წიგნები, რომელთა წაკითხვასაც ცუკერბერგი ყველას ურჩევს

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ ერთი წლის განმავლობაში თვეში ორ წიგნს წაიკითხავდა.

„ამ გზით მედიადიეტას უფრო კარგად დავიცავ“, - განმარტა მან.

ცუკერბერგმა პირობა შეასრულა, მოგვიანებით კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს წარუდგინა იმ წიგნების სია, რომლებიც მისი აზრით, ყველამ უნდა წაიკითხოს.

ჰენრი კისინჯერის "მსოფლიო წესრიგი" - მარკ ცუკერბერგი მომხმარებელს ურჩევს, რომ აუცილებლად წაიკითხონ ჰენრი კისინჯერის „მსოფლიო წესრიგი“, რომელშიც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას აღწერს და განმარტავს, რატომ ვერ პოულობენ სახელმწიფოები კომპრომისს.

„რატომ განიცდიან კრახს სახელმწიფოები“ - კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ცუკერბერგის მოსაზრებით, ყველამ უნდა წაიკითხოს. ნაშრომი ეკონომისტ დარონ ასემოღლუსა და პოლიტოლოგ ჯეიმს რობინსონის 15-წლიანი კვლევის შედეგია. ავტორების მტკიცებით, ექსტრაქტული ეკონომიკური ინსტიტუტები ძალაუფლებას მცირე ჯგუფის კეთილდღეობისთვის იყენებენ, მაშინ როცა ინკლუზიური ეკონომიკური ინსტიტუტები ღია ბაზარს ქმნიან, რაც მოქალაქეებს საკუთარი სახსრების თავისუფლად ხარჯვისა და ინვესტირების საშუალებას აძლევს.

ჟურნალისტ მეტ რიდლის „რაციონალური ოპტიმისტი“ - ერთ-ერთი ყველაზე სადავო და პოპულარული წიგნია. ავტორი წერს, რომ საბაზრო ეკონომიკა კაცობრიობის პროგრესის წყაროა, კაცობრიობა კი მით უფრო სწრაფად ვითარდება, რაც უფრო თავისუფალია ბიზნესი.

„სიღარიბის პორტფოლიო“ - რამდენიმე მკვლევრის ერთობლივი ნამუშევარია. 10 წლის განმავლობაში დარელ კოლინსი, ჯონათან მარდოკი, სტიუარდ რაზენფორდი და ორლანდა რატვენი ბანგლადეშის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკებს სწავლობდნენ. ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ სიღარიბე სუფევს არა იმ რეგიონებში, სადაც ადამიანებს ფულის გაკეთება არ შეუძლიათ, არამედ იქ, სადაც ადამიანებს ფინანსურ დაწესებულებებთან წვდომა არა აქვთ.

მიუზეს ნაიმის "ძალაუფლების დასასრული" - მსოფლიო ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის მიუზეს ნაიმის „ძალაუფლების დასასრული“ ასევე მოხვდა მარკ ცუკერბერგის ფავორიტ წიგნებში. ამ ნაშრომში ავტორი იკვლევს ავტორიტარულ სისტემებს, მათ შორის კორპორაციებს, სამხედრო სტრუქტურებსა და მთავრობებს, რომლებიც ძალაუფლებას ინდივიდუალისტებს გადასცემენ.

„მჯერა, რომ ადამიანებს გაცილებით უფრო მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ“, - მიიჩნევს მარკ ცუკერბერგი.