26 წლის ფერმერის თევზის მეურნეობა სართიჭალაში

,,ბიზნესპრესნიუსი“ კიდევ ერთ ახალგაზრდა მეწარმეს გაგაცნობთ. პაპუნა კოხტაშვილი 26 წლის ფერმერია. მას თბილისიდან 30 კილომეტრში, სოფელ სართიჭალაში თევზის მეურნეობა აქვს მოწყობილი. ლიფსიტების გაზრდიდან თევზის დისტრიბუციამდე, ყველა რგოლს თავად უძღვება. პაპუნა კოხტაშვილს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დღეს უკვე თავდაჯერებულად შეუძლია საუბარი თევზის მრეწველობაზე. სულ რაღაც სამი წლის წინ კი, ის ჯერ კიდევ თეორიული ცოდნის შეძენისა და ინფორმაციის ძიების პროცესში იყო. მაშინ ფერმერი ბიზნესიდეის განხორციელებას იწყებდა. დასაწყისი ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქვეყანაში ცოდნის გამზიარებელი სანთლით საძებარია.

გამოცდილების ნაკლებობა - მთავარი სირთულე, რომლის გადალახვაც პაპუნამ პირად გამოწვევად მიიღო, დაძლეულია. პრაქტიკული ცოდნა კი თეორიულით გამყარებული.

ფერმერის განმარტებით, მისი თევზის მეურნეობა ტიპიურისგან განსხვავებულია და აკვაკულტურის სისტემის დანერგვასა და სივრცის ოპტიმალურად გამოყენებას გულისხმობს.

სართიჭალაში საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, 300 კვ.მ დახურული ტიპის სათევზე მეურნეობას უჭირავს. პირველი სამუშაოები აქ სამი წლის წინ დაიწყო. სისტემაში 80 ტონამდე თევზის გაზრდაა შესაძლებელი.

,,ამ ეტაპზე 20 ტონამდე რაოდენობის თევზი გვყავს. ლიფსიტების პირველადი იმპორტი ევროპიდან განვახორციელეთ. დასაწყისში ჰოლანდიიდან ორი სახეობის თევზი ჩამოვიყვანეთ. ორივე უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. თუმცა, გარეგნულად არც ისე მიმზიდველია. ლოქო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თევზია, მისგან სტეიკები, ბურგერები და სხვა კერძები მზადდება, თუმცა ქართველი მომხამრებელი მიჩვეულია მხოლოდ ლოქოს ქინძმარში, რაც ძალიან დასანანია“, - აღნიშნავს ფერმერი, რომელიც თევზის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ცნობადობის ნაკლებობას და ამ პროდუქტის მოხმარების სიმცირეს ასახელებს.

პაპუნა კოხტაშვილის თქმით, სფერო ძალიან განუვითარებელია. საერთაშორისო ორგანიზაციის FAO-ს კვლევებზე დაყრდნობით, ფერმერი აცხადებს, რომ საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 8 კილოგრამ თევზს მოიხმარს. მსოფლიო ჯანდაცვის ოფიციალური მონაცემებით კი, თევზის მოხმარების რაოდენობა 33 კილოგრამს უნდა აღწევდეს.

ცნობადობის ნაკლებობის გარდა, ფერმერი ინდუსტრიის ერთ-ერთ გამოწვევად იმპორტირებული საქონელის მასშტაბებს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში წელიწადში თევზის მოხმარების საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი იმპორტირებულზე მოდის. პაპუნა კოხტაშვილი თევზის ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო ხელშეწყობის პროგრამების აუცილებლობაზე საუბრობს.

ფერმერი აღნიშნავს, რომ თევზის მრეწველობა სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა და ამ სისტემის ოპტიმალური მართვისთვის შესაბამისი უნარებია აუცილებელი.

,,ავირჩიე მეურნეობის ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე რთული მოდელი. ეს ჩემთვის მოულოდნელად დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. რადგან ამ სფეროში გამოცდილი ადამიანი ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა ჩემი პირადი გამოწვევა. თავად გავიარე რთული ნაბიჯები. ბევრი იმედგაცრუების, შეცდომისა და წარუმატებლობის შემდეგ შედეგი დადგა. დღეს თევზებისთვის იდეალური გარემო გვაქვს შექმნილი. მექანიკურ-ბიოლოგიური ფილტრებით აღჭურვილ აუზებში ჩვენ შეგვიძლია დაავადებათა მონიტორინგი, წყლის ტემპერატურის კონტროლი. ეს ყველაფერი კი თევზის მაღალ ხარისხს განაპირობებს”, - აღნიშნავს პაპუნა კოხტაშვილი.

"იუთუბის", სოციალური ქსელისა და ევროპელ ექსპერტებთან მიმოწერის წყალობით, პაპუნა დღეს თევზის გამართულ მეურნეობას ხელმძღვანელობს.

მომავალში დელიკატესად მიჩნეული ,,წითელკუდა ლოქოსა” და სხვა სახეობის თევზების გამრავლებასაც აპირებს. ფიქრობს, რომ დადგა დრო, როცა თევზის მრავალფეროვნებას ქართული ბაზარი და მომხმარებელიც უნდა მიეჩვიოს.

,,მსოფლიოში 50-მდე სახეობის ლოქოა. საქართველოში მომხმარებელს მათზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მაგალითად, ორაგულს ქართულ ბაზარზე დასამკვიდრებად 6 წელი დასჭირდა. იგივე პროცესს გავდივართ ჩვენც. უნდა ითქვას, რომ ქართული ბაზარი ახალი პროდუქტების მიღების კუთხით პასიურია”, - აღნიშნავს პაპუნა კოხტაშვილი.

შპს ,,ლოქო” დიდ სუპერმარკეტებთან და რესტორნებთან თანამშრომლობს. ,,ლოქოს” ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში თევზის პროდუქტების ხაზი ძალიან ღარიბია და ახალი კერძების დანერგვისას მზარეულებმა მეტი თავისუფლება უნდა გამოიჩინონ.

პაპუნა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ფლობს. ამბობს, რომ თევზის ინდუსტრიის სფეროში დაგროვებული ცოდნა წმინდა პრაქტიკული გამოცდილებით მოვიდა. ყოველდღიურად განვითარებასა და მეურნეობის განახლებაზე მუშაობს. მომავალ გეგმებსაც თევზის მრეწველობას უკავშირებს.

ქრისტინე გამთენაძე