ფილოლოგი ქალის კივის პლანტაციები

პროფესიით ფილოლოგმა, 2011 წლიდან სამეგრელოში, სოფელ ზემო ეწერში კივის პლანტაციების გაშენება დაიწყო და ბიზნესში ჩადებული 200 000 დოლარის მოცულობის ინვესტიცია უკვე 2 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

გერმანული და რუსული ენების ფილოლოგი ნონა თორდია დღეს წარმატებული ფერმერი და შპს „გემუანის“ მფლობელია.

უნივერსიტეტის კათედრაზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ სწავლა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში გააგრძელა. შემდეგ ეტაპზე გერმანიაში მენეჯმენტი შეისწავლა. წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკაში. როგორც თავად ამბობს, ყოველივე ამან დიდი გამოცდილება შესძინა და საბოლოოდ, სწორი ანალიზის საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში აქვს გატარებიული, საზღვარგარეთ დარჩენაზე არასდროს უფიქრია და მუდამ იმაზე ოცნებობდა, მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში შეძლებისდაგვარად გამოეყენებინა.

,,სულ მინდოდა, ყველგან სიამოვნებით და სიამაყით მეთქვა, რომ საქართველოდან ვარ და ჩემს შვილებსაც ეამაყათ ამით!”

- როდის დაიწყეთ ფიქრი საკუთარ ბიზნესზე და რატომ მაინცდამაინც კივის პლანტაციები?

- შეიძლება ითქვას, მე და მამამ ერთად დავიწყეთ. მამა სამეგრელოდან არის. დიდხანს ვფიქრობდით, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი მუდამ გვქონდა. როდესაც საუბრობ რეგიონში საქმიანობის დაწყებაზე, პირველი, რაც თავში აზრად მოგდის, სოფლის მეურნეობაა. გვქონდა მიწის ნაკვეთი, ვიცნობდით ადგილობრივ მოსახლეობას. ისიც ვიცოდით, რომ რეგიონში უმუშევრობა იყო. საკითხი კარგად შევისწავლეთ და გამოჩნდა, რომ მსოფლიო ბაზარზე კივის საკმაოდ დიდი დეფიციტია, ჩვენთან კი შესანიშნავი კლიმატია ამ უნიკალური ხილის პლანტაციებისთვის. 2011 წელს იდეა და ბიზნესგეგმა რეალობად ვაქციეთ.

- თავიდანვე აქტიურად იყავით ჩართული ყველა საკითხის დაგეგმვასა და მოგვარებაში?

- ვერ გეტყვით, რომ თავიდანვე ამდენად ჩართული ვიყავი, თუმცა ძირითად გადაწყვეტილებებს ყოველთვის მე ვიღებდი. მეორე წელია, რაც ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობ. ვფიქრობ, საკუთარ ბიზნესში ღრმად და ბოლომდე უნდა იყო ჩაბმული. სხვანაირად მაქსიმალურ შედეგს ვერ მიაღწევ. ამ ხნის განმავლობაში მენეჯმენტის სისტემა თანდათან გაიმართა. უკვე ყველაფერს თავად ვაკეთებ, იქნება ეს დოკუმენტაციის შედგენა, ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, შენობების დაპროექტება თუ სიახლეების დანერგვა. სისტემა გამართულია და თანდათან უფრო წყნარად ყოფნის საშუალება მაქვს. გვეუბნებიან, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პლანტაცია გვაქვს, რაც საამაყოა.

- სირთულეები და პრობლემები...

- ზოგადად, საკმაოდ რთულია სოფლის მეურნეობის მიმართულება, ბევრი რისკი არსებობს. ეკონომიკურ თუ სოციალურ ფაქტორებთან ერთად, ბუნებრივი პირობებიც ხშირად ხელის შემშლელია. მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს სფერო ძალიან საინტერესოა. ზოგჯერ ეხები საკითხს, რაც ნაკლებად იცი, თუმცა თუ სურვილი გაქვს და არ გეზარება, ადამიანი ძალიან ბევრ რამეში შეიძლება გაერკვე.

- ბევრ ქვეყანაში გიცხოვრიათ და სხვადასხვა სფეროში გიმუშავიათ. შეგიძლიათ თქვათ, რომ აგრობიზნესში თავს კომფორტულად გრძნობთ?

- ვმუშაობდი ფილოლოგად, ავიაციის სფეროში, ანალიტიკურ ცენტრში, ერთი პერიოდი საჯარო მოხელეც ვიყავი. თუმცა ახლა ვამბობ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო და სფერო, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ამ საქმისთვის შემიძლია ბოლომდე დავიხარჯო. აქ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილებებს და მათზე პასუხისმგებლობასაც თავად ვიღებ და ეს საქმეს მიადვილებს. აგრობიზნესი ჩემთვის საკმაოდ საინტერესო დარგი აღმოჩნდა. დავინახე ძალიან დიდი პერსპექტივა. მიმართულებები, რაზეც შეიძლება კომპანიამ დაიწყოს ფიქრი.

- რას უკავშირებთ მიღწეულ წარმატებას და როგორია თქვენი მომავალი გეგმები?

- გასულ წელს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით სტანდარტიზაციაზე და მივაღწიეთ იმას, რომ USAID-REAP-ის პროგრამის ფარგლებში მივიღეთ Global Gap-ის საერთაშორისო სერთიფიკატი, რაც აგრობიზნესში ჩართული ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის სანდოობაზე მიუთითებს. ეს წინ გადადგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯია. Global Gap-ის სერთიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ გვაქვს სერიოზული, დალაგებული კომპანია კვალიფიციური პერსონალითა და გამართული ინფრასტრუქტურით. პირველ რიგში ვგეგმავთ, რომ ის ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც ჩვენს პლანტაციაში ვიღებთ, ქართულ ბაზარზე რეალიზდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდეს ექსპორტზე, ასევე ვაპირებთ ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს აშენებას.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე