აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა Iphone-ის აპლიკაცია შექმნა

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან გაბრაზებულ გულზე ბევრს გაუგზავნია ისეთი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება, რის გამოც შემდეგ სირცხვილი უგრძვნია.

ახალი აპლიკაცია Privates-ის საშუალებით, მსგავსი მოკლე ტექსტური შეტყობინებების უკან გამოთხოვაა შესაძლებელი.

კერძოდ, აპლიკაციას შეუძლია უკვე გაგზავნილი წერილების წაშლა, მანამ ვიდრე მას მიმღები წაიკითხავს.

თუმცა, ქართველი მკითხველისთვის ამ შემთხვევაში, ყველაზე საინტერესო თავად აპლიკაციის შემქმნელია. Privates-ი ქართველმა ამერიკელმა, დოქტორმა ისააკ (ნიკა) დათიკაშვილმა შექმნა.

ALLNEWS.GE ამ ადამიანით დაინტერესდა. ძიების შედეგად მასთან დაკავშირება შევძელით და ინტერვიუც ჩავწერეთ.

როგორც გავარკვიეთ იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, აქვს სტომატოლოგიური კლინიკა გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის და გარდა იმისა, რომ მან შექმნა ინოვაციური აპლიკაცია, არის წარმატებული ექიმიც.

ისააკ, იგივე ნიკა დათიკაშვილი წარმოშობით ქართველია, თუმცა, საქართველოში ნამყოფი არ არის.

"ჩემი მშობლები თბილისში გაიზარდნენ, აშშ-ში კი 1964 წელს გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მას შემდეგ აქ ცხოვრობენ. მე 1978 წელს დავიბადე ფილადელფიაში, სადაც მივიღე უმაღლესი განათლება. სწავლის დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე მუშაობა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. ნიუ-იორკში კი 11 წელია გადმოვედი. მყავს და. ისიც აქ დაიბადა და აქ ცხოვრობს, ჩემი დაც ექიმია, იგი ფარმაცევტია.

"საქართველოში მყავს ნათესავები, მაგრამ მათ ახლოს არ ვიცნობ. არ ვარ ნამყოფი საქართველოში, ძალიან მინდა ჩამოვიდე და კარგი ხაჭაპური ვჭამო. ჩემი ბაბუები და ბებიები აქ რომ ჩამოდიოდნენ, სულ მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ლამაზი ქალაქია თბილისი. მშობლებს ძალიან უნდათ დაბრუნება, მაგრამ უკვე დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ, და ვეღარ მოახერხეს ჩამოსვლა", - ამბობს ნიკა დათიკაშვილი.

ინტერნეტში მცირე ძიების შედეგად დავასკვენით, რომ ნიკა დათიკაშვილი საკმაოდ წარმატებული ექიმია, მას ბევრი მადლიერი პაციენტი და სტუდენტი ჰყავს.

"თავიდან ვიყავი უბრალოდ სტომატოლოგი. არ მომწონდა ჩემი პროფესია, ცოტათი მონოტონური იყო, უფრო აქტიური სამსახური მინდოდა, ამიტომაც გადავწყვიტე ნიუ-იორკში 24-საათიანი სტომატოლოგიური კლინიკა გამეხსნა, რომელიც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს მოემსახურებოდა. ამგვარად, ერთმანეთს შევუთავსე სტომატოლოგია და სასწრაფო დახმარება, რისი გამოცდილებაც მქონდა. ამას გარდა, ვარ პროფესორი, ვასწავლი ბავშვებს, როგორ გახდნენ კბილის ექიმები", - აღნიშნა ALLNEWS.GE-სთან საუბრისას ნიკა დათიკაშვილმა.

განაგრძეთ კითხვა

თამთა ჯიჯავაძე