ბიზნესის თავგადასავალი ოქროს დასასრულით

PALITRANEWS - ის გადაცემა "ბიზნესპერსონამ” ამჯერად Caucasus Minerals-ის დამფუძნებელს კახა კუჭავას უმასპინძლა.

როგორ იქცა სტიბიუმი დიდი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობად, როგორია Caucasus Minerals-ის დაარსების ისტორია და რა პერსპექტივები აქვს ქართულ მიწაზე მოპოვებულ იშვიათ მეტალს - ანთიმონითს მსოფლიო ბაზარზე, ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს კომპანია Caucasus Minerals-ის არსებობა და არც ის, რომ თქვენი კომპანია ძალიან საინტერესო კვლევას აწარმოებს. ეს კვლევა კი, ცოტა ხანში დიდი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა უნდა გახდეს. მოგვიყევით, როგორ დაიწყო Caucasus Minerals-ის ისტორია.

- ყველაფერი დაიწყო 2011 წელს. ჩვენთან მოვიდა მოთხოვნა, გაგვერკვია ერთ-ერთი ლიცენზიის შესახებ, თუ რა ხდებოდა იქ, რა სტატუსი ჰქონდა და უცხოურ დაინტერესებულ კომპანიას დავხმარებოდით, ბიზნესი დაეწყო საქართველოში. არ დავიზარე და მაშინ ჩამოსულ უცხოელ გეოლოგებთან ერთად მოვიარეთ ყველა საჭირო ადგილი - დავიწყეთ მთელი ინფორმაციის მოძიება. არქივებში, გეოლოგიურ ფონდებში, ვხვდებოდით გეოლოგებს, ვისაც უმუშავიათ ამ პროექტზე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. დავაკონკრეტოთ რაზეა საუბარი.

- ბევრმა მკითხველმა, შესაძლოა არ იცის, რა მინერალის მოპოვებაზეა საუბარი და სად?

- საუბარია ზემო რაჭის, ონის რაიონზე, სოფელი ღებზე. ამ სოფლიდან დაახლოებით 18 კილომეტრის მოშორებით, მთაში, რიონის შესართავებისკენ იპოვეს საბადო, რომელიც გამოირჩეოდა ანთიმონითის დიდი შემცველობით. თუმცა, სხვა ელემენტებიც მოყვებოდა, მათ შორის ფერადი ლითონები, ძვირფასი ლითონები. სამუშაოები დაახლოებით 57 წლამდე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა, გაყვანილია + - 20 კილომეტრის სიგრძის სპეციალური გვირაბები კლდეში, სადაც გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა. 1957 წელს დაიწერა პირველი ანგარიში უკვე მარაგების შესახებ, შემდეგ რაღაც პერიოდი შეჩერებული იყო სამუშაოები. 70-იანებში ისევ განახლდა, 80-იანებში ისევ შეჩერდა, შემდეგ ისე მოხდა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში რამდენიმე ჯგუფი დაინტერესდა, მათ შორის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც იყო, საფონდო ბირჟაზეც ვაჭრობდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ რთული პროექტია, თუნდაც გეოლოკაციიდან გამომდინარე, ვერ შეძლეს ბოლომდე მიეყვანათ საქმე. აქ საუბარი არ არის წარმოებაზე. პირველ რიგში, საუბარია მოკვლევის ეტაპზე, რომ ვიცოდეთ რა არის იქ, ღირს თუ არა მოკვლევა. ჩვენთვის ეს იყო გამოწვევა, შევძლებდით თუ არა.

- ანთიმონითი, იგივე სტიბიუმი. ძირითადად, რაში გამოიყენება ეს მინერალი?

- საკმაოდ საინტერესო ელემენტია, 2012 წლიდან უკვე ბრიტანულ-გეოლოგიური ინსტიტუტების მიერ შეყვანილ იქნა სამ ყველაზე იშვიათ მეტალს შორის. ეს არის ანტიაალებადი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ყველგან, სადაც საშიშროებაა, რომ რაღაც აალდეს. პირველ რიგში, ეს არის ცეცხლჩამქრობი საშუალებები, რომლებიც მაქსიმალურად იყენებენ ამ ელემენტს. თანამედროვე ტექნიკის განვითარებიდან გამომდინარე, ძალიან გამოიყენება მობილურების, პლანშეტების, ეკრანების შემთხვევაში, ასევე, სამხედრო მიზნებისთვისაც.

- ანუ, მოთხოვნად მინერალზე გვაქვს საუბარი.

- დიახ. და ამავე დროს, საკმაოდ იშვიათი ელემენტია. მსოფლიოში ძალიან ცოტაა საბადოები, რომლებიც მოიპოვებენ ანთიმონითს. საქართველოს გაგვიმართლა, რომ მინიმუმ, ერთი საბადო მაინც გვაქვს.

- ვიდრე ანთიმონითის საბადოზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენს ბიზნესსაქმიანობას მივყვეთ ეტაპობრივად. თქვენ ხართ იურისტი. როგორ ვითარდებოდა თქვენი კარიერა ბიზნესში პირველ ნაბიჯებამდე?

- 2001 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შევიცვალე რამდენიმე სამსახური. ბედნიერი ვარ იმის გამო, როგორც განვითარდა ჩემი პროფესიული ზრდის ისტორია, საფეხურები, რადგან ძალიან საინტერესო სამსახურებში ვიმუშავე. ყველგან ბევრი მეგობარი შევიძინე, ეს, ალბათ, ყველაზე დიდი აქტივია, რაც მე მაქვს და რითიც მდიდარი ვარ. მათთან დღემდე ვმეგობრობ, ახლო ურთიერთობა მაქვს, ბევრჯერ გამომადგა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებში მიმუშავია. მიმუშავია როგორც კერძო ადგილობრივ, ქართულ კომპანიებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩემი ბოლო სამსახური იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, თბილისის ოფისი. განსაკუთრებით საინტერესო იყო იმიტომ, რომ სათავო ოფისიდან, ვაშინგტონიდან ერთ-ერთი პროექტის თანახელმძღვანელი ვიყავი, ვეხმარებოდი რეგიონში ამ პროექტის განხორციელებაში. ეს მოიცავდა ბალკანეთიდან ჩინეთი-მონღოლეთის ჩათვლით ყველა რეგიონს. წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას ახლა საქართველოში ვიყენებ.

- განგებ გკითხეთ ამ სამუშაო გამოცდილების შესახებ, რადგან საკმაოდ წარმატებული კარიერა გქონდათ. შეგეძლოთ ასევე გაგეგრძელებინათ, თუმცა თქვენ მაინც გადაწყვიტეთ გარკვეულ ეტაპზე, რომ დამოუკიდებელი ბიზნესი დაგეწყოთ მეგობრებთან ერთად. რატომ?

- როგორც აღვნიშნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ ვისწავლე ერთი წელი ნოტინგემის სამართლის სკოლაში. ვთვლი, რომ ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა, როგორც იურისტს, ძალიან დიდ საქმეებზეც ვიმუშავე და წარმატებასაც მივაღწიეთ, მაგრამ არის რაღაც, რის გამოც არ დავრჩი ინგლისში საცხოვრებლად, არ დავრჩი ამერიკაში, მინდოდა საქართველოში ვყოფილიყავი. ყოველთვის მინდოდა შემექნა ჩემი საინტერესო თავგადასავალი, რომელსაც ექნებოდა წარმატება არა მარტო მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვისთვისაც - რეგიონი იქნებოდა ეს, თუ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, შინაგანი სურვილი იყო. საბედნიეროდ, ჩემი პარტნიორები, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ასევე მოტივირებულები არიან.

- როგორც ვიცი, ეს იყო საკონსულტაციო კომპანია...

- ჩვენ 2010 წელს დავაარსეთ იურიდიული ფირმა: მე, დათო ერისთავმა და რეზო ბერიძემ. დღეს იურიდიულ ფირმას ჰქვია ”ერისთავი და პარტნიორები”, დავიწყეთ იურისტებმა, საკმაოდ საინტერესო პროდუქტებით შემოვედით საქართველოს ბაზარზე. ჩვენი ძირითადი კლიენტურა უცხოელები იყვნენ, საქართველო საინტერესოა საინვესტიციო თვალსაზრისით ბევრი უცხოური კომპანიისთვის. ამიტომ, ჩვენ ნიშა ავიღეთ, რომ ქართულ კომპანიებზე მეტად უცხოურ კომპანიებთან გვემუშავა, იმდენად გავიზარდეთ, რომ გაგვიჩნდა მოთხოვნილება გაგვეხსნა ბათუმშიც, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

- თქვენ ბიზნესი გამოგყავდათ პრობლემებიდან, თუმცა სანაცვლოდ ითხოვდით უკვე შემდგარი კომპანიის გარკვეულ აქტივებს. საკონსულტაციო კომპანიის ინოვაციური შეთავაზება ბიზნესისთვის - რაში მდგომარეობდა ეს შეთავაზება?

- ჩვენ გვქონდა გამოცდილება, უნარები და გადავწყვიტეთ კომპანიებს დავხმარებოდით კრიზისიდან გამოსვლაში. არ ვთხოვდით ანაზღაურებას, ვიცოდით, რომ ვერ გადაიხდიდნენ, მაგრამ ვთხოვდით ან ე.წ. წარმატების მოსაკრებელს, ან უკვე კომპანიაში აქტივებს. ასე დაიწყო ჩვენი საქმიანობა სამშენებლო კუთხითაც, დღეს ვართ ერთ-ერთი დიდი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის აქციონერებიც, მმართველებიც. რამდენიმე კომპანია შევარჩიეთ, რომლებშიც ვთვლიდით, რომ სიტუაცია გამოსწორებადი იყო (თუმცა გაკოტრების პირას იყო), მართვა გადავიბარეთ, რამდენიმე წელი ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა მოვახერხეთ, რომ ვალდებულებები გაგვესტუმრებინა. იქ არა მარტო ბანკის ვალდებულებები, არამედ სხვადასხვა პრობლემური საკითხებიც იყო, რომლებიც წარმატებით მოვაგვარეთ.

- როგორც ვიცი, რაჭაში ძალიან საინტერესო მინერალის მოპოვების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია თქვენი ერთ-ერთი ავსტრიელი კლიენტისგან გქონდათ.

- ავსტრიელი არა, ბრიტანელი. აქედან წამოვიდა ეს იდეა. გვთხოვეს, რომ რაღაც ინფორმაცია მოგვეკვლია, დავინტერესებულიყავით, რადგან სტატუსი, სამართლებრივი ნაწილი იყო გასარკვევი. თუმცა ჩვენ უფრო ღრმად შევედით და გაცილებით საინტერესო საინვესტიციო პაკეტი შევთავაზეთ. თუმცა, მათთან ეს პროექტი აღარ გამოვიდა. შემდეგ დაგვიკავშირდა ლონდონიდან ერთ-ერთი ჯგუფი, რომელთანაც შეთანხმებას 15 წუთში მივაღწიეთ პროექტის ერთად დაწყების თაობაზე. სხვათა შორის, ხელშეკრულებაც არ იყო მაშინ ხელმოწერილი. განცხადება შევიტანეთ და იმდენად დიდი ნდობის ფაქტორი იყო ჩვენს შორის, რომ თანხები გადმორიცხეს - ჩვენ ლიცენზია უნდა გვეყიდა და პირველი სამუშაოები დაგვეწყო. ჩვენ პირველ წელს გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება ვერ შევძელით, რადგან დაახლოებით 18 კმ-ის გზის რეაბილიტაცია მოგვიწია.

- ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად, არ არსებობდა.

- ეს იყო ძველი ინფრასტრუქტურა, რომელსაც ძალიან კარგად მიხედვა სჭირდებოდა. 18 კმ. გზა, ბულდოზერები, რომლებიც იმ წელს გზაზე მუშაობდნენ. ერთი ხიდი სავალალო მდგომარეობაში იყო და საკმაოდ სახიფათო იყო მასზე ავტომობილების მოძრაობა. ჩვენ ის ხიდი შევაკეთეთ, მეორე წელს მეორე ხიდი ავაშენეთ საბადოსთან უფრო ახლოს, თუმცა ამ სამუშაოების დაწყებიდან მეორე წელს უკვე აქტიური გეოლოგიური კვლევები დავიწყეთ. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარე. მარტო ერთ სამუშაო სეზონზე 7 ათას 500 სინჯი, მათი აქ დამუშავება, მათი გადაგზავნა კანადაში ლაბორატორიული კვლევებისათვის, რადგან გვინდოდა მაქსიმალურად ზუსტი შედეგები მიგვეღო და ა.შ. ანთიმონითი საკმაოდ იშვიათი ელემენტია და არ არის ბევრი ლაბორატორია, რომლსაც ამ ელემენტზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

- რადგან სამთო მოპოვება ზოგადად, ხანგრძლივ ბიზნესეფექტზეა გათვლილი და მისი პროგნოზირება საკმაოდ რთულია, ალბათ რისკებიც მაღალია. არსებობს რაიმე რისკების დამზღვევი შესაძლებლობა, რომ ორი-სამი წლის შემდეგ თქვენ უკვე კონკრეტულად დაიწყებთ ამ მადნის მოპოვებას და დადგება დღის წესრიგში მისი რეალიზების დრო? იქნება მასზე მოთხოვნა?

- რეალიზების კუთხით პრობლემას აბსოლუტურად ვერ ვხედავთ. ეს იშვიათი მეტალია და მას თავისი მყიდველი ყოველთვის ყავს. მეორე საკითხია, რა ფასად. ეს ის მომენტია, როდესაც კერძო სექტორი, ვგულისხმობ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ მსგავს სამუშაოს, ნაკლებად აკონტროლებენ ფასს. ფასის ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს ერთ დღეს წარმატებული კომპანიის სამუშაოების აბსოლუტურად შეჩერება. ის კომპანიები, რომლებიც ოქროზე ან პოლიმეტალებზე იყვნენ აქცენტირებული, დღეს საკმაოდ პრობლემურ მდგომარეობაში არიან. მსოფლიო ბიზნეს რეალობას რომ შევხედოთ, ამ სექტორში მომუშავე კომპანიების უდიდესი ნაწილი ან კოტრდება, ან შეჩერებულია, ან დიდი გადათამაშებები მიდის მოთამაშეებს შორის. ოქროს ფასი ისე დავარდა, რომ ბევრისთვის ეკონომიკურად გამართლებული აღარ არის ოქრო მოიპოვოს იმ ხარჯების გაწევით, რომელსაც ის ახორციელებდა. იგივე არის ანიმონითთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, დაახლოებით რა დაჯდება ანთიმონითის მოპოვება. ეს თანხა ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ მასზე ფასი ქვემოთ ჩამოვარდა, ფიზიკურად ვერ იქნება კომპანია მომგებიანი, შესაბამისად, არის იმის საშიშროება, რომ სამუშაოები შეჩერდეს. თუმცა, დღესდღეობით საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებთ ამას, ფასი ძალიან დასტაბილურდა და გვაქვს იმედი, რომ ქვემოთ აღარ დაეცემა, გამოსწორდება სიტუაცია.

- რამდენი ათასი ტონა ასეთი მინერალის მოპოვების შესაძლებლობა არსებობს ამ კონკრეტულ საბადოზე და არის თუ არა შანსი, რომ ასეთი დეპოზიტების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს?

- მარტივად რომ ავხსნა, დაახლოებით 60 გამადნებული ძარღვია, აქედან დაახლოებით 16-ია შესწავლილი. მარაგებია დაახლოებით 16 ძარღვზე. პოტენციალი საკმაოდ დიდია თუმცა ეს საჭიროებს კვლევებს. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად მალე შევძლოთ მოპოვებაზე გასვლა, წარმოების დაწყება, რადგან დავამტკიცოთ, რომ საბადო ეკონომიკურად წარმატებული იქნება და პარალელურად ვიფიქროთ იმაზე, რომ უფრო სიღრმეებში შევიდეთ. ჩვენ ვიცით, საქართველოში რაჭის საბადოს გარდა, არსებობს კიდევ ორი ადგილი, სადაც ანთიმონითის საბადო შეიძლება განვითარდეს.

- თქვენ თქვით, რომ საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიცია უკავია ამ მინერალის მოპოვების შესაძლებლობის თვალსაზრისით მსოფლიო რუკაზე. მაგრამ ხომ შესაძლებელია, ვიდრე თქვენ დაიწყებთ მოპოვებას, კიდევ მოხდეს ახალი საბადოების აღმოჩენა სხვადასხვა ქვეყნებში და კონკურენცია ამ ბაზარზე კიდევ უფრო გამძაფრდეს?

- შესაძლებელია. თუმცა, ჯერჯერობით ამის დიდი პერსპექტივები არ ჩანს. როდესაც ვსაუბრობთ ანთიმონითის ბაზარზე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მსოფლიო მიწოდების, დაახლოებით 85% ჩინეთის ხარჯზეა, რაც ბუნებრივ მონოპოლიაზე მეტყველებს. ამიტომ ყველა, პატარა საბადოც კი ჩინეთის გარეთ, საინტერესო ხდება ყველა მოთამაშისთვის. მით უმეტეს ევროპაში, ვინც არიან საბოლოო მომხმარებლები, მათთვის უფრო საინტერესოა საქართველოსთან თანამშრომლობა, ვიდრე მხოლოდ ჩინეთზე იყოს დამოკიდებული, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ დროს შეცვალოს თამაშის წესები.

- ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რა იქნება ჩინეთთან შედარებით?

- ძალიან რთულია ნებისმიერმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა მოთამაშეებმა - რუსეთმა, სამხრეთ აფრიკამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა - კონკურენცია გაუწიონ ჩინეთს. 85% ის მაჩვენებლია, რომლის რამენაირად შესუსტება რთულია. ერთი ძალიან დიდი პლუსი, ასე ვთქვათ, რაც სხვა მოთამაშეებს გვაქვს, არის ის, რომ როგორც ცნობილია, ჩინეთის ყველაზე დიდი საბადო, რომელზეც მარაგების ნახევარი დგას, ძალიან მალე იწურება. დაახლოებით 4-5 წელიწადში ნავარაუდევია, რომ მარაგები ამოწურული იქნება და ალტერნატიულ გზებს ეძებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იშვიათი მეტალი კიდევ უფრო იშვიათი გახდება. ეს გამოიწვევს ფასის ზრდას და ჩინეთი ისეთი ძლიერი მოთამაშე აღარ იქნება. თუმცა მოწინავე პოზიციებს შეინარჩუნებს.  

- რა თანხა გაქვთ ამ ეტაპზე დახარჯული და როგორ ფიქრობთ, მაღაროს სრულად ამუშავების შემთხვევაში, რა მოგებაზე შეიძლება გასვლა?

- დახარჯულია დაახლოებით 3-4 მილიონი, აქედან ერთი მილიონი ლარი არის ლიცენზიის მოპოვებაზე დახარჯული, რომელიც შემდეგ მოსაკრებელში ჩაითვლება. დანარჩენი უკვე, უშუალოდ, სამუშაოებში. რაც უფრო ვითარდება პროექტი, მით უფრო იზრდება ხარჯები და გაცილებით მეტი იქნება დანახარჯი, რაც უფრო მივიუახლოვდებით წარმოებას.

- როდის დავიწყებთ წარმოებას?

- დიდი სურვილი გვაქვს, რომ წელს სატესტო წარმოება მოვახერხოთ. ვფიქრობთ, რომ უკვე მზად ვართ. ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება ეს, რაც პირველ რიგში, იმის საწინდარია, რომ უკვე მომავალი წლისთვის იმედია წარმოებაზე გავალთ. ეს პირველ რიგში, მახარებს იმიტომ, რომ დღეს თუ 30-მდე ადამიანი მყავს დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობიდან, სატესტო წარმოების შემთხევაში მინიმუმ გაორმაგდება და სრული წარმოების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაიზრდება თანამშრომელთა რაოდენობა. რაც იგრძნობა იმ რეგიონში, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია საქართველოში - ზემო რაჭის რეგიონი.

- 30 ადგილობრივი გყავთ დასაქმებული. თუმცა მაღარო მათი სახლიდან გარკვეული მანძილის მოშორებით მდებარეობს. არის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები, რომ ადამიანებმა სრულფასოვნად შეძლონ ცხოვრება, არსებობა და მუშაობაც.

- რა თქმა უნდა. პატარა ბანაკი ავაშენეთ. არის ხის კოტეჯები, სრული კომფორტი გვაქვს შექმნილი ამ კუთხით, ცივი, ცხელი წყალი 24 საათით, ტელევიზია, პატარა ჰესი ჩავდგით, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომ კომპიუტერებმა, პრინტერებმა იმუშაოს. რა თქმა უნდა, არის მანქანები. სოფლიდან 18 კილომეტრია და ფეხით რომ არ იარონ. ან საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ემსახურება. ასე რომ, პირობები ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს, რაც კი საქართველოში არსებობს.

- არ გიჭირთ თბილისიდან რაჭაში საქმიანობის მართვა?

- ადვილი არ არის. მაგრამ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს შეკრებილი, რომლებსაც ძალიან ვენდობი. აქ არ არის საუბარი მარტო თბილისდან წასულ ბიჭებზე, რომლებიც იქ მუშაობენ, არამედ ადგილობრივ თანამშრომლებზე, რომლებიც ძალიან გვერდში გვიდგანან. ვენდობით. თუ ამბობენ, რომ ისინი რაღაცას გააკეთებენ, ვიცით, რომ გააკეთებენ უბადლოდ, რაც ძალიან გვიადვილებს ამ კუთხით საქმეს.

- თქვენ არ გითქვამთ, რამდენის მოპოვების პერსპექტივა არსებობს ამ ბიზნესით?

- ჯერ ზუსტად არ ვიცით, მარტივად რომ გადავთვალოთ ის მარაგები რაც ცნობილია, დაახლოებით 400-500 მილიონი ლარის არის.

- დღეს როგორია ერთი ტონა ანთიმონითის საბაზრო ფასი?

- დაახლოებით, 6200- 6300 დოლარი ტონა.

- არსებობს შანსი, რომ გაიზარდოს ან შემცირდეს მისი ფასი?

- აუცილებლად გაიზრდება. ჩვენ არ აღგვინიშნავს, რომ ანთიმონითი არის პირველადი პროდუქტი, მაგრამ მეორადი პროდუქტი არის ოქრო, რომელიც ასევე მოყვება ანთიმონითს. წელს და მომავალ წელს ვგეგმავთ უკვე დეტალურ კვლევებს ოქროზე, რათა ვიცოდეთ, რა სურათი არსებობს ოქროზე. ოქროს შემცველობა ძალიან მაღალია, მაგრამ რამდენად ეკონომიკურად გამართლებულია მისი მოპოვება, ამას უკვე შესაბამისი დასკვნები დადებენ.

- თქვენი ბიზნესური თავგადასავალი ზღაპარივით ჟღერს, რომლის ბოლოსაც არის დიდი განძის მოპოვების შესაძლებლობა. ეს ყველაფერია, რისგანაც თქვენი ბიზნესური პორტფელი შედგება (საკონსულტაციო კომპანია და Caucasus Minerals), თუ არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენთვის უცნობია?

- ერთი ძალიან საინტერესო პროექტია, რომელზეც ვმუშაობთ. 2011 წელს დავაარსეთ ”საქართველოს დირექტორთა ინსტიუტუტი”, რომლებიც მუშაობს კორპორაციული მართვისა და კორპორაციული სამართლის საკითხებზე. ეს მოიცავს კომპანიებთან მუშაობას, რათა საერთაშორისო კორპორაციული მართვის სტანდარტები დავნერგოთ მათთან და უფრო მიმზიდველები გავხდოთ ინვესტორებისთვის მათთან თანამშრომლობა. ძალიან საინტერესო კომპანიები გვყავს. ბოლო მაგალითს გეტყვით. ”ჯორჯიან როუდ გრუპთან” დაახლოებით 8 თვეა ვთანამშრომლობთ. ეს მოიცავს მთელი კომპანიის შესწავლას, მათზე რეკომენდაციების მიცემას, მერე დახმარებას, თუ როგორ განახორციელონ რეკომენდაციები. მთავარია აქციონერებისა და მმართველი გუნდის მომზადება, განახორციელონ ეს ცვლილებები. რაც საკმაოდ იშვიათია საქართველოში, მაგრამ არიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ დაჟინება და სურვილი, ეს განახორციელონ. ”საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტი” ბევრ საინტერესო რაღაცას გეგმავს საქართველოში და, იმედია, დავეხმარებით ჩვენს ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის ამაღლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას.

იხილეთ გადაცემის სრული ვერსია