ქართველი დიზაინერის ბრენდები, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს

,,საქართველოს მომავალს მეცნიერების განვითარებაში ვხედავ, სხვანაირად ეს ქვეყანა განწირულია”

საქართველოში პროდუქციის შექმნა, მისი საერთაშორისო ბაზრებზე გატანა, სახელის მოხვეჭა და შემდეგ ბრენდად ქცევა ნამდვილად იშვიათი მოვლენაა. იშვიათად თუ ნახავთ ისეთ ქართულ პროდუქტს, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს. ზვიად ციკოლია კი სწორედ ისეთ დიზაინს ქმნის, რომელიც პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საათები – UNIQ, Tsikolia 7, ჯავშანტრანსპორტიორები – ,,დიდგორი”, ,,ლაზიკა”, ესენი იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა და მსოფლიოში საკმაო პოპულარობა მოიხვეჭა.,,ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ ინტერვიუს სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან.

– UNIQ, Tsikolia 7, – ეს საათის იმ მოდელების მცირე ჩამონათვალია, რომელიც თქვენს სახელთან ასოცირდება. როდის დაიწყო თქვენი საათების ისტორიის ათვლა, ამჟამად რომელი საათების მოდელებს ქმნით და სად ხდება მათი დამზადება?

– ამჟამად ჩემი დიზაინით შექმნილი საათის რამდენიმე მოდელი იყიდება, როგორც ქართულ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საერთაშორისო ბაზრებზე. ესენია ცნობილი მოდელი TSIKOLIA 7, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს და განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში; ასევე UNIQ – საკმაოდ წარმატებული ბრენდი და ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილი მოდელი, რომლის განახლებასაც ვგეგმავ. უახლოეს მომავალში, გაყიდვაში ჩაეშვება ლეგენდარული ავია-ინჟინერის, ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი თვითმფინავის P-47-სადმი მიძღვნილი მოდელი, განახლებული დიზაინითა და მრავალფეროვანი არჩევანით.

მთავარი სიახლე კი რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ეხება ცნობილი ბრენდი RONIUS punctua -სთვის შექნილ დიზანს, რომლის მიხედვითაც დამზადდება ბიუჯეტურ სეგმენტზე გათვლილი საათები და მათი ფასი 100 დოლარის ქვემოთ იქნება. თანამედროვე დიზაინის მქონე აქსესუარი დაბალ ფასთან ერთად უმაღლესი ხარისხით და არჩევანის ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა.

რაც შეეხება დამზადების ადგილს, დიზაინი იქმნება ყველგან. ახალი მოდელების ვიზუალური მხარის მოფიქრება უწყვეტი პროცესია. უშუალოდ საათების აწყობის პროცესი შვეიცარიაში მიმდინარეობს ,,რონდას” მიერ. ეს არის დამოუკიდებელი შვეიცარული კომპანია, რომელიც გამორჩევა სტაბილურობით და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვებით. სწორედ ,,რონდა” ამზადებს ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორცაა ,,შინოლა”. ჩემი საათების სერთიფიცირებასაც სწორედ ეს კომპანია ახდენს.

– რამდენად აქტიურად იყიდება თქვენს მიერ შექმნილი ქართული საათები ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, არის თუ არა დაინტერესება უცხოელების მხრიდან და რაზე უფრო მეტად აკეთებთ აქცენტს, ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე?

– მე არასდროს არ ვყოფილვარ ტიპიური ბიზნესმენი, პირველ რიგში ვიყავი და დღემდე ვრჩები დიზაინერად. თუმცა, მიწევს საქმიანობა ბიზნესშიც. ჩემი წარმოდგენები არასდროს არ ყოფილა შეზღუდული და აქცენტს მხოლოდ ქართულ ბაზარზე არასდროს ვაკეთებდი. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო უცხოური ბაზრის ექსპანსია და დღემდე ვცდილობ უცხოეთში დავამკვიდრო ქართული სახელი და საქართველოს სახელი გავიტანო საერთაშორისო დონეზე ისე, როგორც უცხოური ბრენდები იპყრობენ ქართულ ბაზარს.

არასდროს არ მაწუხებდა ქართველი ბიზნესმენებისთვის დამახასიათებელი მიზანი – ,,მხოლოდ საქართველოში გავყიდი”. ფოკუსირებას მუდამ საერთაშორისო ბაზარის ათვისებაზე ვაკეთებდი.

ქართულ ბაზარზე აქტიური მუშაობა ერთი წლის წინ, ჩემი პირადი სურვილით დავიწყეთ, რაც, ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანაში შვეიცარული ბრენდები საკმაოდ აქტიურად იყიდება და მომხმარებელს არ ესმოდა, თუ რატომ უნდა შეიძინო შვეიცარიაში დამზადებული ქართული ბრენდი. თუმცა, დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში არსებობს საკმაოდ დიდი ინტერესი ჩემი პროდუქციის მიმართ.

– რითია გამორჩეული ციკოლიას ბრენდის საათები, რა არის მისი უპირატესობა, რატომ უნდა ავირჩიოთ ის და ქართულ ბაზარზე სად იყიდება ისინი?

– საათების შექმნის იდეა წამოვიდა მაშინ, როდესაც მე ვნახე, თუ როგორ შექმნა ,,პარმიჯიანიმ” ,,ბუგატის” საათი, რომლის ღირებულებაც 250 ათასი ევრო გახლდათ. ეს ის თანხაა, რომელსაც ვერც მე და ვერც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ გაწვდება, მიუხედავად უნიკალური აქსესუარის ქონის დიდი სურვილისა. შესაბამისად, მე გადავწყვიტე შემექმნა უნიკალური დიზაინის მქონე საათი, რომელიც საშუალო ფენისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

მართალია ჯერ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ შევქმნათ ექსკლუზიური მექნანიზმი და ჩემი საათები ამ ეტაპზე სტადარტულ მექანიზმზე ფუნქციონირებს, თუმცა, ყველა მოდელს აქვს თავისი ლეგენდა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშანი, დეტალი, რომელიც ატარებს ,,დნმ”-ს და საათის მფლობელს უდიდეს ემოციას გვრის. ყოველი ახალი მოდელის შექმნისას ჩვენ ვინარჩუნებთ უნიკალურობას.

გარდა ამისა, უდიდესი ყურადღება ექცევა შეფუთვას. შვეიცარული ბრედნები კი ერთფეროვანი ყუთებით გამოირჩევიან, მასიურ წარმოებაში დიდი ყურადღება ექცევა პროდუქციის გაიაფებას, აქედან გამომდინარე უნიფიცირებას აქვს დათმობილი საკმაოდ დიდი ადგილი. უნიციფირება აიაფებს წარმოებას, თუმცა გაკარგინებს სახეს. მე კი ვარ დიზაინერი და ჩემი სურვილია, რომ უნიკალური ვიზუალი არა მხოლოდ საათს, არამედ მის შეფუთვასაც ჰქნდეს. თუ თქვენ დაათვალიერებთ ჩემი საათების განხილვას ფორუმებზე, სწორედ შეფუთვის უნიკალურობას ენიჭება დიდი ყურადღება.

მაშასადამე, ხარისხი შეესაბამება მაღალი დონის შვეიცარულ ბრენდებს. მეტსაც გეტყვით, ბევრ მრავალსაუკუნოვან შვეიცარულ ბრენდებზე მაღალი ხარისხის პროდუქციას წარმოადგენს ციკოლიას საათები და ფასიც უფრო დაბალია.

ჩემი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ,,ართ თაიმი” და მხოლოდ მათ ქსელში იყიდება ციკოლიას საათები. თუმცა, ფუნქციონირებს ვებ-გვერდი tsikoliawatches.com საიდანაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, და რასაკვირველია, საქართველოდანაც არის პროდუქციის შეძენა შესაძლებელი.

– გარდა საათებისა, თქვენს მიერაა შექმნილი ქართული კომპანია ,,დელტას” საბრძოლო ტექნიკის რამდენიმე მოდელიც, რომელი მოდელებია ისინი?

– ჩემი დიზაინით არის შექმნილი ,,დიდგორი” და ,,ლაზიკა”. ასევე ჩართული ვარ რამდენიმე პროექტში, რომელიც შეიქმნა და კიდევ შეიქმნება ,,დელტაში”. ,,დიდგორის” წარმატება უკვე საყოველთაოდ ცნობილია. ეს იყო პირველი სამხედრო პროექტი, რომელიც გავიდა ექსპორტზე და რამდენიმე ათეული მილიონი მოუტანა საქართველოს.

– დიზაინის შესაქმნელად გიმუშავიათ არაერთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიასთან, თუმცა, რამდენად ხშირად გქონიათ საქმიანი ურთიერთობა ქართულ კომპანიებთან, როგორ შეაფასებდით დიზაინთან დაკავშირებით მათ მიდგომას?

– ამ შემთვევაში, გამოვყოფდი ,,დელტას”, ისინი უცხოური სტანდარტებით მუშაობენ და იციან დიზაინის ფასი და დანიშნულება. შესაბამისად, ჩემი საქმიანობისას ხელ-ფეხი სრულიად მქონდა გახსნილი.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, რამდენადაც უხეშად არ უნდა ჟღერდეს, ქართული კომპანიების 99%-ს საერთოდ არ ესმით და არ იციან დიზაინი რა არის. ჰგონიათ, რომ ეს არის ერთ-ერთი სავალდებულო რგოლი და მეტი დატვირთვა არ აქვს. საბოლოო ჯამში რა დივიდენდების მომტანია დიზაინი და რამდენად შეიძლება აზარალოს კომპანია ცუდმა დიზაინმა, ამის გაგებაში არ არიან.

ისინი არ მუშაობენ იმაზე, რომ გაცდნენ ლოკალურ ფარგლებს და მაქსიმალურად აითვისონ უცხოური ბაზრები. ქართული ბაზარი კი ძალიან შეზღუდულია და როგორც მიმწოდებლის, ასევე მომხმარებლის მრავალფეროვნება არის ძალიან დაბალი. ლოკალური მყიდველის უმეტესობის მოთხოვნილება ერთფეროვანია, რამაც განაპირობა დიზაინის როგორც ფუფუნების სფეროს, ჩამოყალიბება.

ჩვენთან არ ხდება მომხმარებლი გაზრდა, პირიქით, კომპანიები დადიან მომხმარებლის დონემდე. იმ მომხმარებლის დონემდე, რომელსაც არ აქვს მოთხოვნილება მიიღოს მაღალი დონის პროდუქცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლის დონე არ გაიზრდება თუ შენ არ შესთავაზე სიახლე.

დიზაინი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას იწყებს დიდი კონკურენციის პირობებში, ხოლო პატარა მასშტაბის სივრცეში პროდუქციის დიზაინის მიუხედავად, მაინც აღწევს გაყიდვის რაღაც ნიშნულს. დიზაინი ჭირდებათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ და სურთ შთაბეჭდილება მოახდინონ მყიდველზე. დიზაინი მჭირდება მე, რადგან ჩემი კონკურენტები არიან მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდები და ვფიქრობ, სჭირდება ყველას ვინც თვლის, რომ შესწევს უნარი დაიპყროს საერთაშორისო ბაზრები. ამის ნათელი მაგალითია ,,დელტა“, რომლის წარმატებაში დიდი გავლენა სწორედ დიზაინმა იქონია. სწორედ ინჟინერიის და დიზაინის იდეალურმა შერწყმამ გამოიწვია მისი საერთაშორისო აღიარება.

– ხელისუფლებამ დაიწყო ტექნო პარკების შექმნა და დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების გახორციელება და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა ქვეყნისთვის?

– მე ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და მსგავს პროექტებს ნამდვილად მივესალმები. თუმცა, ეს ტექნო პარკი უნდა იყოს არა ერთი, არამედ ყველა რაიონში უნდა შეიქმნას მსგავსი პარკები. ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაიხსნას ისეთი სასწავლო ცენტრები და საწარმოები, რომლებიც მაქსიმალურად დაეხმარებიან ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში. ასევე, მისასალმებელია, რომ უნივერსიტეტებმა დაიწყეს თანამედროვე ლაბორატორიების შექმნა და იქ ექსპერიმენტების კეთება, ესეც სწორი მიდგომაა. უკვე საკმაოდ დიდი ხანია ამერიკა და პრინციპში ყველა განვითარებული ქვეყანა ასე იქცევა. სწორედ ასეთ ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში იქმნება თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენთან ამის საშუალება საკმაოდ დიდხანს არ იყო და კარგია რომ ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა დაიწყო. მსოფლიო მომავალი არის მეცნიერების. ჩვენ თუ არ შევდგით ფეხი მეცნიერებაში ვერასდროს ვერ განვვითარდებით. სწორედ მეცნიერებაში ვხედავ მე საქართველოს მომავალს, სხვანაირად ეს ქვეყანა განწირულია.

მეცნიერება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოებასთან. ქვეყანამ პირველ რიგში უნდა შექმნას ძლიერი თავდაცვის სისტემა. როდესაც ქვეყანას თავდაცვის სისტემა აქვს ძლიერი და საფრთხე არ ელის, მაშინ უკვე მომავალზე იწყებს ფიქრს და ეკონომიკაც სტაბილურად ვითარდება.

ამავდროულად, სწორედ წარმატებული მეცნიერები უწყობენ ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ისინი აწყობენ ისეთ ტექნიკას, რომლისგან იქმნება სოფლის მეურნეობის პროდუქცია. მედიცინაშიც სწორედ ძლიერი მეცნიერები არიან საჭირო.

რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დანარჩენზე, როგორც ვხედავთ, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხები – თავდაცვა, სოფლის მეურნეობა და მედიცინა პირდაპირ არის დამოკიდებული მეცნიერების განვითარებასთან. რომ არ განვითარებულიყო მეცნიერება, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საფოსტო მტრედების დონეზე.

– რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ საქართველომაც აუწყოს ფეხი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელი?

– პირველ რიგში უნდა იყოს ხელისუფლების ნება. ვინმე უნდა გამოჩნდეს ქვეყნის მმართველებიდან, ვინც იტყვის, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ მაღალტენოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნების სიაში. უნდა იყოს მეტი გახსნილი გონება, უფრო შორსმჭვრეტი ტვინები. უნდა გაუმჯობესდეს საკანონმდებლო ბაზა. დღევანდელი კანონმდებლობით მე თანამედროვე საწარმოს ვერ ჩამოვიტან, ვინაიდან ამ ყველაფერს თან სდევს საკმაოდ მაღალი გადასახადები, როგორც ჩამოტანისას ასევე ჩამოტანის შემდეგ. არსებობს უამრავი ბარიერი. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ძლიერი წარმოება გვქონდეს, ამისთვის უნდა შევქმნათ გამართული საგადასახადო კოდექსი. ხელისუფლებამ უნდა მისცეს მეწარმეს და ინვესტორს იმის საშუალება, რომ მათ იაფად აწარმოონ პროდუქცია და კონკურენცია გაუწიონ სხვა უცხოურ ბრენდებს.

მთავარია შესაბამისი ნება და ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. არავის არ სჯეროდა, რომ ქართველებს შეგვეძლო ისეთი ჯავშანტექნიკის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ამერიკის პროდუქციასაც კი.

– ინდივიდუალურად თუ სხვადასხვა წამყვან კომპანიებთან ერთად უამრავი პროექტი განახორციელეთ, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა და რას ურჩევდით მომავალ თაობას?

– მომავალ თაობას ვურჩევდი, რომ იაზროვნონ გაცილებით თავისუფლად და შეცვალონ მასშტაბები. მათ დღესვე უნდა დაიწყონ იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაყიდიან მარსზე პროდუქციას 2020 წელს და არა იმაზე, თუ როგორ გახსნან თავიანთ უბანში სახინკლე.

დღევანდელი თაობა ჩვენს თაობაზე უკეთესია, ისინი უფრო პრაგმატულები არიან, ბევრად უფრო ერგებიან თანამედროვეობას. მათ უნდა შეცვალონ მსოფლმხედველობა და გავიდნენ სხვა მასშტაბებზე, მით უფრო, რომ დღეს ფაქტიურად აღარ არის საზღვრები, სულ მალე უვიზო მიმოსვლაც ექნება ქვეყანას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა.

წარმატების ფორმულა არის მეტი თავისუფლება და არანაირი შიში ნაბიჯის გადადგმისას. არანაირი შიში შეცდომების მიმართ, ვინაიდან შეცდომაც გარკვეული შედეგია, უკვე იცი, რომ მსგავსი ნაბიჯი აღარ უნდა გადადგა.

– და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ უახლოეს პერიოდში?

– მე მუდმივად მაქვს გეგმები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ჩემს ქვეყანასთან მინდა, რომ საქართველოში გავაკეთო კიდევ მრავალი რამ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუკი ხელისუფლება ხელს შემიწყობს, ხომ კარგი და თუ ასე არ მოხდა, მაშინ შევეცდები სხვა გზები მოვძებნო ჩემი იდეების განსახორციელებლად. სამწუხაროდ, დღევანდელ სიტუაციაში მარტო ვარ. არადა, სათანადო მხარდაჭერა რომ იყოს, მე და ჩემი გუნდი შევძლებთ იმას, რომ შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც მსოფლიო სტანდარტების დონის იქნება. ამაში ახალგაზრდებიც მიიღებენ მონაწილეობას და მათაც დავეხმარებით საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში.

ჯერ კიდევ მაქვს ხელშეწყობის იმედი ვინაიდან, ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ერთჯერადი ღონისძიებები, რაზეც საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, მეორე დღეს არავის არ ახსოვს და შედეგიც ვერ მოაქვს.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

"ბანკენი და ფინანსები"