველწლიურად 70 სკისგან 2 ტონამდე თაფლს იღებს. პროდუქტი მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მარიკას თაფლის ბრენდირებაზეც ნაფიქრი აქვს, მაგრამ მწირმა ბაზარმა და დროის ნაკლებობამ ჯერჯერობით, გეგმებში კორექტივების შეტანა აიძულა. ახალგაზრდა ფერმერი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ამ კუთხით კარგი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

- სოფლის მეურნეობის სამ სფეროში ერთდროულად ხართ ჩართული. საქმიანობისას რა ძირითად პრობლემებთან გიწევთ შეხება?

- განსაკუთრებული პრობლემა სოფლის მეურნეობაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. სოფელში არსებული ქონება ნაკლებად ლიკვიდურად აღიქმება, მით უმეტეს მიწის რესურსი, შესაბამისად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჩვენთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით ჭიანურდება საქმე, თუ ახალგაზრდა ადამიანს ზურგს არავინ უმაგრებს. ქარხანას რომ ვაშენებდი, მიწის გაფორმებასთან დაკავშირებით, დიდ სირთულეებს გადავაწყდი. ზემოდან ინიციატივები მოდის, მაგრამ მათი განხორციელება ადგილობრივ დონეზე არ ხდება და ფერხდება. განკარგულებების უმრავლესობა ქვედა დონეზე არ სრულდება და ამას სამწუხაროდ, არავინ აკონტროლებს.

- თუმცა, ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტადაა მიჩნეული...

- მართალია, მთავრობის განცხადებებით, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად არის მიჩნეული. მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, დარგის აღორძინება არ მოხდება თუ ინვესტიცია ახალგაზრდებში და მათ განათლებაში არ ჩაიდო. უდავოა, რომ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა აუცილებელი. ამას კი დიდი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. დღესდღეობით გლეხს ყველაფრის გაკეთება ხელით უწევს, რაც თვითღირებულებას ზრდის და ჩვენი პროდუქცია იმპორტულს კონკურენციას ვერ უწევს.

ახალი ინიციატივები, გრანტები, სასწავლო პროგრამებია საჭირო. სოფლის მეურნეობის სფერო დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამ დარგში ბიზნესის კუთხით განვითარება ახალგაზრდა თაობისთვის განსაკუთრებით რთულია. არადა, თუ ახალგაზრდების დაინტერესება არ იქნა, ძველ თაობას რაც არ უნდა თანამედროვე ტექნოლოგიები დაულაგო, იმ შედეგს ვერ მიიღებ, რაც საჭიროა. რომ იტყვიან, ,,ახალი სისხლია” საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია ქართულ პროდუქტს კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულს?

- სოფლის მეურნეობა ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირშია. ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალია. რომ გავიძახით, რატომ ღირს ჩვენი პომიდორი სამი ლარი, თურქული კი ლარნახევარიო, თურქებს უზარმაზარი მასშტაბის ეკონომიკა, უმსხვილესი წარმოებები და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებები აქვთ. ადგილობრივმა წარმოებამ სული რომ მოითქვას, აუცილებელია კვოტები დაწესდეს ისეთ იმპორტულ პროდუქტებზე, რომლის წარმოება საქართელოში პრიორიტეტად იქნება მიჩნეული. გლეხის მიერ მცირე სათბურებში მოყვანილი პროდუქტი ასმილიონიან თურქულ კომპანიას კონკურენციას ვერასოდეს გაუწევს. კვოტების დაწესება და ხარისხის კონტროლი აუცილებელია. ეს ყველაფერი რომ მოხერხდება, შემდეგ უკვე სფეროც მიმზიდველი გახდება და ადგილობრივი წარმოების მასშტაბებიც მოიმატებს. წარმოებას რომ გავზრდით, ფასებიც დაიწევს. რაც მთავარია, შევჭამთ ქართულს და არა - სხვა ქვეყანაში გაზით მოყვანილ პროდუქტს.

- თქვენ როგორ ახერხებთ მუდმივ განვითარებას და რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამსახურის ძიებაში არიან და არც უფიქრიათ სოფლის მეურნეობის სფეროში ძალების მოსინჯვა?

- პირველ რიგში, მთავარია მონდომება. მე ყველაფერს ჩემს მშობლებს ვუმადლი. მათ მასწავლეს შრომის ფასი. მუდამ მქონდა მათგან მხარდაჭერა და საკუთარი მოტივაცია. სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობა დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ეს არ არის ის დარგი, სადაც განკარგულებების გაცემა კაბინეტიდან შეგიძლია. ვიღაცის დაქვემდებარებაში ყოფნა, ჩემი აზრით, რაღაც ეტაპზე აჩერებს ადამიანის განვითარებას. რადგან მუშაობ და გაქვს გარკვეული ანაზღაურება, შეიძლება იდეები გქონდეს, მაგრამ მათ განხორციელებას ნაკლები დრო დაუთმო. რატომღაც თავიდანვე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი სხვის დაქვემდებარებაში. ვფიქრობ, მთავარია შრომისმოყვარეობა და მონდომება. სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან დიდი რისკებისგან დაზღვეული არ ხარ, პირველ წელსვე შეიძლება ყველაფერი დაკარგო, მაგრამ თუ საქმეზე გული არ აგიცრუვდება და შემართება გექნება, ყველაფერი მოგვარებადია. ადრე თუ გვიან, შრომა აუცილებლად დაფასდება.

ქრისტინე გამთენაძე