ცნობილი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს მილიონებს უმალავენ

რამდენიმე დღის წინ ბარსელონას სასამართლომ ფეხბურთის ვარსკვლავი საგადასახადო მაქინაციებში ცნო დამნაშავედ და 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცნობილ სპორტსმენს ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

საგადასახადო კანონმდებლობა მეწარმეების მუდმივი განხილვის თემაა. თითოეული მათგანი, ვინც იცის, როგორ გამოიმუშავოს ფული, ამ საკითხს თავისებურად უდგება. სამწუხაროდ, საგადასახადო კანონდამრღვევებს შორის არიან ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ადამიანებიც.

რობერტ დე ნირო

ნიუ იორკის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ცნობილ მსახიობს სახელმწიფო ხაზინისთვის 6,4 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. რობერტ დე ნირომ აშშ-ის საგადასახადო სამსახურიდან შეტყობინება მიიღო, რომ მის ერთ-ერთ ბინას ყადაღის დადება ემუქრებოდა. მსახიობი ამ ამბავმა ძალზედ გააოცა, რადგაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ სახელმწიფოს ვალი აქვს - მას აქამდე არავითარი შეტყობინება არ მიუღია. როგორც აღმოჩნდა, საგადასახადოს მიერ გამოგზავნილი წერილები მსახიობის ძველ მისამართზე იგზავნებოდა.

ნიკოლას კეიჯი

ნიკოლას კეიჯიც შორს არ წასულა თავისი კოლეგისგან - მას სახელმწიფოს ვალი 7 მილიონი დოლარის ოდენობით დაუგროვდა. 2007 წლიდან კეიჯს აშშ-ის საგადასახადო სამსახურში შემოსავლების არცერთი დეკლარაცია არ შეუვსია. თუმცა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, მსახიობმა ვალის ნაწილი დაფარა 600 ათასი დოლარის ოდენობით. ახლახან, ერთ-ერთ ინტერვიუში "ურჩმა გადამხდელმა" განაცხადა, რომ ვალმა 14 მლნ დოლარს მიაღწია, თუმცა, ნახევარი უკვე გადაიხადა.

პამელა ანდერსონი

წარსულში ცნობილი სექს-სიმბოლო პამელა ანდერსონი, ასევე მოხვდა ურჩ გადამხდელთა სიაში. მისი ვალი 2010 წლისთვის არც ისე დიდ თანხას შეადგენდა - სულ რაღაც 500 ათასი დოლარი.

ლუჩანო პავაროტი

მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს იტალიის ხელისუფლებამ ორჯერ დასდო ბრალი გადასახადების დამალვაში (1999 და 2001 წლებში). პავაროტიმ განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მონტე-კარლოში ცხოვრობდა და არა იტალიაში, ამით ცდილობდა უკანონოდ დაებრუნებინა გადახდილი გადასახადების ნაწილი. თუმცა, მას მაინც მოუხდა 15 მილიონი დოლარის გადახდა, რათა ციხისთვის აერიდებინა თავი.

სოფი ლორენი

არ გაუმართლა ამ საკითხში ლეგენდარულ სოფი ლორენსაც. 1982 წელს გადასახადების დამალვის ბრალდებით მსახიობს 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს იტალიის ციხეში. კარგი საქციელისთვის ვადამდე გაათავისუფლეს, 17 დღეში, თუმცა მას მერე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა იტალიის საგადასახადოს ზეწოლას - მხოლოდ 2013 წელს დაიხურა საქმე სოფი ლორენის წინააღმდეგ.

დიეგო მარადონა

ისევე, როგორც სოფი ლორენსა და ლუჩანო პავაროტის, ლეგენდარულ ფეხბურთელს, დიეგო მარადონასაც ჰქონდა პრობლემები იტალიის საგადასახადო სამსახურთან, რომელიც სპორტსმენს 11 წლის განმავლობაში დასდევდა 25 მლნ დოლარიანი ვალის გამო. ნაწილობრივი კომპენსაციის სახით, მარადონას 2009 წელს 4 000 ევროს ღირებულების საყურე ჩამოართვეს. 2012 წელს გადასახადმა 40 მლნ ევროს მიაღწია, თუმცა მარადონამ განაცხადა, რომ მის ადვოკატს ამის საწინააღმდეგო ყველა მტკიცებულება გააჩნია.

მონსერატ კაბალიე

2010 წელს მსოფლიო ოპერის ლეგენდას 82 წლის ასაკში 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს 500 000 ევროს დავალიანების გამო. მომღერალი ამ განაჩენს დაეთანხმა. სასამართლო სხდომებს ვიდეოკავშირით ესწრებოდა. სასამართლომ გაითვალისწინა კაბალიეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და დართო ნება, შინ დარჩენილიყო. ახლახან, სასამართლომ მომღერლისა და პროკურატურის შორის დადებული გარიგება დაამტკიცა. საგადასახადომ მომღერალს პრეტენზიები წაუყენა, რადგან ის ამტკიცებდა, რომ ცხოვრობს ანდორაში, როდესაც რეალურად ბარსელონაში ცხოვრობდა. 2010 წელს მან 2 მლნ ევრო გამოიმუშავა, თუმცა ესპანეთს საშემოსავლო გადასახადი არ გადაუხადა.

დუდანა ზაქარაია

წყარო: AMBEBI.GE