როგორ იქცა ჯარისკაცი წარმატებულ ფერმერად

„მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანას ავღანეთსა და ერაყში ვეღარ გამოვადგებოდი. ამიტომ გადავწყვიტე, ხელი ყველაზე უფრო ქართული საქმისთვის მომეკიდა“.

გიორგი ბოჭორიშვილმა ფერმერული საქმიანობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მანამდე ის საქართველოს სახელით ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში იბრძოდა. 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლის იყო, როცა ჯარში გაიწვიეს და იმავე წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში საბედისწერო ჭრილობა ავღანეთში მიიღო. ამის შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი გერმანიაში გაიარა. იქიდან დაბრუნებულმა კი გადაწყვიტა, წარმატებული მომავლისთვის ბრძოლა იარაღის ნაცვლად, თოხითა და ბარით გაეგრძელებინა.

აქედან იწყება მისი ფერმერული საქმიანობა. გიორგი ბოჭორიშვილი სულით ისევ ჯარისკაცად რჩება. მართალია, მიღებული ჭრილობა სიარულსა და ვარჯიშში დღეს ხელს აღარ უშლის, მაგრამ ამბობს, რომ ომში სისუსტე უპატიებელია და ბრძოლას თავისი მკაცრი წესები აქვს.

,,იქ თუ წახვალ, უნდა იყო ძლიერი და შეგეძლოს ყველა დავალების შესრულება. ვერავის ვაგრძნობინებ, რომ მე დაჭრილი ვარ. იქ სხვას ტვირთად კი არ უნდა დააწვე, უნდა შეეხიდო, ეს კი ჩემთვის სამწუხაროდ, უკვე რთულია“, - აღნიშნავს გიორგი.

სოფელში მუშაობა მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა. ბავშვობიდან იცის მიწასთან ურთიერთობა და ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ მამისეული საქმის გაგრძელებას ენთუზიაზმით შეუდგა. მოჰყავს დიდი რაოდენობით პამიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, 1 ჰექტარ მიწის ფართობზე ვაშლის ბაღები აქვს გაშენებული. ახლო მომავალში მეურნეობის გაზრდასა და გაფართოებასაც აპირებს. მანამდე კი სწავლა პროფესიულ სასწავლებელში დაიწყო. ახალგაზრდა ფერმერს გადაწყვეტილი აქვს მეურნეობის ყველა რგოლი აითვისოს და პირად გამოცდილებას თეორიული ცოდნაც შემატოს.

სულ ახლახან, გიორგი ფერმერთა ასოციაციაში გაერთიანდა. ამბობს, რომ დღეს ბევრი რამ არის ისეთი, რაც მეურნეობის სწორად დაგეგმვაში აუცილებლად გასათვალისწინებელია.

,,იმ რამდენიმე წლის მანძლზე, რაც აქტიურად ვარ ჩართული სოფლის მეურნეობაში, არაერთხელ შემქმნია პრობლემა, რომელიც საკითხის არცოდნითაა სწორედ გამოწვეული. პროდუქტის შეწამვლას, მოყვანას, მის რეალიზაციას შესაბამისი უნარები სჭირდება და მხოლოდ მამაპაპისეული გამოცდილება უკვე საკმარისი აღარ არის“, - ამბობს გიორგი.

ფერმერულ საქმიანობაში მამა და ძმა ეხმარება. ოჯახი მესაქონლეობასაც მისდევს. 30 სული საქონლის მოვლა-პატრონობა გიორგის ძმას აქვს ჩაბარებული.

ახალგაზრდა ფერმერი ძირითად ყურადღებას ვაშლის ბაღებს უთმობს. წელს კარგ მოსავალს არ ელოდება. პირველი ხარისხის ნაცლად მოუწევს მეორეს ან მესამეს დასჯერდეს. მაგრამ იმედი აქვს, რომ პროფესიულ სასწავლებელში მიღებული ცოდნის შემდეგ, დაშვებულ შეცდომებს მარტივად გამოასწორებს.

მომავალ წელს გოლდენის ჯიშის ვაშლის ბაღების გაშენებას აპირებს. წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამართვასაც გეგმავს და ფიქრობს, რომ ამაში სამთავრობო პროგრამებიც დაეხმარება.

ახალი ჯიშის ვაშლისთვის სამაცივრე სისტემის მოწყობა კი მის უახლოეს გეგმებშია.

„უხვი მოსავლის პირობებში რეალიზაციაზე ფიქრი და ნერვიულობა აღარ მომიწევს, მაცივარში პროდუქტს რამდენიმე თვის განმავლობაში შევინახავ და მის სასწრაფოდ გაყიდვაზე აღარ ვიქნები ორიენტირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, მაგალითად დიდი რაოდენობის კომბოსტო გადავყარეთ, ბევრი გავყიდეთ, მაგრამ ნაწილის რეალიზაცია ვეღარ მოხერხდა. საქართველოს ბაზარი ძალიან მცირეა და ეს პრობლემები ყველა დიდ ფერმერულ მეურნეობას შეიძლება შეექმნას“, - აღნიშნავს გიორგი.

დღეს უკვე ახალგაზრდა ფერმერი კრივში საქართველოს ჩემპიონია. მონაწილეობა აქვს მიღებული დაჭრილთა შორის ტურნირებში. წელს კი ფლორიდის შტატში გამართულ "ძლიერთა თამაშებში" მეორე ადგილი დაიკავა. ფერმერული საქმიანობის პარალელურად გიორგი ვარჯიშს დღესაც აგრძელებს. დგას ქვეყნის სადარაჯოზე იქ, სადაც გამოსდის და როგორც შეუძლია.

ქრისტინე გამთენაძე